საზოგადოება „ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ ყოველი დღის ძალას“ - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა 2019, 6 ივლისი, 23:32
ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერი - მწერალი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს არ უცოცხლია, მთელი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ალაპარაკება შეძლო და თავისი ექსტრავაგანტული ცხოვრებითა თუ სარისკო სიტუაციებისადმი ლტოლვით არაერთხელ მიიპყრო ყურადღება.
ის გარდა იმისა, რომ წერდა, იყო პილოტი, ფრანგული აეროდრომის უფროსი ესპანეთის მაროკოში, შემდეგ კი - კომპანია „აეროპოსტა - არგენტინას" საჰაერო ხაზების დირექტორი.
... ანტუანი1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. დიდი ხნის მანძილზე სენტ ეგზიუპერის დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობდა. მხოლოდ 1998 წელს, მარსელთან ახლოს ზღვაში ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «Antoine», «Consuelo» (ასე ერქვა ანტუანის ცოლს) და «c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA» - ეს უკანასკნელი იყო იმ გამომცემლობის მისამართი, რომელშიც გამოიცემოდა სენტ-ეგზიუპერის წიგნები. 2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა ნარჩენები თვითმფრინავისა, რომელიც შესაძლოა სენტ-ეგზიუპერის ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად ეს ვერსია დადასტურდა. თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არ არის ცნობილი. ეგზიუპერმა ნიუ იორკში ცხოვრებისას შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „პატარა უფლისწული" და ალბათ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ეს ნაწარმოები წაკითხული არ ქონდეს და განსაკუთრებით არ უყვარდეს. უაღრესად საინტერესოა ასევე მისი "ლოცვა", რომელიც მწერალმა ცხოვრების მძიმე პერიოდში დაწერა: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა...უფალო, ვითხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს, არამედ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება. მაქციე მე დაკვირვებულად და საზრიანად, რათა ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნება დაეფუძნოს იმ აღმოჩენებს და გამოცდილებას, რაც მე მაღელვებს. მასწავლე მე საკუთარი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მომანიჭე ზუსტი ალღო, რათა გავარჩიო მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვნისგან. მე გთხოვ, მომცე ძალა თავშეკავებისა და ზომები საიმისოდ, რომ ცხოვრებაში არ ვიფარფატო და ვისრიალო, არამედ ჭკვიანურად დავგეგმო დღე, რათა დავინახო მწვერვალები და სიშორეები, და იშვიათად მაინც მომეცეს შესაძლებლობა, დავტკბე ხელოვნებით. დამეხმარე მე, შევიგნო, რომ ოცნებები საშველი არ არის – არც ოცნება წარსულზე, არც მომავალზე. დამეხმარე, ვიყო აქ და ახლა და მივიღო ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი. მიხსენ მე გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეუფერხებლად უნდა იყოს. მომეცი იმის ნათელი შეცნობა, რომ სირთულეები, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობები ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილებია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვჭკვიანდებით. შემახსენე მე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან. მიმავლინე მე საჭირო მომენტში ვინმესთან, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა, მითხრას სიმართლე, მაგრამ თქვას ის სიყვარულით! ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. ასე რომ, მასწავლე მე მოთმინება. შენ იცი, რა ძალიან ვსაჭიროებთ ადამიანები მეგობრობას. ღირსი გამხადე ბედის ამ ულამაზესი და უნაზესი საჩუქრის. მომანიჭე მე მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო მომენტში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, მდუმარებით თუ საუბრით, მივცე ვინმეს აუცილებელი სითბო. მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია მისწვდეს მათ, ვინც ყველაზე „დაბლაა“. დამიცავი მე ცხოვრებაში რამის გამოტოვების შიშისგან. მომანიჭე არა ის, რაც საკუთარი თავისთვის მსურს, არამედ ის, რაც აუცილებლად მჭირდება. მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება. 135 შეფასება არ არის
|