კინო სერგო ზაქარიაძეს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდებოდა - საინტერესო ფაქტები 2019, 1 ივლისი, 12:10 1909 წლის 1 ივლისს ბაქოში დაიბადა ქართული თეატრის და კინოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი სერგო ზაქარიაძე. იგი იყო ერთ-ერთი უიშვიათესი მსახიობი, რომელიც ერთნაირი წარმატებით ასახიერებდა სრულიად განსხვავებულ სახასიათო როლებს. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს "ქართული სცენის ქურუმის" ცხოვრებიდან. ზაქარიაძე და ფეხბურთი - ზესტაფონის გიმნაზიაში სწავლის დროს თამაშობდა ადგილობრივ გუნდში და მისი კაპიტანიც იყო. მოგვიანებით კი თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი გახდა. ფეხბურთის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, სერგო "დინამოს" გადამკვდარი გულშემატკივარი იყო და არც ერთ თამაშს არ აცდენდა. არ უყვარდა ინტერვიუები - სერგო ზაქარიაძე მუდმივად გაურბოდა ჟურნალისტებს და სასტიკად არ უყვარდა ინტერვიუები. ეს იცოდა ჟურნალ "ოგონიოკის" კორესპონდენტმა, ვადიმ სერგეევმა, რომელმაც მოტყუებით ჩაიწერა მსახიობთან ინტერვიუ, მოიპოვა მისი ნდობა და "იარაღად" ისევ ზაქარიაძის თბილისის "დინამოს" უზომო სიყვარული გამოიყენა. არ უყვარდათ კოლეგა მსახიობებს - რუსთაველის თეატრში მისვლისთანავე ლიდერობა ჩაიგდო ხელთ. " სერგო ზაქარიაძის მისვლა რუსთაველის თეატრში საბედისწერო აღმოჩნდა ეროსი მანჯგალაძისთვის... სიყვარულისა და სიკეთისათვის გახსნილმა, უაღრესად ზრდილმა და გულთბილმა ეროსიმ თეატრში მისვლის პირველივე დღეებიდანვე შეიძულა სერგო ზაქარიაძე. თითქმის არ ელაპარაკებოდა, ზურგს აქცევდა, მისთვის უჩვეულო, მკვახე ტონით პასუხობდა (თუკი პასუხობდა). ისე წავიდა ამქვეყნიდან სერგო ზაქარიაძე, რომ ეროსის მასზე გული არ მოჰბრუნებია. სიკეთისათვის შექმნილი ეროსის გულში ამ კაცისადმი დაუძლეველმა სიძულვილმა დაისადგურა"(ნოდარ გურაბანიძე) შემდეგ იყო კონფლიქტი მიხეილ თუმანიშვილთან: "ზაქარიაძემ, ფაქტობრივად, გაწირა დოდო ალექსიძე, რომელიც იძულებული გახდა, უკრაინაში გადახვეწილიყო. მალე სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ამგვარად, მან დაიჭირა არა მარტო ეროსი მანჯგალაძის, არამედ აკაკი ხორავასა და დოდო ალექსიძის კუთვნილი ადგილებიც... ახალგაზრდა თაობა თანდათან განუდგა სერგო ზაქარიაძეს, რასაც იმპულსი მისცა მასსა და მიხეილ თუმანიშვილს შორის გაჩენილმა უთანხმოებამაც."(ნოდარ გურანაბიძე) გაუნაწყენდა ძმაც - რუსთაველის თეატრში „ფიროსმანი” დაიდგა, სადაც მთავარ - ნიკალას როლს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. მის ძმას, ბუხუტი ზაქარიაძეს სპექტაკლში ერთი პატარა როლი ჰქონდა. რეპეტიციისას რეჟისორმა და სერგო ზაქარიაძემ გადაწყვიტეს, რასაც ბუხუტის გმირი ამბობდა, ჯობდა, ნიკალა ფიროსმანს ეთქვა. რეჟისორმა ბუხუტი ზაქარიაძეს როლიდან ის რამდენიმე წინადადება წაართვა და სერგო ზაქარიაძეს ათქმევინა. ბუხუტი ზაქარიაძემ სიკვდილამდე არ დაივიწყა ეს წყენა… ხმასაც არ სცემდა ძმას… სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი - იტალიელი მსახიობი მოსკოვის რიგით IV საერთაშორისო ფესტივალს სტუმრობდა(1965) წელი, სადაც ფესტივალის საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა სოფი ლორენი ფილმისთვის "ქორწინება იტალიურად"(1964), ხოლო მამაკაცის საუკეთესო როლი ერგო სერგო ზაქარიაძეს ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა"(1964). მაშინ წითელი ხალიჩები არ არსებობდა და ფესტივალის ორი საუკეთესო მსახიობის "ფოტოსესია" ძირითად წითელ მოედანზე განხორციელდა. სერგო ზაქარიაძე და საერთაშორისო აღიარება - სერგო ზაქარიაძე ის უიშვიათესი ქართველი მსახიობია, რომელსაც ყველაზე მეტჯერ ეღირსა საერთაშორისო აღიარება, განსაკუთრებით ეს შეეხება ფილმს, "ჯარისკაცის მამა". კინოგმირს ქალაქ გურჯაანში ძეგლი დაუდგეს, ხოლო საბჭოთა პერიოდში მისი სახელი სატვირთო გემს დაარქვეს. თბომავალი "სერგო ზაქარიაძე" 2000-იანი წლების დასაწყისამდე დაცურავდა მსოფლიო ოკეანეებში, სანამ ბრაზილიის სანაპიროსთან მეჩეჩზე არ შეჯდა. გემი იქვე მიატოვეს. დაუვიწყარი კინოროლები -"მე არ მითამაშია როლი, რომელზედაც ღამეები არ მეთენებინოს. და თუ რომელიმე უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი. ამიტომ მიყვარს ყველანი ერთნაირად”-ამბობდა მსახიობი. სიმონა(დარიკო-1936), შადიმან ბარათაშვილი(გიორგი სააკაძე-1942), ფოსტალიონი გიორგი(დღე უკანასკნელი, დღე პირველი-1959)გიორგი მახარაშვილი(ჯარისკაცის მამა-1964) და ლევან ცინცაძე (არ იდარდო-1969) აი ის ძირითადი კარდინალურად განსხვავებული კინოროლები რითაც მსაიხობმა თავი დაგვამახსოვრა. გარდაიცვალა 62 წლის-თეატრში დაპირისპირებამ, გადაღლამ თავისი ქნა, გულზე შეემქნა პრობლემები, ჯანდაცვის სამინისტროს მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოს (ე.წ. „ლეჩკომბინატი) დაწვა და მალევე გარდაიცვალა 1971 წლის 13 აპრილს.დაკრძალულია მთაწმინდაზე. 502 7-ს მოსწონს
|