x
image
ეკა ლაცკა
"ერთადერთი გზა, იყო ბედნიერი, არის ის, რომ მოატყუო საკუთარი თავი" - როგორია ვუდი ალენის ბედნიერების ილუზია
image

ვუდი ალენი

წარმოშობით ებრაელი, ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კომედიანტი, მწერალი და მუსიკოსი, რომლის უამრავმა ნაშრომმა და ორიგინალურმა სტილმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა.

მას 48 წლის განმავლობაში 74 ფილმი აქვს გადაღებული.


შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის არის რეჟისორი, რომელმაც ყველაფერი გადმოატრიალა კინემატოგრაფიაში, უმარავი კითხვის ნიშანი დასვა ფილმების ბოლოს და მაყურებელს მისცა ფიქრისა და დაფიქრების შანსი.

...

ეს კი მისი ინტერვიუა, რომელშიც ბევრ კითხვაზე იპოვით ვუდისეულ არაამომწურავ, თუმცა საინტერესო პასუხებს.

...

ესაუბრა გამოცემა The Talks

თარგმანი: პააატა შამუგია

image

* -ბატონო ალენ, მართლა გჯერათ, რომ ბედნიერება არ არსებობს?

- ეს ჩემი ხედვაა და სულ ასეთი შეხედულება მქონდა ცხოვრებაზე. ულმობელი, პესიმისტური შეხედულება მაქვს. და სულ ასე ვიყავი, ბავშვობიდან მოყოლებული. ის არ გაუარესებულა ასაკის მატების კვალდაკვალ. ვგრძნობ, რომ ეს სასტიკი, მტკივნეული, კოშმარული, უაზრო გამოცდილებაა. ერთადერთი გზა, იყო ბედნიერი, არის ის, რომ მოატყუო საკუთარი თავი.


*-ვშიშობ, ადამიანების უმეტესობა არ დაგეთანხმებათ.

- ჰო, მაგრამ მე არ ვარ პირველი, ვინც ეს თქვა. ამას ამბობდა ნიცშე, ამბობდა ფროიდი, იუჯინ ო'ნილი. რომ გადარჩე, ამისათვის ილუზიები უნდა შეიქმნა. თუ ცხოვრებას შეხედავ ალალად და სუფთად, ის აუტანელი გახდება, რადგან ულმობელი რამეა.


*- ჩემთვის რთულია იმის წარმოდგენა, რომ ვუდი ალენს ასეთი მძიმე ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს...

- მე ძალიან გამიმართლა და ჩემი ნიჭი ძალიან პროდუქტიულად გამოვიყენე, მაგრამ სხვა არაფერი გამომდის. არ გამომდის ყოველდღიური რამეები, უმარტივესი რამეებიც კი. ის, რაც ბევრისთვის ბავშვური გასართობია, ჩემთვის ტრავმაა.


*- მაგალითად?

- აეროპორტში ან სასტუმროში დაჩეკინება, ადამიანებთან ურთიერთობა, გასეირნება, საყიდლებზე სიარული... 16 წლიდან მოყოლებული, ისევ Olympia-ს ფირმის საბეჭდ მანქანას ვიყენებ - და ის ისევ ახალივით გამოიყურება. ჩემი ყველა ფილმი ამ საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი. ბოლო დრომდე, საბეჭდ მანქანას ლენტსაც კი ვერ ვუცვლიდი. ყოფილა მომენტები, როცა ხალხს ვეპატიჟებოდი სადილად, რათა მათ ჩემი დანადგარის ლენტი შეეცვალათ. ეს ტრაგიკულია.


image


*-ცხოვრებაში კარგი რამეების არ გჯერათ?

- ცხოვრება სავსეა კარგი მოვლენებით - ლატარეის მოგება, მშვენიერი ქალის ნახვა, გემრიელად ჭამა - მაგრამ ცხოვრება, საბოლოო ჯამში, არის ტრაგიკული. არის ოაზისებიც, რაც სასიამოვნოა. მაგალითად, ბერგმანის ფილმი "მეშვიდე ბეჭედი" დიდ ტრაგედიაზეა, მაგრამ იქ არის მომენტები, როცა პერსონაჟი ზის შვილებთან ერთად, სვამს რძეს და მიირთმევს ველურ მარწყვს. მაგრამ ეს ჩინებული მომენტები გაივლის და უბრუნდები რეალურ ცხოვრებას.


*-ასეთივე პესიმიზმით ხართ განწყობილი სიყვარულის მიმართაც?

- შენ უფრო მეტად ხარ დამოკიდებული იღბალზე, ვიდრე შეიძლება წარმოგიდგენია. ამბობენ ხოლმე, თუ გინდა სიყვარული, უნდა იშრომო ამისათვის. მაგრამ ამას ხომ არ ამბობენ იმაზე, რაც ნამდვილად გიყვარს - ნაოსნობაზე ან ფეხბურთზე სიარულზე. ხომ არასოდეს იტყვი: მე ამისთვის უნდა ვიშრომო. შეუძლებელია იშრომო და გამოიმუშავო სიყვარული. შეუძლებელია, ის აკონტროლო. თუ იღბალი არ გწყალობს, უნდა ემზადო ტანჯვის გარკვეული დონისთვის. ამიტომაც არის სიყვარულის უმეტესობა ძალიან რთული და გარკვეულ ტანჯვას მოიცავს. ადამიანები ერთად არიან ინერციის გამო, მათ ენერგია აღარ შერჩათ. მათ ეშინიათ მარტოობის, ანდა ბავშვები ჰყავთ.


*- შეიძლება კაცს, ერთდროულად, ორი ქალი უყვარდეს?

ორზე მეტიც (იცინის). მგონი, შენც შეგიძლია. ამიტომაც არის სიყვარული რთული, მტანჯველი და ძალიან, ძალიან ჩახლართული რამ. შენ შეიძლება იყო ცოლთან ბედნიერ ქორწინებაში, და შემდეგ შეხვდე ვიღაც ქალს და შეგიყვარდეს. მაგრამ, ამავდროულად, გიყვარს ცოლიც. და ცხადია, გიყვარს ისიც, არაცოლიც. ან შენი ცოლი შეხვდება ვიღაც კაცს და შეუყვარდება. და იქნებით სამნი (იცინის). ასე რომ, რატომ მხოლოდ ერთი?


*- საქმე შეიძლება ჩაიხლართოს, თქვენს რჩევებს რომ გავყვეთ...

- მნიშვნელოვანია, აკონტროლო საკუთარი თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრება ძალიან გართულდება. მაგრამ ხალხისთვის სულ არის იმპულსი. ამბობენ, რომ საზოგადოება უნდა იყოს უფრო ღია. მე მგონი, ეს არაფერს ცვლის. თუ სხვა ქალს გაეკიდები, ეს წაგებული თამაშია, თუნდაც მყარი ქორწინებისთვის. თუ ეს მეუღლესთან შეთანხმებულია, მაინც ცუდია. საბოლოო ჯამში, ბედნიერი ვერ იქნები, იღბალი ხელს თუ არ გიწყობს.


*- ტირით ხოლმე?

- ფილმებში გამუდმებით ვტირი. ეს ალბათ ერთადერთი ადგილია, სადაც ვტირი, ტირილთან პრობლემები მაქვს. ფილმში "ჰანა და მისი დები" იყო ისეთი სცენა, რომელშიც უნდა მეტირა, ყველაფერი სცადეს და ვერა! მერე თვალში რაღაც ჩამასხეს და მაინც ვერ ვიტირე, თუმცა ფილმში ვტირი. ეს მაგიასავითაა. თეატრში ვერ ვტირი და ცხოვრებაშიც - იშვიათად.


* - თქვენ მონაწილეობდით თითქმის ყველა თქვენს ფილმში, მაგრამ ბოლო დროს ნაკლებად ჩნდებით. რატომ?

- მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა შესაბამისი ადგილი არაა. წლების განმავლობაში ვთამაშობდი რომანტიკულ როლებს, მერე უკვე ვეღარ ვთამაშობდი, რადგან ძალიან დავბერდი. სულაც არაა სახარბიელო, არ ითამაშო ბიჭის როლი, რომელიც კარგ გოგოს "კერავს". წარმოიდგინეთ, რა გამომფიტავია ის, რომ ვაკეთებ ფილმს სკარლეტ იოჰანსონთან და ნაომი უოტსთან ერთად და ისინი სხვა ბიჭებს ერგებათ, მე მხოლოდ რეჟისორი ვარ, კადრს მიღმა მდგარი ერთი ბებრუხანა. ეს სულაც არ მომწონს. მე მინდა ვიყო ის ბიჭი, რომელიც ამ გოგოების წინაშე ზის რესტორანში, თვალებში ჩაჰყურებს მათ და აცდუნებს. ჩემთვის ამ როლის შესრულება არ იქნება იოლი.


image


* - როგორ აღიქვამთ სიბერეს?

მე მგონი, ეს ცუდი რამეა. არაფერი ყრია სიბერეში. არ ჭკვიანდები, არ ბრძენდები, არ ფაქიზდები, არ ხდები უფრო კეთილი, არაფერი კარგი არ ხდება. ტრაკი უფრო გტკივა, კუჭი არ გიმუშავებს, მხედველობა გისუსტდება, სმენა გიქვეითდება. დაბერება სევდიანია და გირჩევთ, არასოდეს ქნათ ეს, თუ მოახერხებთ. ეს სულაც არაა რომანტიკული.


* - ოდესმე შეწყვეტთ ფილმების გადაღებას?

მე, უბრალოდ, მსიამოვნებს მუშაობა. სხვაგან სად შეიძლება დავიკმაყოფილო ამბიციები? როგორც არტისტი, შენ მუდამ ცდილობ, მიაღწიო რაღაცას, მაგრამ არასოდეს გამოდის. იღებ ფილმს და ხვდები, რომ უკეთესიც შეიძლებოდა. ისევ ცდი და ისევ ფლავდები. რაღაც მხრივ, ერთობი ამით. მაგრამ სამუშაოს ვერ ვწყდები. მე არ ვაკეთებ ფილმებს ფულის საკეთებლად. უბრალოდ, მომწონს ეს. რა მოხდებოდა, სრულყოფილი ხელოვნებისთვის რომ მიმეღწია? არც კი ვიცი, რა უნდა მეკეთებინა მერე.


0
418
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0