x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
აკაკი წერეთლის გენიალური და ცხოვრებისეული გამონათქვამები

წარმოგიდგენთ ქართველი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი წერეთლის, გენიალურ, ცხოვრებისეულ ფრაზებს.


image


✅ ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა და პირუტყვივით გადაყოლილა თავის მძორს.




✅ გონიერი რომ უგნურს ხელში სამართებელს მიცემს, ნუღარ დაემდურება, თუ უგნურმა პირველად იმ გონიერსვე გამოსჭრას ყელი.



✅ ქართველ მოღვაწეს ყველას თვალში ვამცირებთ!.. სიცოცხლეში ვატირებთ, რომ მოკვდება ვიტირებთ!..



✅ ერთი რამე შემინიშნავს, მაგრამ ჩუმად გეტყვით ყურში: ჩვენში თურმე ბევრი არის კაჭკაჭი და თუთიყუში.



✅ ვინც მეტსა გრძნობს, იმას უფრო ხშირად უტყდება გული.



✅ ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზედაც ხელს იღებს.



✅ ვინც მარტო აწმყოზე შეჩერებულა, უსულდგმულო, საპირუტყვო ფარგალში რჩება, და ჩვენ კი გვინდა მისთანა მომავალი თაობა, რომელიც უარისმყოფელი კი არ არის წარსულის, მკვლევარია და მამა-პაპის ანდერძს დღესაც კიდევ გამოსადეგ საფუძვლად უდებს მომავალს, რომ კავშირგაუწყვეტლად განაგრძონ ისტორიული ცხოვრება, მათ მოქმედებაში კაჭკაჭურ-მაიმუნური მიმბაძველობა კი არ უნდა სჩანდეს, მოფიქრებული, აწონ-გაზომილი თავისთაობითი შრომა უნდა იხატებოდეს. ვისაც ეს არა აქვს შეგნებული, მისი მუშაობა ნაყოფს ვერ მოიტანს, დაკარგულია, და, ხშირად, როგორც უგნურების ნაყოფი, მავნებელიც.



✅ ზურგს უკან ყველა ღაღადებს, პირშიმთქმელი კი ძვირია.



✅ იმ თავითვე, მესამოცე წლებში მე ვნატრობდი და ველოდი, რომ მომავალი წარმოშობდა დემოკრატიას, მაგრამ, უნდა გამოვტყდე, რომ იმისთანებს კი არა, როგორც დღეს ზოგიერთები არიან, მხოლოდ სიტყვით და არა საქმით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კუჭზე ფიქრობენ, თავს იკატუნებენ და ქვეყანას კი ამადლიან.. “ჩვენ გამოვაღვიძეთ ხალხი, ჩვენ შევქმენით დრო“ და სხვანი, რომ წარამარად გაიძახიან, ეს სულ ტყუილებია!..



✅ ის ერი, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგისთანა შვილებს ზრდის, დაფერფლილ ნაღვერდალს ჰგავს და მის გულში ღვივის ნაკვერცხალი. იგი ელის მხოლოდ დროს, როცა ნაკვერცხალი ისევ დააგიზგიზებს დიდს ისტორიულს ცეცხლს და გაანათებს სამყაროს. თვით ეს ნაკვერცხალი ყაზბეგის შემეცნებით მიმალულია ჩვენს მთებში, საცა ქართველი ერის გული ჯერ ისევ არ გამდრკალა და შერჩენია ძველი ქართველური ზნეობა, სიმამაცე და დამოუკიდებლობის სიყვარული.



✅ იცოდეთ თქვენი პირადი ღირსებით მოპოვებული პატივი ყველა დიდებას აღემატება. შეიძლება სხვაგან, სხვა ადგილზე დიდი კაცები გახდეთ და დიდი პატივისცემაც მოიპოვოთ, მაგრამ ის პატივისცემა თქვენი კი არა, თქვენი ადგილისაა. იქ პატივს სცემენ თქვენს ადგილს და არა თქვენ.



✅ სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული. სამი რამ ამხიარულებს კაცს: საიდუმლო ტრფიალი, მოვალეების გასტუმრება და მონობიდან თავის გამოხსნა. სამი რამ ჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ.



✅ უღირსი კაცისაგან გმობა ისეთივე სანატრელია, როგორც ღირსეულისაგან ქება.




✅ ჭეშმარიტი ღირსება ძვირფასი მარგალიტია, მოჩვენებული კი -იაფი თაღლითი და ამიტომაც ამ უკანასკნელს უფრო მეტი შემძენი ჰყავს.



✅ და სადაც სიყვარულია - იქ სიწმინდეა. ღმერთია.



✅ ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია.



✅ პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა.



✅ მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული.



✅ მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა.



0
2029
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
2029
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0