საზოგადოება რატომ მიიჩნევენ დავით აღმაშენებლის მამიდას, მარიამ - მართა ბაგრატიონს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად 2019, 2 ივნისი, 14:53 საქართველოს მეფე ბაგრატ IV -ისა და დედოფალ ბორენა ალანელის ქალიშვილი... მეფე დავით IV აღმაშენებლის მამიდა... მარიამ ალანელი - ცნობილი, როგორც მართა! მართა (ბერძ. Μαρία της Αλανίας, Μάρθα / - მსოფლიოს უძლიერეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალადაა აღიარებული.
საქართველოს პოლიტიკურ მიზანს მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობების დათბობა წარმოადგენდა. მართას თავიდანვე ამზადებდნენ ბიზანტიაში გასათხოვებლად... ჯერ კიდევ 1056 წელს დედოფალ თეოდორას სამეფო კარზე გაუგზავნიათ, განათლების მისაღებად, თუმცა 72 წლის თეოდორა მის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილა და მართას ნახვა ვერ მოუსწრია... საიმპერატორო სასახლეში შესულ ქართველი მეფის ასულზე იქ მყოფ გიორგი მთაწმინდელს უნებურად წარმოუთქვამს: "უწყოდეთ, ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი (თეოდორა)განვიდა და დედოფალი (მარიამი) შემოვიდა". და მართლაც! გიორგი მთაწმინდელის ეს სიტყვები სულ რამდენიმე წელში წინასწარმეტყველებასავით აღსრულდა! მართა ბიზანტიის დედოფალი გახდა! 1065 წელს ის ცოლად შეირთო ბიზანტიის კეისარმა მიხეილ VII დუკა პარაპინაკმა. მიხეილ VII დუკა კორონაციის შემდგომ მართას ეწოდა სახელად მ ა რ ი ა მ ი. მიუხედავად ამისა, რომ ბიზანტიელებს დიდად არ მოსწონდათ დედოფლად სხვა ერის შვილი, მარიამ-მართას მშვენიერებამ თითქოს დიდი თუ პატარა ერთიანად დაატყვევა. მისი თანამედროვე, ერთ-ერთი პირველი ქალი ისტორიკოსი, ანა კომნენოსი წერს : ''მარიამი იყო მაღალი და ტანადი, როგორც კვიპროსი... თეთრი, როგორც თოვლი... პირისახე ჰქონდა გაზაფხულის ვარდივით ალისფრად გაფურჩქვნილი... ახლა თვალების ბრწყინვალებას არ იკითხავთ? ვის შეუძლია მისი აღწერა? წამწამები გრძელი და განსაცვიფრებელი, თვალები კი ლურჯი. დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოვებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა - ყველაფერი ეს აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას. არც ფიდიასს, არც აპელეს და არც სხვას არ დაუტოვებია მარიამის მსგავსი ქანდაკება. ასეთი თანაზომიერება ასოთა და ნაკვთთა, ასეთი შეხება მთელის ნაწილებთან, მართლაც რომ არავის უნახავს ადამიანის აღნაგობაში. ეს იყო ცოცხალი ქანდაკება, თვით ჰიმეროსი (სურვილი და სიყვარული), რომელიც ატყვევბდა და აქვავებდა მშვენიერების მოყვარულთ''.
1078 წელს ბიზანტიის სამეფო კარზე დიდი პოლიტიკური ცვლილებები დაიწყო. მიხეილ დუკა პარაპინაკი აიძულეს ბერად აღკვეცილიყო! იმპერატორად ნიკიფორე III ბოტანიატე (1078-1083) გამოაცხადეს. ნიკიფორემ იცოდა, არსებობდა მარიამის დედოფლად დატოვების საჭიროება, რათა ხალხი არ აჯანყებულიყო. ამიტომაც დედოფალს ცოლობა სთხოვა.
იმპერატორი ნიკიფორე III და დედოფალი მარიამ ალანელი
ქორწინების შესახებ მალე პაპისგან ნებართვაც მიიღეს და მარიამ - მართა ბოტანიატეს ცოლად გაჰყვა. თუმცა იმ პირობით, რომ მის შვილს, კონსტანტინეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა. იმპერატორი დაჰპირდა, მაგრამ შემდეგ სიტყვა არ შეასრულა. იმედგაცრუებულმა მარიამმა მხარი დაუჭირა მეუღლის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას, რომელსაც ძმები კომნენოსები ხელმძღვანელობდნენ. 1081 წელს ალექსი კომნენოსმა, მარიამის დახმარებით, ტახტიდან ჩამოაგდო ნიკიფორე ბოტანიატე და თავად გამეფდა.
ალექსი I კომნენოსი პირობა კი ისევ დაირღვა. როგორც კი კომნენონსს შვილი გაუჩნდა, მარიამის ვაჟს საიმპერატორო პატივი ჩამოაშორა. მოტყუებულმა დედოფალმა კიდევ ერთი შეთქმულება დაგეგმა, ამჯერად უკვე ალექსის ჩამოსაგდებად, მაგრამ მარცხი იგემა. ალექსიმ კი ვერ გაბედა დაესაჯა ყველასთვის ასეთი საყვარელი დედოფალი, მხოლოდ სახელმწიფოს მართვას ჩამოაშორა იგი. მიუხედავად ბიზანტიის იმპერიაში მუდმივად წინა ასპარეზზე ყოფნისა მარიამ დედოფალს წამითაც არ შეუწყვიტავს სამშობლოზე ფიქრი. *იგი არაერთხელ დაეხმარა თავის ძმას - გიორგი II-ს ჯარით. *ის აქტიურად მონაწილეობდა თავისი სამშობლოს კულტურულ აღორძინებაში. *ის აქტუალურად ეხმარებოდა თავის ძმისშვილს დავით აღმაშენებელს საეკლესიო და სახელმწიფო რეფორმების გატარებაში. *იგი მფარველობდა და სწყალობდა ბიზანტიის სამეფოში არსებულ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს. *მან გადასახადებისაგან გაათავისუფლა ათონის იბერთა მონასტერი და შესწირა მას ადგილ–მამული, *მარიამმა იერუსალიმში, სიონის მთაზე, დედასთან, საქართველოს დედოფალ ბორენასთან ერთად ააშენა ცნობილი მონასტერი – კ ა პ პ ა თ ა. მონასტერი, რომელიც ქართული მწიგნობრობის თვალსაჩინო კერად იქცა. *განსაკუთრებით აღსანიშნავია მარიამის ღვაწლი პეტრიწონის ქართული ლავრის მშენებლობისას. *იგი ასევე მფარველობდა იმპერატორ ბასილ II -ის აკლდამას, უამრავ ლიტერატურულ ნაწარმოებს და განძეულს. ... სწორედ ასეთი ქრისტიანული ღვაწლის გამო მარიამ დედოფალი გამოსახულია არა მარტო ბიზანტიურ ოქროსა და ვერცხლის მონეტებზე, არამედ ქართულ ხატებზეც. /აღსანიშნავია, რომ ბიზანტიურ მონეტებზე დედოფლის გამოსახვის ბრძანება იმპერატორმა ნიკიფორემ გასცა. ხოლო დავით აღმაშენებლის მეოხებით, რომელსაც ძალიან უყვარდა მამიდამისი და ყოველთვის დიდ პატივს სცემდა მას, ამიერიდან მარიამ დედოფალი გამოსახული იყო ქართულ ხატებზეც./ ... მარიამ დედოფალმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები თ რ ა კ ი ა შ ი, თავისივე აგებულ ერთ-ერთ მონასტერში გაატარა... იგი 1118 წელს მიიცვალა და იქვე დაკრძალეს. მსოფლიოს თვალში ქართველი დედოფალი ერთ-ერთ უძლიერეს და ყველაზე გავლენიან ქალად დარჩა! საინტერესოა, რომ ფრანგმა მეცნიერმა ხალანდონმა კომნენოსების შესახებ დაწერილ ორტომიან მონოგრაფიაში 69 გვერდი მარიამ დედოფლის თავგადასავალს დაუთმო. ხოლო იმპერიის ქართველი დედოფლის დრამატული ცხოვრება სრულყოფილად ასახა მაქსიმ დე კონსტანიმ ისტორიულ რომანში "ბიზანტიისაკენ". 2099 2-ს მოსწონს
|