x
image
ეკა ლაცკა
"ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის" - ნოდარ დუმბაძისგან
ნოდარ დუმბაძემ თავისი მომავალი მეუღლე ნანული გუგუნავა უნივესიტეტში გაიცნო. ნოდარი ხშირად ელოდებოდა მას აუდიტორიის კართან, ლექციების შემდეგ კი გოგონას შინ მიაცილებდა.


image

თავდაპირველად ნოდარს ნანულის მეგობარი მოსწონდა და მასთან საქმის "მოეკვარახჭინებაში" სწორედ ნანული უწყობდა ხელს, მაგრამ ის გოგო რატომღაც თავს იკავებდა, ალბათ არ უნდოდა, რეპრესირებული მშობლების შვილისათვის დაეკავშირებინა თავისი მომავალი.

მერე უნივერსიტეტში ხმა გავარდა, ნოდარს იმ გოგოსთან დაქორწინებაში ნანული უშლის ხელსო.


ამას ძალიან გაუბრაზებია მწერალის მომავალი მეუღლე.

აი, რას იხსენებს ის:

"ლექციის დამთავრების მერე გამოვიდოდი აუდიტორიიდან და ნოდარი კართან მელოდებოდა. ლექციების მერე ხომ სულ ერთად ვიყავით. ჩვენი "მეგობრული ურთიერთობა" 6 თვე გაგრძელდა.

ერთ მშვენიერ დღესაც ამბავი მომიტანეს, ნოდარს ერთი გოგო უყვარს, მაგრამ ნანულის გამო ცოლად ვერ მოჰყავსო.

აღვშფოთდი და საქმის გასარკვევად ნოდარი შინ დავიბარე. მაშინვე გამოცხადდა. ბევრი ლაპარაკი არ დამიწყია, პირდაპირ მივახალე:

თუ სხვა გიყვარს, ჩემგან თავისუფალი ხარ. რატომ ამბობენ, რომ მე გიშლი ხელს გაბედნიერებაში-მეთქი?

ალმაცერად შემომხედა - არ გიყვარვარო? გავწიწმატდი,

- ეს მე უნდა გითხრა პირველმა? რატომ შენ არ მეუბნები-მეთქი.

ნოდარმა კი - თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ მიყვარხარ, არ ყოფილა შენი საშველი. ახლა შენც მითხარიო.

მეც იგივე გავიმეორე - შენც თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ მიყვარხარ, არც შენი საშველი ყოფილა-მეთქი.

გაეცინა: - აბა, ორივე უსაშველოები ვყოფილვართ და წამოი, გოგო, ჩემსასო."


image

ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ ზრუნავდა და როგორ ეყვარებოდა ყველაზე მზიანი გულის კაცს, კაცს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული შეეძლო, თავისი მეუღლე.

მის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

"თხუტმეტი წელია ჩემი ცოლია...თითქოსდა კარგი ქმარი ვარ, ჯამაგირს კაპიკ-კაპიკ ვაძლევ, მე აქ რაში მჭირდება...საგზურს ვუღებ ყოველ წელს, საზღვარგარეთაც იყო სამჯერ...ბათუმში ახალი ბინა მივიღეთ, ავეჯი რიგის ვიყიდე, გოგო მუსიკალურ ტექნიკუმში გვყავს, ღვინოს მე არ ვსვამ და არაყს...შარშან დაბადების დღეზე კაბა ვუყიდე, ჩამეკრა გულში და ტირილი დაიწყო, ვეკითხები, რა გატირებს-მეთქი, ხმას არ იღებს, მეკვრის და ტირის...ეტყობა სხვა რამე სჭირდება ქალს....''

image

ეს კი დუმბაძისეული იუმორით გაჟღენითი ის კანონია, რომელსაც

"ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის" - ასე ჰქვია :


1. არავითარ შემთხვევაში სამსახურიდან მოსულმა ქმარმა არ უნდა შეაწუხოს ოჯახი. ისე უნდა მოიქცეს, თითქოსდა ამ ქვეყანაზე საერთოდ არ ყოფილა;

2. თუ შია, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე შეეთრიოს სამზარეულოში და ჭამოს, თუ დახვდა რამე, თუ არადა გამოეთრიოს და დაეგდოს ტახტზე, სანამ არ მოსწყინდება, აკეთოს ეგრეთ წოდებული მკვდარი საათი;

3. რაც შეეხება გაზეთის კითხვას, ქმარმა უნდა იცოდეს, რომ სახლი სამკითხველო არ არის და რომ ქალები გაზეთს წასაკითხად არ ყიდულობენ;

4. თვითონ დარეცხოს და დაიუთოოს;

5. საჩუქრები იყიდოს ცოლის ამორჩევითა და დავალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტანილი ნივთები დაეფშვნება თავზე;

6. როდესაც ბავშვები თამაშობენ, გაეთრიოს გარეთ და დაელოდოს, სანამ არ დაუძახებენ სახლში;

7. დროზე მოიტანოს ჯამაგირი და ჩააბაროს ცოლს კაპიკ-კაპიკ;

8. დილით ადრე ადგეს, დახვეტოს ოთახი, დაადგას ჩაი, ასაუზმოს ბავშვები, სამსახურში წათრევის წინ, ჩაუწიოს ნავთქურას, ფეხაკრეფით მივიდეს ცოლის საწოლთან, შუბლზე აკოცოს ცოლს და უხმოდ გაიპაროს. მსგავსი შრომა ალამაზებს ადამიანს.

9. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულება მამაკაცის ძალ-ღონეს აღემატება, ჯობს, საერთოდ არ მოვიდეს სახლში.


ამ თემას კი ნოდარ დუმბაძის ყველასათვის ნაცნობი სიტყვებით დავასრულებთ და ჩვენს მკითხველს სიყვარულით სავსე დღეს ვუსურვებთ :

image

...

" - სიყვარულიც სულში შედის, ქალბატონო ანიკო? - დაინტერესდა კუკარაჩა.
- ალბათ, ყოველ შემთხვევაში თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია, ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან."

1
3366
5-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
3366
  
განუმეორებელი პიროვნება და მწერალი
0 1 1