საზოგადოება "დედაჩემს იმ დღეს დედა გარდაეცვალა, ორი დღით ადრე ქმარი"- გიორგი კეკელიძის სევდიანი ისტორია 2019, 3 მაისი, 17:35 მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სევდიან ისტორიაზე წერს, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ. "2015 წლის 30 დეკემბერი იდგა. თოვლიანი ღამე. დედაჩემს იმ დღეს დედა გარდაეცვალა, ორი დღით ადრე ქმარი, შესაბამისად, მე - ბებია და მამა. ის ტიროდა. მე ვიჯექი და ღუმელს შევცქეროდი. -ახლა დავბანთ და მერე უნდა ჩავაცუათ. ტანზე ზევითაა და ფეხზე გვინდა რამე - მომესმა გოგილოს ხმა, უბნის მკვდართა გამპატიოსნებელი კაცის. და ოტკა გვინდა კიდო - მოაყოლა გოგილოს დედამ, ამ საქმის ქურუმმა - დუუთრობლად არ შემიძლია, ბაღანე კი აღარ ვარ. არაყი იოლი საშოვნი იყო, ტანსაცმელი ზევით იდო, როგორც გოგილომ მოგვახსენა და ახალი ფეხსაცმლის ყიდვა კი დაგვავიწყდა ამდენი მეხის ერთად დატეხვის გამო. მე გარდაცვილი მამაჩემი არ მინახავს, არ გადავახდევინე სასახლის სახურავი და კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ახალს ჩააცმევდნენ თუ ძველს, მაგრამ წესი -წესია. მით უფრო ჩვენთან, ოჯახში. სულ ახალი ფეხსაცმელი მქონდა, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, წესით იმ დღეს სადღაც დიდ თავყრილობაზე ლექციას ვკითხულობდი და საგანგებოდ შევიძინე. ეს ჩააცვით - ვუთხარი მე. -ხვალეა ტირილი - თქვა დედაჩემმა - სა მოასწრებ ახლის ყიდვას აქანა. მე იმას ჩავიცმევ - ვუპასუხე. მეორე დღე, 31 დეკემბერს, მამაჩემს ჩემი ფეხსაცმელი ეცვა და მე - მამაჩემის. ჩვენ ვერ ვხედავდით ერთამენთს, მაგრამ, ასე მინდოდა და მეგონა: ჩვენი ფეხსაცმელები გრძნობდნენ. და ვიდექი, უამინდობის გამო იშვიათ ჭირისუფალს ხელს ვართმევდი და ამაზე ვფიქრობდი. არ ვიცი, აქ ესპანეთში, ეს ამბავი რამ გამახსენა ან რატომ მოგიყევით. ან რატომ შეიძლება თქვენთვისაც საინტერესო იყოს. უბრალოდ, ადამიანი ხომ მიძინებული ვულკანივითაა და ხანაც უადგილო დროს ისვრის ლავას."- წერს გიორგი კეკელიძე. 162 შეფასება არ არის
|