საზოგადოება "აი, ამდენ ხალხში ამ გოგომ ხმამაღლა მითხრა ..."- რატომ არ დაუმტკიცეს ლელა წურწუმიას განვადება 2019, 29 მარტი, 22:43 გადაცემაში „სხვა შუაღამე“ ლელა წურწუმიამ ერთ-ერთ მაღაზიაზე სახალისო ისტორია მოყვა. როგორც ლელა ყვება, რაც ეს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მას შემდეგ ტელეფონის განვადებით შეძენა უნდოდა, თუმცა კრედიტოფიცერმა განვადება არ დაუმტკიცა. "გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და განვადებით მეყიდა ერთ-ერთი ბრენდის ტელეფონი. მოკლედ მივედი და იცი როგორი სიტუაციაა მაღაზიაში? უფრო მეტი გამყიდველი იყო, ვიდრე მყიდველი. რომ შევედი როგორი განწყობა იყო იცი? მიჩვეული ვარ ამას და განსაკუთრებული მადლობა, რომ რაღაც სხვანაირად უხარიათ ხოლმე და ძალიან თბილად მხვდებია. იქაც ასე იყო და არ ჩავთვალე განსაკუთრებულ ამბად, თურმე ამას სხვა რამ ახლავს თან. მერე მივხვდი, რომ იფიქრეს ეს უეჭველად იყიდის ტელეფონსო. შევარჩიე. ამიხსნეს, როგორი ტელეფონია. როცა ვუთხარი, რომ განვადებით მინდოდა ყიდვა, მიპასუხეს, რომ კრედიტოფიცერი მოვიდოდა. ჩანთა დავიდე და ქანდარაძე შემოვსკუდი, ტელეფონი მიჭირავს და ვსქროლავ. რა პოზიციაზე მუშაობთო, მკითხა კრედიტოფიცერმა, ახალი დამთავრებულია „მხოლოდ ქართული" და ჩარიცხვები ნახა. ვუპასუხე ჟიურის წევრი ვარ-მეთქი. ამაში არაფერი უცნაური არ ყოფილა. პირველად ხომ არ მქონია კრედიტოფიცერთან შეხება. ნელ-ნელა ვატყობ რომ ამ გოგოებს წარბი გადასდით ყურს უკან. დიდი დრო გავიდა, სანამ კოდი მოვიდოდა… ბოლოს საიდან ჩაგერიცხათ ფულიო. ერთ-ერთი ნავთობმომპოვებელი კომპანიისგან-მეთქი. უკვე მივხვდი, რომ ცუდადაა საქმე. შემომხედა, რა პოზიციაზე მუშაობთ ამ კომპანიაშიო? ვუთხარი, „პერეკაჩკის“ უფროსი ვარ, ბენზინს ვასხამ და თან ვმღერი-მეთქი… აი, ამდენ ხალხში, შეგნებულად არ ვასახელებ ბანკს, ამ გოგომ ხმამაღლა მითხრა, იცით რა არის? თქვენ არ დაგიმტკიცდათ სესხი, არაფერი არ გაგაჩნიათ საერთოდ, ვერაფერს იყიდითო. ჯობია, მე აქედან წავიდე-მეთქი, სანამ სახე დამიკარგავს. უცებ გავიხედე და მოწყენილი სახეებით იდგნენ თანამშრომლები, ის ერთი ტელეფონიც ვერ გაყიდეს…მოკლედ წამოვედი“, -ყვება წურწუმია. 809 2-ს არ მოსწონს
|