მსოფლიო 33 წელი ციხე და 148 როზგი: რის გამო დასაჯეს ირანელი ადვოკატი ქალი 2019, 15 მარტი, 13:14 ნასრინ სოტოუდეჰი – ასე ჰქვია ირანელ ადვოკატ ქალს, რომელიც ცნობილია როგორც ჩვენს მეზობლად, ირანში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნასრინი სხვადასხვა დროს იცავდა ირანელ ოპოზიციონერებს, რომლებსაც სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი და ასევე ქალებს, რომლებიც უარს აცხადებდნენ თავსაფარი (ჰიჯაბი) ეტარებინათ, რის გამოც თვითონაც არაერთხელ მოხვდა ციხეში.
წარმოიდგინეთ, ადვოკატი რომ ხარ და შენი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გაპატიმრებენ.
ნასრინი ბოლოს გასული წლის ივნისში დააპატიმრეს. მიზეზი: ისევ და ისევ იურიდიული დახმარების აღმოჩენა ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბს არ ატარებდნენ. გაგეცინებათ და ირანი ოფიციალურად აღიქვამს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას ჰიჯაბის არმქონე ქალებისთვის, არც მეტი და არც ნაკლები... პროსტიტუციაში ხელშეწყობად. ანუ გაბატონებული ირანული მენტალიტეტისთვის ქალი, რომელიც თავსაფარს არ ატარებს, ზნედაცემული და გარყვნილია. ირანული სამართლებრივი სისტემა ასეთ ქალს მეძავად აღიქვამს. კიდევ უფრო მეტად გაოცდებით, თუ შეიტყობთ, რომ ჰიჯაბის და ჩადრის არმქონე ქალებისთვის სამართლებრივი დახმარება ირანში არის არა მარტო "პროსტიტუციისთვის ხელშეწყობა, " არამედ "სახელმწიფოს ღალატი" და "აიათოლა ჰომეინის ხსოვნის შეურაცხყოფა." ამაზე უფრო დიდი მარაზმის წარმოდგენა განა შეუძლია ვინმეს? და ახლა წარმოიდგინეთ ისიც, რომ აი ასეთი მარაზმისთვის ირანელ ქალს, რომელმაც არაერთი ცნობილი პირი დაიცვა უსამართლოდ დევნისგან (მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი მირა შირინ ებადი) 33 წელი და 148 როზგი მიუსაჯეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის თანახმად ყველაზე დიდი "დანანაშაული" შთანთქავს შედარებით პატარა "დანაშაულებს, " ირანელ ადვოკატ ქალს მინიმუმ 10 წელს მაინც მიუსჯიან, რადგან სულ მცირე, სწორედ ამდენს ითვალისწინებს ყველაზე დიდი სასჯელი, რაც ირანული კანონმდებლობის თანახმად ნასრინ სოტოუდეჰის ეკუთვნის. ნასრინ სოტოუდეჰი 2018 წლის ივნისის დაჭერამდე ბოლოს 2011 წელს დააპატიმრეს და 6-წლიანი ციხე და 20 წლით ქვეყნიდან გაუსვლელობა მიუსაჯეს, თუმცა, იმის გამო, რომ ირანს სანქციებისგან თავის დახსნა სურდა, პოლიტპატიმარი ქალი (სოტუდეს მაშინ უკვე ჰქონდა პოლიტპატიმრის სტატუსი) 2 წლის შემდეგ გაუშვეს და გაეროშიც კი გაგზავნეს სიტყვით გამოსასვლელად. სოტოუდეჰის გარდა, ბოლო დროს კიდევ 6 სხვა ადვოკატია ირანში დაპატიმრებული ანალოგიური ბრალდებით. ყველა მათგანი ბრწყინვალე იურისტია. რელიგიური რეჟიმები ყოველთვის სწორედ ბრწყინვალე გონების მქონე ადამიანებს ერჩიან ხოლმე. ეს ოდითგანვე ასე იყო, თანაც, არა მარტო ისლამში. შეიძლება დაუჯერებლადაც კი მოგეჩვენოთ, რომ ასეთი ქვეყანა არსებობს ჩვენგან არცთუ ისე შორს, 2019 წელს, მაგრამ იქნებ, ახლა მაინც მივხვდეთ, რა შეგვინარჩუნეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა, საუკუნეების მანძილზე ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლით: მათ ჩვენ ყველაზე ძვირფასი, თავისუფლება შეგვინარჩუნეს. თავისუფლება, ურომლისოდაც არაფერს არ აქვს ფასი. 393 1-ს მოსწონს
|