საზოგადოება „26-ის ხარ, ჩემზე ცოტა დიდი, ეს ცივი სამყარო არ ყოფილა შენთვის“ - სანდრო სანაიას ემოციური პოსტი მამას 2019, 24 თებერვალი, 18:48 ჟურნალისტ გიორგი სანაიას 44-ე იუბილესთან დაკავშირებით, მისი ვაჟი, რუსთავი2-ის დილის გადაცემის წამყვანი სანდრო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: “არ ითქმის მარტივად, არც მოკლედ. თუმცა ამ ნათქვამს არც დასაწყისი აქვს, არც ბოლო. უფრო სწორად, დასაწყისი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. დაიწყო, მაგრამ არ დასრულდება. რამდენი სიტყვაც არსებობს, იმდენ კომბინაციას შევქმნი. ჯერ არ მოსულა 24 თებერვალი, ჰო, არც მინდა, რომ მოვიდეს. იქნებ ერთხელაც პირდაპირ 25 გათენდეს. იქნებ ერთხელ სიკვდილიც მოკვდეს. ყოველთვის დარჩენილი რამდენიმე დღეა სხვანაირი. ზოგადად, ყველასთვის ხომ დაბადების დღემდე დარჩენილი რამდენიმე დღე რაღაცნაირად იწელება. ჰოდა ეგაა. არ მიყვარს რაღაცებზე ლაპარაკი. მხოლოდ ჩემთვის ვფიქრობ. მე-18 წელია, პირველი ბგერის ამოშვებისას სიტყვები ყელში მეჩხირება. “გახსოვს რამე?”, “სულ არაფერი?”. ხო, არაფერი. არც ხმა, არც შეხება. ანუ, ვერც მომენატრები, ვერც დამაკლდები. ეს საათი ახლა მე მიკეთია. მეც დიდი მაქვს, მეც წვრილი ძვალი მაქვს. რამდენჯერაც დაგიხედავს, ახლა მე უფრო მეტჯერ დავხედავ. არც 18 წელი გასულა, არც 44-ის ხდები. 26-ის ხარ, ჩემზე ცოტა დიდი. მერე უკვე ჩემზე პატარაც იქნები. მაგრამ თურმე ძალიან დიდი დრო გავიდა. ეს ცივი სამყარო არ ყოფილა შენთვის”, – წერს სანდრო სანაია. 184 შეფასება არ არის
|