საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - ბატონები 2019, 3 თებერვალი, 18:47 წარმართ იბერო-კავკასიელებს სწამდათ, რომ ადამიანი თვითონ კი არ ხდება ავად, არამედ ავადმყოფობას უგზავნის მასზე გამწყრალი ღვთაება ან ავი სული ეძალება. ამიტომ ხალხური მედიცინის გარდა, ასევე ხშირად მიმართავდნენ მაგიურ-რელიგიურ მკურნალობასაც. ისინი ფიქრობდნენ, რომ სამკურნალო სასუალებებს ისეთი კარგი ეფექტი არ ექნებოდა, თუ ღვთაებასაც არ მოიმადლიერებდნენ. იბერო-კავკასიელთა ხალხური სამედიცინო კულტურა და დიდი ცოდნა, რომელიც ათასწლეულთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მოიცავს როგორც სამედიცინო, ასევე რიტუალურ პრაქტიკას. მთელი კავკასიის ტერიტორიაზე და მით უმეტეს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე პალეოლითის ხანიდან მოყოლებული ყველა არქეოლოგიური ეპოქის (განსაკუთრებით ბრინჯაოს ხანის) განათხარ მასალაში უხვად გვხვდება სამედიცინო იარაღ-ჭურჭელი, ნამკურნალები ძვლები, ქირურგიული იარაღი და ა.შ. ძველ ქართულში დაავადების აღმნიშვნელ სიტყვებს შორის გვხვდება "სნეულება, "სენი", რომლებიც სიმრთელის ანტონიმია. იგი დაკავშირებულია უძველეს წარმოდგენებთან სამყაროს აგებულებასა და სიცოცხლეზე. სენი ნიშნავს წონასწორობის, სიმრთელის დარღვევას. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ტერმინი "ავადმყოფობა". ძველ ქართულში ამ სიტყვაში მხოლოდ დაავადება კი არ იგულისხმებოდა, არამედ საერთოდ ცუდად ყოფნა. ეს ტერმინი გარკვეული მსიფლმხედველობის გამომხატველია. მხედველობაში გვაქვს კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება. თუკი კარგად მყოფი, სიკეთეში მყოფს ნიშნავს, ავად მყოფი ავი სულების ტყვეობაში მყოფად მოიაზრებოდა. ადამიანის სხეულში ავი სული, ავი საწყისი, ავი ძალა იყო შეჭრილი, რომლის გამოსადევნადაც სამკურნალწამლო საქმიანობასთან ერთად, მაგიურ შელოცვებსაც ახორციელებდნენ. გადამდებ ეპიდემიურ დაავადებათა აღმნიშვნელად დამკვიდრებული იყო ტერმინი "სახადი", რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ერთხელ გადატანის, "მოხდის" შემდეგ, მეორედ აღარ შეეყრებოდა ეს დაავადება ადამიანს და ეს სწორედაც რომ ნამდვილად ასე იყო. მაგიური რიტუალური პრაქტიკის თვალსაზრისით უმდიდრესი არის ბავშვთა ინფექციური დაავადებები, სახადები, ე.წ. "ბატონები", რომელსაც შემდგომში ქრისტიანობის შემოსვლის და დამკვიდრების შემდგომ ანგელოზებადაც მოიხსენიებდნენ. ამ დაავადებებს ფშავ-ხევსურეთში "ღვთის ვალი" დაერქვა. ამ სახელში კიდევ ერთხელ მეორდება "სახადის" შინაარსი, "ღვთის ვალი", ანუ ის რაც ყოველი ადამიანისგან მოსახდელია და ამას წარმართული წარმოდგენა ედო საფუძვლად. ბატონები ხალხური განმარტებით შვიდ სახადს მოიცავს: ყვავილს, წითელას, ქუნთრუშას, ჩუტყვავილას, ყივანახველას, ყბაყურასა და წითურას. სახადების შესახებ სერიოზული გამოკვლევა ეკუთვნის ეთნოგრაფ ვ. ბარდაველიძეს, რომელმაც ბატონების კულტი ასტრალურ რელიგიასა და ქალღმერთ ნანას (იგივე ქალ-ბარბარს) დაუკავშირა. ბატონების კულტი ერთ-ერთი უძველესი კულტია, მაგრამ ათასწლეულების მიღმა ალბათ სხვა სახელით მოიხსენიებოდა. "ანგელოს" ბერზნული სიტყვაა და ქრისტიანობასთან ერთად შეითვისა ქართულმა ენამ ანგელოზის სახით, ტერმინი ბატონი კი კიდევ უფრო გვიან, ახ.წ. მე-16 საუკუნიდან ჩნდება. სახადები სულიერ არსბებად ჰყავდათ წარმოდგენილი, რომელნიც დროდადრო მოევლინებოდნენ ადამიანებს. ბატონების საგალობლის, იავნანას ზოგიერთ ტექსტში სახადი მოიხსენიება როგორც "ღვთიური დაავადება". ფაქტობრივად იგი დაავადებად არც კი მიაჩნდათ. თვლიდნენ, რომ ღვთაებები ესტუმრნენ ოჯახს და როგორც ძვირფას სტუმრებს, ისე უნდა დახვედროდნენ. ბატონები შედიოდნენ ადამიანის სხეულში და გამონაყრით (ნანას ყვავილებით) ამცნობდნენ ამას. ვისაც ბატონები არ შეხვდებოდა, ის ღვთაებათა მიერ "დაწუნებულად" მიაჩნდათ. იტყოდნენ - "ანგელოზები არ დაუბრძანდა, არ მოეწონათო." საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ბატონთ წინამძღოლად ბარბარე ითვლებოდა (დედა ქალღმერთის ერთ-ერთი გვიანდელი ჰიპოსტასი), საწესო ლექსის სიმღერაში კი ნანა იხსენიება თავისი ატრიბუტებით - იითა და ვარდით. ეს მისამღერი სწორედ ამას აღნიშნავს: "იავ ნანა, ვარდო ნანა". ეს სიტყვები ქალღმერთისადმია მიმართული და თავის დროზე მისთვის განკუთვნილ ვედრებას წარმოადგენდა. ბატონებს შემდეგნაირად ხვდებოდნენ - სახადიან ბავშვს სუფთა ლოგინში ჩააწვენდნენ და საზეიმოდ მორთავდნენ. ზოგგან ზაფხულში სახადიანს ბეღელშიც აწვენდნენ ამ ნაგებობის საკრალურობის გამო. ბეღელში პური ინახებოდა და რა გასაკვირია, რომ იგი ნაყოფიერების ქალღმერთის თუნდაც დროებით სამყოფელად მიეჩნიათ. ავადმყოფის ოთახი ლამაზად მორთული უნდა ყოფილიყო. რადგან ოჯახში მობრძანებულ, ბავშვის სხეულში ჩასახლებულ ბატონებად წოდებულ სულებს განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდებოდათ. წითელას დროს წითელ ფარდებს ჰკიდებდნენ და ავადმყოფსაც წითელ ტანსაცმელს აცმევდნენ. ზოგჯერ სახადიან ბავშვს თითებზე ბამბის ძაფებსაც შემოპახვევდნენ. ბატონები ბამბის ძაფებზე ითამაშებენო. ავადმყოფის სურვილები განუხრელად სრულდებოდა, ვინაიდან მიჩნეული იყო, რომ მისი პირით ღვთაებანი საუბრობდნენ. ფერად ტანსაცმელს იცვამდნენ ისინიც, ვინც ავადმყოფს უვლიდა. მათი სახლი ბატონებისა და მათი დედის დროებით სამყოფელად ქცეულიყო. მათ შესაბამისად დახვედრა და გაცილება სჭირდებოდათ. ავადმყოფის საწოლთან დგამდნენ ტაბლას, რომელზეც ეწყო პური, ტკბილეულობა, ცომისგან დამზადებული შინაური და გარეული ცხოველების ფიგურები. იქვე დგამდნენ მორთულ-მოკაზმულ ჩიჩილაკის მსგავს ტოტს, რომელსაც ბატონების ხე ერქვა. საწოლზე ყრიდნენ იასა და ვარდს. ამ ყვავილების ნახარშს აპკურებდნენ ოთახში, ოჯახის წევრები ცეკვავდნენ და მღეროდნენ იავნანას. ოთახში შეჰყავდათ ცხვარი წითელი ბაფთით, ამ ქმედებებსა და ატრიბუტებში ნათლად ჩანს, რომ რიტუალები ნაყოფიერების ღვთაებისთვის იყო განკუთვნილი, რომელსაც შეეძლო როგორც ავადობის გამოწვევა, ასევე განკურნებაც. როგორც ვხედავთ, ბატონების მიმართ მიძღვნილ რიტუალში ჩართულია ცეკვა. საერთოდ ბევრი რიტუალის, მათ შორის სამიწათმოქმედო კულტების აუცილებელი ატრიბუტია ცეკვა. მისი სიმბოლური და რიტუალური ფუნქციები მეტად მრავალფეროვანია. იმის გამო, რომ ცეკვა გარკვეულ რიტმს ემორჩილება, იგი ხელს უწყობს სამყაროს ორგანიზაციასა და ციკლურ მოწესრიგებას, წარმოადგენს მიწასა და ცას შორის კავშირის გამყარების საშუალებას. ცეკვას შეუძლია ხელი შეუწყოს გამარჯვების, სიყვარულის, ნაყოფიერების მიღწევას. ცეკვები კავშირშია კოსმოლოგიურ სიმბოლიკასთან. წარმართი ქართველების წარმოდგენით საფერხულე სიმღერებსა და ცეკვებს სასწაულმოქმედი მნიშვნელობა ენიჭებოდა და მათ გააცნდათ სამკურნალო თვისებებიც. თავისი წარმოშობით და აზრობრივი დატვირთვით ყველა ხალხური ცეკვა საკრალური წარმოშობისაა. ცეკვების უდიდესი უმრავლესობა იქმნებოდა წინარექრისტიანულ პერიოდში, შესაძლოა ათასწლეულებით ადრეც, დიდ წარმართულ პერიოდში, ამიტომ ხალხური ცეკვები, მით უმეტეს იბერო-კავკასიური, ყოველთვის მოიცავს წარმართულ საწყისებს, იდეებს, რწმენას და მსოფლხედვას. განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა პროტოქართული სივრცის, მცირე აზიის დედა ქალღმერთის კულტმსახურებაში, რაც მოგვიანებით ორგიებში გადაიზრდებოდა ხოლმე. სხვათაშორის ცეკვა მედიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა და უკონტროლოდ მისი გამოყენება ადამიანს ცნობიერ ნაწილს საკმაოდ უხშობს. ნაყოფიერების კულტში ცეკვის როლზე მიუთითებს თავად ქალღმერთისა და მისი ქურუმების გამოსახულებები, რომელთა ნაწილი მოცეკვავის პოზაშია შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ის, რაც დღეს მხატვრული ხელოვნების დარგად ითვლება და ესთეტიკურობას ემსახურება, თავის დასაბამს წარმართულ რიტუალებში იღებდა და უძველესი რელიგიური წარმოდგენების შინაარსის შემცველი იყო. სამონადირეო სიმღერების, ასევე საგაზაფხულო კულტების ტექსტების უძველეს ნიმუშთა უმრავლესობა ფერხულს წარმოადგენდა. ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული ფორმა ფერხულისა, იყო წრისებრი. სულხა-საბა ორბელიანის განმარტებით "ფერხული" მრგვალად წყობას ნიშნავდა, სიმრგვალე კი სამყაროს მთლიანობას გამოხატავდა. წრიული ფერხულები გამოხატავენ მთელი სამყაროს, მისი სამივე სკნელის წრებრუნვის იდეას სამყაროს ღერძის გარშემო. ცისა და მიწის, მიღმიერისა და ცხადის, ზებუნებრივისა და ბუნებრივის, სააქაოსა და საიქიოს კავშირს საკრალურ ცენტრში, დროის ციკლურ მდინარებას, რაც თავისთავად უკავშირდება წესრიგს. არასწორი და არეული ცეკვა ქაოსის მანიშნებელია. ფერხულის სწორი, რიტმული შესრულება სამყაროს წესრიგის, მშვიდობისა და ნაყოფიერების გარანტია. აქედან გასაგები ხდება დღეობებზე თუ სხვა რიტუალებში ფერხულის ცეკვის აუცილებლობა, რომელშიც მთელი საზოგადოება მონაწილეობდა. მგლოვიარეც კი ვალდებული იყო, ფეხი გაესვა საწესო ცეკვაში. ყოველგვარი წრე აუცილებლად გულისხმობს ცენტრის არსებობას, როგორც კი მოცეკვავეები, რიტუალის მონაწილეები წრეს შეკრავენ, წრის შიგნით წარმოიქმნება საკრალური სივრცე თავისი ცენტრით. ფერხულებში ეს ადგილი შეიძლება ეჭიროს ღვთაების ქურუმს, სალოცავს. ბატონების "საბოდიში" რიტუალური ცეკვის დროს, ავადმყოფის საწოლი ექცევა წრეში. იგი ღერძია, რომლის გარშემოც ცეკვავენ მეფერხულენი. იმ რწმენიდან გამომდინარე, რომ ავადმყოფის სხეულში ქალღმერთი ან მისი შვილები (შემდგომ საუკუნეებში ანგელოზებად ან ბატონებად წოდებულნი) არიან ჩასახლებულნი. ეს ფერხული წრეს კრავს ღვთაების გარშემო, რაც გვაგონებს უძველეს იბერო-კავკასიურ და პროტოქართველური სივრცის მცირე აზიის და ევროპის ხალხების კულტებში ქალღმერთის გარშემო ქურუმთა ცეკვას. მიუხედავად ასეთი ერთ- შეხედვით საზეიმო განწყობისა, ბატონების მოსვლა მაინც გარკვეულ სასჯელად აღიქმებოდა, რომელსაც განრისხებული ქალღმერთი აგზავნიდა. სწორედ ამიტომ ერქვა "მებოდიშე" დასავლეთ საქართველოში ქალს, რომელსაც სპეციალურად იწვევდნენ ბატონების გასართობად ანუ რიტუალების შესასრულებლად. აღმოსავლეთ საქართველოში მას ბატონების მამიდა ერქვა. ბატონების მისართმევ ტაბლაზე გამოსახავდნენ საბოდიშო ჯვარს და ტარდებოდა საბოდიშო რიტუალი. ცხრა ვაჟი და ქალიშვილი ერთმანეთის მიყოლებით უვლიდნენ ირგვლივ ავადმყოფის საწოლს (ე.ი. ფეხულს ასრულებდნენ) და მღეროდნენ იავნანას ანუ ნანას სადიდებელს. მათ ეჭირათ თეფშები იის ნაყენით და გარშემო ასხურებდნენ. სიმღერის შესრულებისას ფეხშიშველა ცეკვავდა "მებოდიშეც" და ეს შეიძლება შორეული გამოძახილი იყოს დედა ქალღმერთის კულტისა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რიტუალურ მუსიკასა და ცეკვას. ხშირად ავადმყოფს შემოავლებდნენ ხოლმე წითლად შეღებილ მამალს, ბატკანს ან ძროხას, თავშემოვლის დროსაც მღეროდნენ ბატონებისთვის განკუთვნილ საგალობელს: "ბატონებო, მოუოხეთ, მოუოხეთ ბატონებო ლამაზი ბატონებია, ია და ვარდი ჰფენია" ამას ასრულებდნენ ცეკვით ავადმყოფის დედა, ბებია, მამიდა. ზოგჯერ ისინი შიშვლები ცეკვავდნენ. შიშველი ქალების ცეკვა ერთ-ერთი უძველესი წარმართული რიტუალის სახეცვლილ ფორმას წარმოადგენს. იყო შემთხვევები, როცა ავადმყოფის დედა ან ბებია მკერდს გაიშიშვლებდა, ძუძუებს მიწაზე გაათრევდა და ფორთხვით სამჯერ შემოუვლიდა ავადმყოფის საწოლს სიტყვებით: "დედამიწავ, გვაპატიე ჩვენი უდევრობა, ჩემი შვილი კარგად მიმყოფე". ეს რიტუალი დედა მიწის თაყვანისცემას უკავშირდება და ბატონების კულტში ერთ-ერთ არქაულ ელემენტს წარმოადგენს. თავშემოვლა ტარდებოდა ე.წ. "გადალოცვის" რიტუალის დროსაც, რაც ბატონების სხვისთვის გადაცემას ნიშნავდა. ავადმყოფის თავშემოვლებულ სუფრას გზაჯვარედინზე გაიტანდნენ იმ აზრით, რომ გამვლელი თან წაიღებს და ბატონებიც მას გაჰყვება. გადალოცვის მაგიური რიტუალიც ბატონების კულტის ერთ-ერთი უძველესი ელემენტია. ხევში ბატონების გასტუმრების რიტუალი ასევე დედამიწის თაყვანისცემას უკავშირდება. ყვავილის მშვიდობიანად მოხდის შემდეგ დედა გულ-მკერდს გაიხსნიდა და შიშველი მკერდის მიწაზე შეხებით დაოთხილი სახლის კარამდე მიდიოდა, რომ ბატონები მშვიდობიანად გაესტუმრებინა. "იავნანა" ადრეულ საფეხურზე შეიქმნა, როგორც რიტუალური სიმღერა და ბოლო დრომდე შეინარჩუნა ეს ფუნქცია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ თლიანად ტექსტი ძველია, მაგრამ მასში ძველი წარმოდგენები აირეკლა, როცა ბატონები აღიქმებოდნენ 7 და-ძმის სახით. ისინი შორეული ქვეყნიდან მოდიოდნენ და საგანგებო მასპინძლობას ითხოვდნენ. მომზადებულია ქეთევან სიხარულიძის ნაშრომის მიხედვით "კავკასიური მითოლოგია" ასევე დაგაინტერესებთ:1. ვეფხისტყაონის ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ)2. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას3. თამარ მეფის ბრძოლები4. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?5. ვერხმატის ქართული ლეგიონი6. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო7. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები8. ქართული მითოლოგია - დედა მიწა9. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი10. ქართული მითოლოგია - აფსათი11. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა12. ქართული მითოლოგია - არმაზიავტორი: თორნიკე ფხალაძე1395 2-ს მოსწონს
|