საქართველო დიადი თუ წყვდიადი 2019, 30 იანვარი, 9:52 ხშირად მსმენია - ისტორია მეორდებაო და ეს ფრაზა ისევე გაცვდა, როგორც ის სიბრძნე, რომ გამეორება ცოდნის დედაა. მე კი მგონია, ეს ის შემთვევაა, როდესაც გამეორება უმეცრების დედაა, ან სულაც ანჩხლი დედინაცვალი!
შორს ვარ ზვიადის იდელიზაციისგან და საერთოდ ვინმეს იდეალიზებისგან, რადგან არ მწამს კერპების. ცხადია, ალბათ მასაც ჰქონდა მისი შეცდომები და სუსტი მხარეები, ისევე, როგორც ყველა ლიდერს და ყოველ მოკვდავს. თუმცა, შეუძლებელია არ აღიარო, რომ ის ეროვნული გმირია, რომელმაც მამა-პაპის საუკუნეების ნანატრი დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოს საკუთარი სიცოცხლის ფასად და ეჭვიც არ მეპარება, რომ სრულიად გაცნობიერებულად დადო სასწორზე საკუთარი სიცოცხლე ამ დიადი იდეის საპირწონედ! თუმცა, ვისთვის დიადი იყო და ვისთვის წყვდიადი, ჩვენ ხომ პარადოქსებით სავსე ეპოქაში ვცხოვრობთ.
"პროვინციული ფაშიზმი" - ასე უწოდეს მაშინ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ზვიადის წინააღმდეგ სწორედ ეს გახდა: "რა ხალხი ჰყავს შემოკრებილი"! მესმის, რომ ჩვენ უკიდურესი "სნობიზმით" შეპყრობილი საზოგადოება ვართ, ვერელს საბურთალოელზე უპირატესი ჰგონია თავი, მაგრამ როდესაც ზვიადს ადანაშაულებენ იმაში, რომ ინტელიგენციას განუდგა, მახსენდება ჩემი ახლობლის იმდროინდელი, არჩევნების წინა პერიოდში მონათხრობი ამბავი, თუ როგორ მივიდა ზვიადი ერთ-ერთ "ოპოზიციურ" პარტიასთან, რომლის წევრიც ის ახლობელი იყო მაშინ და ზოგადად ყველასთან, სრულიად საქართველოს ინტელიგენციასთან, თხოვნით, რომ გაერთიანებულიყვნენ მასთან ერთად ამ არჩევნებში, მაგრამ, სამწუხაროდ ყველამ ზურგი შეაქცია. კარგად მახსოვს ამაზე ჩემი რეაქცია და სიტყვები, რომლებიც უმოკლეს ვადაში გამართლდა - ზვიადმა და ქართველმა ხალხმა იმ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო ინტელიგენცია, რომელიც თავად განუდგა ეროვნულ მოძრაობას, დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. სწორედ ეს აღმოჩნდა ეროვნული მოძრაობის თავზე საბედისწეროდ დაკიდებული დამოკლეს მახვილი.
უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა და ფაქტიურად რაც ხდებოდა მაშინ, ის ხდება ახლაც, თითქოს სცენარისტი იგივეა და სტილიც დაცულია, მხოლოდ პერსონაჟები იცვლებიან, ახლები შემოდიან ავანსცენაზე, ძველები - ზოგი დაბერდა, ზოგიც აღარ არის, სერიალი კი გრძელდება. ღვთის მადლით, იმედია ძმათასისხლისმღვრელ ომს მაინც აღარ დავუშვებთ, ალბათ ამდენი ჭკუა-გონება მაინც შეგვძინა ამ სავალალო გამოცდილებამ. თუმცა, იქ, სადაც სინდისი დუმს, ჭკუა-გონება ისეთივე საშიშია, როგორც უჭკუობა! სირაკუზის და დიონისიოს როლი კვლავაც უცვლელი რჩება ამ სცენარში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მისი უდიდებულესობა ისტორია თავად გადაწყვეტს, თუ ვინ იყო ზვიადი, ან რა იყო დიადი და რა წყვდიადი.
11 შეფასება არ არის
|