განათლება სამი ბრძენი ყველაზე მთავარზე... 2019, 13 თებერვალი, 9:56 ციტატა – «აწმყო — შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა», გერმანელ მათმატიკოსს, ფიზიკისს, ფილოსოფოს, გამომგონებელს და ლოგიკოს, გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცს (1646-1716) ეკუთვნის, უფრო სწორედ, მას აზრი ეკუთვნის წარსულის, აწმყოს და მომავლის კავშირის შესახებ და ალბათ, ასე ხატოვნადაც არ ჟღერდა გერმანულად, როდესაც ის ილია ჭავჭავაძემ ქართულად თარგმნა... შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ერისთვის ეს ციტატა «ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულასავით» არის (ნიუტონს (1643-1727) და ლაიბნიცს ერთმანეთთან მიმოწერა ჰქონდათ. ნიუტონს საკითხთან დაკავშირებით აზრი გაუჩნდა, ლაიბნიცმა ფორმულა შექმნა) – ლაიბნიცს აზრი გაუჩნდა, ხოლო ილიამ «ფორმულა» შექმნა... თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენი მსჯელობის სგაგანი ციტატის ავტორი კი არა, ის არის, თუ წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის, ადამიანისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია. ქვემოთ მოცემულ იგავში, სწორედ ამ საკითხზე კამათობს 3 ბრძენი. ერთმა თქვა: — ჩემმა წარსულმა მაქცია იმად, ვინც ახლა ვარ. მე ვიცი ის, რაც წარსულში ვისწავლე. მე მაქვს საკუთარი თავის რწმენა, იმიტომ რომ, მე კარგად გამომდიოდა ყველა საქმე, რასაც წარსულში ხელი მოვკიდე. მე მომწონს ადამიანები, რომლებთანაც წარსულში კარგად ვგრძნობდი თავს და დღეს შემიძლია მათი მსგავსი ადამიანების ამოცნობა. მე თქვენ გიყურებთ, ვხედავ თქვენს ღიმილს და ვიცი რომ კამათის გარეშე არ მიიღებთ ჩემს აზრს. — დიახ, სწორედ ასეა, შენი აზრი ამ შემთხვევაში, მართლაც არ არის მისაღები — თქვა მეორემ, — შენ რომ მართალი იყო, ადამიანი განწირული იქნებოდა, როგორც ობობა, რომელიც ერთ ადგილზე ზის და ქსელს ქსოვს, გამომუშავებული ჩვევის გამო. ადამიანისთვის მთავარი მისი მომავალია. არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ვიცი და რისი გაკეთება შემიძლია მე დღეს – მე იმას ვისწავლი, რაც მომავალში დამჭირდება. ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი მინდა ვიყო, მაგალითად, 2 წლის შემდეგ, უფრო მეტად რეალურია, ვიდრე ჩემი მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორი ვიყავი 2 წლის წინ, რადგან ჩემს ქმედებას ამ მომენტში განსაზღვრავს არა ის, თუ როგორი ვიყავი, არამედ ის, თუ როგორი მინდა გავხდე მომავალში. მე მომწონს ადამიანები, რომლებიც იმათ არა ჰგვანან, ვისაც წარსულში ვიცნობდი. ხოლო, თქვენ იმიტომ გესაუბრებით, რომ წარმოდგენილი მაქვს საინტერესო ბრძოლა და აზრის მოულოდნელი ცვლილების შესაძლებლობა. — თქვენ მხედველობიდან საერთოდ გამოგრჩათ, — ჩაერია მესამე, — რომ წარსული და მომავალი მხოლოდ ჩვენს აზრებში არის. წარსული უკვე აღარ არსებობს. მომავალი ჯერ არ დამდგარა. და მიუხედავად იმისა, თქვენ წარსულს გაიხსენებთ, თუ მომავალზე იოცნებებთ, რეალური მხოლოდ აწმყოა. მხოლოდ აწმყოში შეიძლება ცხოვრებაში რამის შეცვლა – არც წარსული და არც მომავალი ჩვენ არ გვემორჩილება. მხოლოდ აწმყოში შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანი: წარსულში განცდილი ბედნიერების გახსენება – მწუხარების მომგვრელია, მომავალი ბედნიერების მოლოდინი – ამაღელვებელი. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 1478 4-ს მოსწონს
|