x
ოდრი ჰეპბერნი - მშვენიერების, ნიჭიერებისა და გრაციის სიმბოლო
„ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არც მის უნაკლო ფიგურაში და არც ვარცხნილობაში. ეს სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობაში და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს.და ეს სილამაზე წლებთან ერთად იზრდება, “ ამ სიტყვების ავტორი ყველას გამორჩეულად უყვარდა - მართლაც, ლამაზი უთვალავია, ის კი შავი მარგალიტივით იშვიათად მშვენიერი იყო.

image


ოდრი ჰეპბერნი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მოდისა და სტილის სიმბოლო და ფილანტროპი, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 1929 წლის 4 მაისს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ოდრი კეტლინ რასტონი. ოდრი იმ მცირერიცხოვან ქალ მსახიობთა კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებმაც კარიერის მანძილზე ემის, ტონის, გრემისა და ოსკარის მოპოვება შესძლეს.

ოდრი ჰეპბერნი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მოდისა და სტილის სიმბოლო და ფილანტროპი, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 1929 წლის 4 მაისს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ოდრი კეტლინ რასტონი. ოდრი იმ მცირერიცხოვან ქალ მსახიობთა კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებმაც კარიერის მანძილზე ემის, ტონის, გრემისა და ოსკარის მოპოვება შეძლეს.


ადრეული ასაკი

სილამაზით, გრაციითა და ელეგანტურობით განთქმულმა მსახიობმა ქალმა სიყრმის ნაწილი ინგლისში, სკოლა-ინტერნატში, გაატარა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ის ნიდერლანდებში, არნჰემის კონსერვატორიაში, სწავლობდა. მას მერე, რაც ამ ქვეყანაში ნაცისტები შეიჭრნენ, ოდრის და დედამისს არსებობისთვის უწევდათ ბრძოლა. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, ის წინააღმდეგობის მოძრაობას გზავნილების გადაცემით ეხმარებოდა. ომის დამთავრების მერე, ჰეპბერნმა კვლავ გამოხატა ინტერესი ცეკვისადმი. ის ჯერ ამსტერდამში, მოგვიანებით კი ლონდონში, ბალეტზე დადიოდა. 1948 წელს, მისი, როგორც მოცეკვავის, დებიუტი შედგა, რომელსაც რამდენიმე უმნიშვნელო როლი მოჰყვა ბრიტანულ სცენაზე.

1951 წელს, ჰეპბერნის დებიუტი შედგა მხატვრულ ფილმში „ველური შვრია“.

image

ბროდვეიზე

22 წლის ასაკში, ოდრი ნიუ იორკში გაემგზავრა. მან მონაწილეობა მიიღო ბროდვეის პროდუქციაში „ჟიჟი“, რომელიც ფრანგი მწერლის, კოლეტის, წიგნს ეფუძნება. 1990-იანი წლების პარიზი... კომედია თინეიჯერ გოგონაზე გვიამბობს, რომელსაც ზრდასრულობამდე სულ ცოტა უკლია... ეს არ არის სტანდარტული გოგონას ცხოვრება... მას კურტიზანობას ასწავლიან...

ორი წლის მერე, ოდრიმ, გრეგორი პეკთან ერთად, „რომაულ არდადეგებში“ გაიბრწყინა. მან მსოფლიო შტურმით აიღო. პრინცესა ანას როლმა თანაბრად გააოგნა მაყურებელიც და კრიტიკოსებიც. ეს წარმატება ოსკარით დაგვირგვინდა - საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს.

image

ერთი წლის შემდეგ, ბროდვეის დაუბრუნდა და პიესაში „უნდინა“ მელ ფერერთან ერთად ითამაშა. ეს ფენტეზია, რომელიც გვიყვება, როგორ შეუყვარდება მამაკაცს წყლის ნიმფა. გრაციოზულობის წყალობით, ჰეპბერნმა ამ წარმოდგენაში ქალთევზას დამაჯერებელი სახე შექმნა ნაპოვნი და დაკარგული სიყვარულის შესახებ, რისთვისაც 1954 წელს ტონით დაჯილდოვდა კიდეც. იმავე წლის 25 სექტემბერს, მელმა და ოდრიმ იქორწინეს.

კინოვარსკვლავი

დიდ ეკრანზე დაბრუნებისთანავე, ჰეპბერნმა შეასრულა მთავარი როლი ფილმში „საბრინა“ და ისევ წარმატება მოიპოვა. ის ამერიკის კინოაკადემიის მიერ ნომინირებული იყო ამ ტკბილ-მწარე რომანტიკულ კომედიაში განსახიერებული როლისთვის.

1957 წელს, ახლა უკვე საცეკვაო მონაცემების გამომჟღავნების საშუალება მიეცა - ფრედ ასტერთან ერთად ითამაშა მიუზიკლში „სასაცილო სახე“. ეს კიდევ ერთი ტრანსფორმაცია იყო. ამჯერად, ის ასრულებს წიგნის მაღაზიის გამყიდველის როლს, რომელსაც მოდის ფოტოგრაფი აღმოაჩენს და მომხიბლავ მოდელად გადააქცევს. ჰეპბერნის კოსტიუმები ფილმისთვის ჟივანშიმ შექმნა, რომელიც მისი ერთ-ერთი ახლო მეგობარი იყო.

მეორე როლი თავის ქმართან ჰეპბერნმა ლევ ტოლსტოის რომანის „ომი და მშვიდობა“ ეკრანიზაციაში შეასრულა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ჰენრი ფონდა. ამას მოჰყვა და ლიუკის როლი სურათში „მონაზვნის ამბავი“, რომელმაც ოსკარზე ნომინაცია მოუტანა. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ეს მისი საუკეთესო როლია. ამას მოჰყვა ჯონ ჰიუსტონის ვესტერნი „უპატიებელი“ ბარტ ლანკასტერთან ერთად. ამავე წელს, 1960-ში, მას პირველი ვაჟი შონი შეეძინა.

1961 წელს, ჰოლი გოლაითლის როლით ფილმში „საუზმე ტიფანისთან“, მან მოდის ახალი სტანდარტები შემოიღო. ფილმი მოგვითხრობს წვეულებების მოყვარულ, ერთი შეხედვით ზედაპირულ, მაგრამ სინამდვილეში, სევდიან ნიუ იორკელ გოგონაზე, რომელსაც ახალბედა მწერალი შეუყვარდება. ოდრის პარტნიორობას ჯორჯ პეპარდი უწევს. ამ სახელგანთქმულმა ფილმმა ჰეპბერნს ოსკარზე ქალის საუკეთესო როლისთვის მეოთხე ნომინაცია მოუტანა.

image

გვიანდელი კარიერა

ქერი გრანტთან ერთად, 1963 წელს სურათში „შარადა“ გადაიღეს. ამას მოჰყვა (1964) პოპულარული მიუზიკლის „ჩემი მშვენიერი ლედი“-ს კინოვერსია. ოდრიმ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მეტამორფოზას - მეყვავილე გოგონადან მაღალი წრის ლედამდე - არაჩვეულებრივად გაართვა თავი. შემდეგ, უფრო დრამატული - ბრმა ქალის - როლი ფილმში „დაელოდე დაბნელებას“ შეასრულა ალან არკინთან ერთად. მისი გმირი ჭკუით ამარცხებს კრიმინალებს, რომლებიც მას სტანჯავენ. ამ სურათმა ოდრის კინოაკადემიის მეხუთე ნომინაცია მოუტანა. იმავე 1967 წელს, ჰეპბერნი და ფერერი ერთმანეთს დასცილდნენ და მოგვიანებით განქორწინდნენ კიდეც. 1969 წელს, ის იტალიელ ფსიქიატრ, ანდრეა დოტის გაჰყვა ცოლად, რომლისგანაც 1970 წელს მეორე ვაჟი ლუკა გაუჩნდა. ოდრიმ უკანასკნელი ეკრანული სახე სტივენ სპილბერგის ფილმში „ყოველთვის“ შექმნა (1989).

მემკვიდრეობა

მოგვიანებით, ოდრისთვის ფილმებში გადაღებამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და წინ მსოფლიო ბავშვების თემამ წამოიწია. 1980-იანი წლების მიწურულს, ოდრი ჰეპბერნი იუნისეფის კეთილი ნების ელჩი გახდა. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მოგზაურობისას, ჰეპბერნი ცდილობდა, გაჭირვებული ბავშვების შესახებ ცნობიერება აემაღლებინა. მას ძალიან კარგად ესმოდა, რას ნიშნავს რამდენიმე დღის შიმშილი - ოდრიმ ხომ იგივე თავის ტყავზე იწვნია გერმანელების მიერ ოკუპირებულ ნიდერლანდებში ცხოვრების დროს. 50-ზე მეტი ვიზიტისას, მსახიობი იმყოფებოდა აზიაში, აფრიკასა და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. 1993 წელს, მან ჰუმანიტარული საქმიანობისთვის კინოაკადემიის სპეციალური ჯილდო მიიღო, მაგრამ ამ სიხარულს უკვე ვეღარ მოესწრო. ოდრი ჰეპბერნი 1993 წლის 20 იანვარს, 63 წლის ასაკში, შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, კიბოსთან მებრძოლი, გარდაიცვალა.

მისი ბავშვებისადმი სამსახური მსოფლიოს გარშემო გრძელდება. 1994, წელს მისმა ვაჟებმა, შონ ფერერმა და ლუკა დოტიმ, ოდრის კომპანიონ რობერტ უოლდერსთან ერთად, ოდრი ჰეპბერნის მემორიალური ფონდი დააარსეს უინისეფში. დღესდღეობით, მას იუნისეფის აშშ-ს ფონდის ოდრი ჰეპბერნის საზოგადოება ჰქვია. მშვენიერება მშვენიერებას შობს!




0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0