საზოგადოებრივი როგორ ამოვიკითხოთ სხეულის ენა -ყველაფერი არავერბალური კომუნიკაციის შესახებ 2019, 7 იანვარი, 22:23 ის, რომ კომუნიკაცია მხოლოდ ვერბალურ ნაწილს არ მოიცავს და ენა შესაძლოა სხეულსაც გააჩნდეს, მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აღაირეს და ეგრედ წოდებული "ჟესტების ენის" სიღრმისეული შესწავლაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიისა თუ ფიზიოგნომიკის სახით, კაცობრიობას ადამიანის ქცევის შესწავლის კუთხით მემკვიდრეობა უკვე ჰქონდა, სხეულის ენა, მაინც ახალ მეცნიერებად მიიჩნევა. პირველი მეცნიერული კვლევები ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში ჩატარდა. 1971 წელს. პროფესორმა ალბერტ მერაბიანმა საკუთარ ნაშრომში კომუნიკაციის სამ ძირითად ასპექტს გაუსვა ხაზი -სიტყვები ( 7% ) ინტონაციას (38%) და სხეულის ენას (55%.) თეორიის თანახმად, ეს სამი კომპონენტი ერთმანეთს აუცილებლად უნდა ეთენხმებოდეს. თუ ასე არ მოხდა, თანამოსაუბრე ჩვენს ნათქვამს ვერ გაიგებს. მაგალითად, თუ ადამიანს ვეუბნებით რომ მასთან ვახშმობა გვსურს, მაგრამ ამავე დროს ვღელავთ, უკმაყოფილო სახე გვაქვს და ხშირ-ხშირად საათზე ვიყურებით, თანამოსაუბრე, რასაკვირველია იფიქრებს, რომ გაქცევას და სიტუაციის თავიდან არიდებას ვცდილობთ. ის არ დაუჯერებს ჩვენს სიტყვებს, რადგან არავერბალურად საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ. სხეულის ენას ადამიანები 55% -ით ენდობიან, სიტყვებს კი მხოლოდ 7%-ით. ადამიანისთვის, როგორც სოციალური და მაღალგანვითარებული, მოაზროვნე არსებისთვის, თანამედროვე ეპოქაში კომუნიკაცია უპირველესია. ვნახოთ, რომელ ძირითად კომპონენტებს გამოყოფენ და რა სახის კლასიფიკაციას გვთავაზობენ მკვლევარები სხეულის ენის შესწავლის პროცესში. შპილი
ალბათ ყველას შეგვინიშნავს, რომ ზოგჯერ მოსაუბრე ხელებით კონუსის ფორმას ქმნის. ეგრედწოდებული "შპილი" (გერმანულად- Spill) ჟესტების ენის ერთ-ერთი საინტერესო და განსხვავებული ნიშანია. ის ამერიკელმა ანტროპოლოგმა და არავერბალური კომუნიკაციის სპეციალისტმა, რეი ბირდვისტელმა აღმოაჩინა. ამ ჟესტს ხშირად თანამდებობის პირები და ავტორიტეტის მქონე ადამიანები იყენებენ. ის თავდაჯერებულობას, საკუთარ აზრსა და ცოდნაში დარწმუნებულობას და ზოგჯერ ქედმაღლობასაც გამოხატავს. შპილი ცალკეული ჟესტია და არ არის დაკავშირებული სხვა ნიშნებთან. ღია ხელისგულები გაშლილი ხელისგულები პუბლიკის წინაშე, ადამიანებს გამომსვლელის მიმართ ნდობით განაწყობს. ამ ჟესტს ეფექტური ცვლილების შესატანად და საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულების მოსაპოვებლად იყენებენ. დახრილი ხელისგულები გამოსვლის დროს დახრილი ხელისგულები გამომსვლელის თავდაჯერებულობაზე და სანდოობაზე მიგვანიშნებს, თუმცა, ასევე ოდნავ მკაცრ მოწოდებაზეც- დავუჯეროთ მას. ეს ჟესტი ჰიტლერის პოზასაც მოგვაგონებს- "გააკეთეთ ისე, როგორც ვამბობ." ხელები ზურგს უკან ეს ჟესტი გარკვეულწილად კომფორტს, ნდობას გვიჩვენებს. ვინაიდან გულმკერდი ღიაა და ამ ჟესტით პიროვნება სიტუაციისადმი ღიაობას გამოხატავს. შესაძლოა მსგავსი ჟესტი ნერვიულობის, ლოდინის დროსაც შევნიშნოთ. ამ დროს ადამიანებს ხშირად უხერხულობა ექმნებათ, როდესაც, უეცრად ვინმე შეხედავს. ისინი თავს შიშვლად გრძნობენ და პოზას იცვლიან. ხელი გულზე საუბრის ან გამოსვლის დროს ხელის გულზე დადება გამოხატავს პიროვნების სურვილს, მისი სჯეროდეთ. შესაძლოა, პიროვნება სულაც არ ამბობდეს მართალს, მაგრამ, იმ მომენტში ის გულწრფელად გვთხოვდეს დავუჯეროთ. საჩვენებელი თითი მოსაუბრის მიერ ლაპარაკისას საჩვენებელი თითის გამოყენება ქედმაღლურ დამოკიდებულებას გამოხატავს. ამ ჯესტს მასწავლებლები იყენებენ მოსწავლეების მიმართ, მშობლები შვილის მკაცრი დარიგების დროს. როცა მოსაუბრე ამ ჟესტს იყენებს, ამით საკუთარ უპირატესობას გვიჩვენებს. გადაჯაჭვული ხელები ხელების ერთმანეთზე გადაჯაჭვა და ფშვნეტა პიროვნების არასასიამოვნო განცდებზე, ნერვიულობასა და შფოთვაზე მიგვანიშნებს. ამ დროს ის ცდილობს საკუთარი თავი ანუგეშოს და დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თავის მოძრაობა მოსაუბრე მოსმენის დროს თავის ქნევის სისწრაფით გამოხატავს თუ რამდენად გულისყურით გისმენთ. ნელი თავის ქნევა მისი მხრიდან ინტერესს გამოხატავს, სწრაფი კი პირიქით- ნიშნავს, რომ მას ერთი სული აქვს საუბარი დაასრულოთ და გაიქცეს. ფეხების მიმართულება უცნაურია, მაგრამ შესაძლოა ადამიანი გესაუბრებოდეთ, მაგრამ ყურადღება სხვისკენ ჰქონდეს მიმართული. ეს მაშინ, როდესაც სამნი საუბრობთ. დააკვირდით მოსაუბრის ფეხის ტერფების მიმართულებას. თუ ის თქვენ გესაუბრებათ, ფეხები კი მესამე მოსაუბრისკენაა მიმართული, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენ ნაკლებად აინტერისებთ. ტუჩზე კბენა საუბრის დროს ტუჩის კვნეტა ან კბენა უხერხულობის, საკუთარ თავში დაურწმუნებლობის ნიშანია. ზოგჯერ კი ზეწოლისა და დაძაბულობის. თვალების დახუჭვა დახამხამებას წამის მეათედი სჭირდება, მაგრამ თუ თვალებს რამდენიმე წამით ვხუჭავთ, ამ დროს მომენტის გადახაშვას ან სიტუაციის განეიტრალებას ვცდილობთ. ტვინს დამშვიდებასა და სიტუაციის გაანალიზებას ვაიძულებთ. თვალების დახრა წარუმატებელი სვლაა, თუ გვსურს, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოვიპოვოთ. პატარა მორცხვი ბავშვის ტაქტიკას წააგავს და მორიდებულობასთან ასოცირდება. ამ ჟესტით სიმორცხვეს და დაუცველობას ამჟღავნებენ. თავი გვერდზე თუ კი მოსმენისას პიროვნება თავს გვერდზე ხრის, ეს მისი მხრიდან ინტერესს გამოხატავს. მას სურს უფრო მეტის გაგება და ჩართულია მოსმენის პროცესში. ამ დროს ის თვალებში გიყურებთ . ამ ჟესტის საპირისპირო ქმედება სხვა საგნებზე მზერის გადატანა და მიმიკების ხშირი ცვლაა. სახის მიმიკებით გამოხატული ემოციები -
უკმაყოფილება სწორედ ის ემოციაა, რომელიც თანამოსაუბისათვის ყველაზე მარტივი შესამჩნევია. თუ მოსაუბრეს ტუჩებზე დავაკვირდებით, უკმაყოფილების შემთხვევაში ის ტუჩის ერთ კუთხეს ზემოთ ასწევს, თითქოს ირიბად იღიმის. აღნიშნული მიმიკა ადამიანში შესაძლოა გამოიწვიოს როგორც თანამოსაუბრის მიერ დასმულმა შეკითხვამ ან მიწოდებულმა ინფორმაციამ, ასევე საკუთარმა ფიქრებმა და ემოციებმა. ზიზღი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ემოციაა. მისი მთავარი ეპიცენტრი სახის შუა ნაწილია. წარბების შუა წერტილი, ცხვირი და ტუჩები. შეიძლება ზიზღი აქედან რომელიმე ცალკეულ ნაკვთზე გამოისახოს, თუმცა უმეტესაც მას წარბების შეჭმუხნისას ან ზედა ტუჩის ზემოთ აწევისას ვამჩნევთ. ზიზღის გამოხატვისას შესაძლოა ადამიანი გიყურებდეთ, მაგრამ მას სულაც არ სძულდეთ. შეიძლება მას უბრალოდ რომელიმე საძულველი მოგონება გაუღვიძეთ. სიხარული სიხარულიც ადვილი ამოსაცნობია. როდესაც გვიხარია, ჩვენი ტუჩის კუთხეები ზემოთ მიემართება. თუმცა ეს შესაძლოა ყალბი იყოს. თუ კი ყვრილამებიც ზემოთ იწევა და თვალების კუთხეები წვრილდება, ესეიგი სიხარულიც ნამდვილია. გაოცება თვალების გაფართოება. პირის ოდნავ გაღება და წარბების ზემოთ აწევა გაოცების მანიშნებელია. თუმცა ის, ერთ წამზე მეტ ხანს არ გრძელდება. გაბრაზება შეკუმშული ტუჩები და ქვემოთ მიმართული, შეკრული წარბები გაბრაზებას გამოხატავს. მოწყენა მოწყენილი ადამიანის ამოცნობა ძალიან მარტივია. ამ ემოციისთვის ირიბად დახრილი წარბები, მოდუნებული, თითქოს ძილისკენ მიდრეკილი ზედა ქუთუთოები და დაშვებული ტუჩის კუთხეებია დამახასიათებელი. შიში შიშის დროს წარბები ზემოთ იწევა და ერთმანეთთან ახლოვდება, ტუჩის კუთხეები კი ყურების მიმართულებით იწევს. ურთიერთობის დროს გამოხატული ჟესტებით შეგვიძლა ჩვენს მიმართ თანამოსაუბრის განწყობაც ამოვიცნოთ: *მაგალითად, როდესაც ადამიანი ჩვენს მიმართ გულწრფელია, ის საუბრისას ჩვენსკენ ხელისგულებს იშვერს. ამით ის საკუთარ ღიაობას გამოხატავს. თუ კი ის რაღაცას გვიმალავას, ხელებს ჯიბეებში იწყობს ან გულზე გადაიჯვარედინებს. * ყველაზე ხშირად ადამიანები ტყუილის დამალვას ცდილობენ. როდესაც ვიტყუებით, საკუთარ სახეს და ცხვირს ვეხებით. ყალბად (მხოლოდ ტუჩებით ) ვიღიმით, მღელვარება გვემატება და ხმის ტემბრი გვეცვლება. * მარტივად შეგვიძლია მივხვდეთ როგორ არის მოსაუბრე ჩვენს მიმართ განწობილი. დავაკვირდეთ მის მოძრაობებს.თუ ის გვბაძავს და ჩვენს ქმედებებსა და ჟესტებს იმეორებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მას მოვწონვართ. * თვალებში დიდხანს ყურება, მიშტერება შესაძლოა დაინტერესებასაც ნიშნავდეს და საფრთხის შემცველიც იყოს. დაჟინებული მზერით ნეგატიური დაინეტერესებაც ვლინდება და პოზიტიურიც. * ჯდომისას გადაჯვარედინებული ფეხები კომპლექსის და შებოჭილობის მაჩვენებელია . თუ კი მოსაუბრე მსგავს პოზაში ზის, ეს ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში დაბალი თვითშეფასება გააჩნია. * ყველაზე პოზიტიური ჟესტი სიცილია. თუ ადამიანი ჩვენს იუმორზე იცინის, ეს დადებითი დამოკიდებულების მანიშნებელია. * თუ ადამიანი ლაპარაკის დროს ჩვენსკენ იხრება, ეს მისი მხრიდან ჩვენს მიმართ, ან საუბრის თემის მიმართ დაინტერესებას გამოხატავს. *ასევე დაინტერესებას და თანხმობას გამოხატავს საუბრის დროს თავის ქნევა. ოღონდ ზომიერად. გადამეტებული თავის ქნევა ხშირად საპირისპიროს ამბობს. თითქოს თქვენ მოსაუბრეს თავს აჩვენებთ, რომ მონაყოლს ისმენთ. * წელში მოხრილად ჯდომა ინდიფერენტულობის, საუბრის თემისადმი გულგრილობის ნიშანია და მოსაუბრის მხრიდან უპიტივცემულობად აღიქმება. * ასევე, უპატივცემულობად მიიჩნევა საუბრის დროს საათზე ხშირი ყურება. ამ ჟესტით პიროვნება ამბობს, რომ თქვენთან მოსაწყენია და მას წასვლა ეჩქარება. * ზრუნვის გამომხატველი ჟესტი კი შეხებაა. როდესაც ჩვენთვის სასურველ სუბიექტს ვეხებით, ჩვენ მის მიმართ დადებით განწყობას გამოვხატავთ. ასევე ხშირი შეხება მესაკუთრის ჟესტადაც აღიქმება. ამით ხაზს ვუსვამთ, რომ ის ჩვენია. 757 2-ს მოსწონს
|