x
ქეთი მელუა - წარმოშობით ქართველი ბრიტანელი ფოლკის მომღერალი თავისი ცხოვრების შესახებ
პ.მ: 15 წლის წინ, თქვენმა ალბომმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 11 მილიონი მსმენელის გული მოიგო. ელოდით ამხელა წარმატებას?

ქ.მ: არ ველოდი, მაგრამ ყოველთვის ვოცნებობდი, გამეყიდა მილიონობით დისკი. სანამ ემიგრაციაში წავიდოდით, საქართველოში ვმღეროდი. ჩვენი წასვლის მიზანიც სწორედ ეს იყო - მე და ჩემს მშობლებს გვინდოდა, ამ გზით ბევრი ფული გვეშოვა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ მიზნისთვის მიმეღწია.

image

პ.მ: როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ წარმატების საიდუმლო?


ქ.მ: ეს განაპირობა იმან, რომ მე ვიცოდი, როგორ დამეწერა სიმღერები და მაიკ ბეტმაც (მისი პირველი პროდიუსერი) კარგად იცოდა თავისი საქმე. ჩვენ ორივეს გვჯეროდა, რომ კარგად გაიჟღერებდა კლასიკური სიმღერა ჯაზის, ბლუზის და ფოლკის ელემენტებით. მე მსურდა, რომ ჩემი თითოეული სიმღერა საუკეთესო ყოფილიყო. ბევრს ვმუშაობდი, რათა უკეთ მესწავლა გიტარაზე დაკვრა, უკეთესი ტექსტები დამეწერა და ამავე დროს, გართობისთვისაც დამრჩენოდა დრო.

პ.მ: და ყველაფერმა ამან კრიზისამდე მიგიყვანათ 2010 წელს?

ქ.მ: დიახ. ერთბაშად პარალიზებული აღმოვჩნდი. დავიბლოკე. დავკარგე ცხოვრების ხალისი. ყველაფრის მეშინოდა. 6 თვე საავადმყოფოში გავატარე. იქიდან გამოსვლის შემდეგ, ვიგრძენი, რომ თანდათან ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა. თითქოს, ხელახლა დავიბადე. ამის შემდეგ, მივხვდი, რომ მუსიკის გააზრების სხვა ხერხიც არსებობს. ეს არის ცხოვრება, რომელიც შთაგონებას გაძლევს. სწორედ ამის გააზრება ვერ მოასწრეს კურტ კობეინმა, ჯიმ მორისონმა და ჯიმი ჰენდრიკსმა. ისინი ისე ახალგაზრდები ავიდნენ წარმატების ზენიტში! თითოეული მათგანი 27 წლის ასაკში დაიღუპა. ეს იყო როკის საბედისწერო გავლენა მათზე. კრიზისის დროს, მე 26 წლის ვიყავი. მე გამიმართლა და გადავრჩი. უარი ვთქვი სასმელსა და ნარკოტიკზე. ამგვარად, მოვახერხე და შემოვინახე ენერგია, რომელიც კარიერის გასაგრძელებლად მჭირდებოდა. გავიაზრე, რომ ჯანმრთელი სხეულითა და ფსიქიკით უფრო მივაღწევდი წარმატებას. ეს ისეთი საშინელი პერიოდი იყო, რომ მისი გახსენებაც კი მზარავს.

image

პ.მ: და დღესდღეობით თქვენ ხართ ჯანმრთელი ცხოვრების მიმდევარი - ნარკოტიკისა და ალკოჰოლის გარეშე...

ქ.მ: დღეს მე ბედნიერი ვარ. ვიღვიძებ ნორმალურ მდგომარეობაში. ვსეირნობ სუფთა ჰაერზე. ვარ საოცრად შრომისუნარიანი. მსიამოვნებს ბუნებაში ხეტიალი.

პ.მ: მუსიკის გამო, ბევრ რამეზე გითქვამთ უარი?

ქ.მ:-რა თქმა უნდა. ჩემი ცხოვრება მუსიკის ირგვლივ ტრიალებს და ვაპირებ, მუდამ მუსიკა ვაკეთო.

პ.მ: 2005 წელს, თქვენ ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღეთ. საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა გაგიჭირდათ?

ქ.მ: მაშინ კი, მაგრამ დღესდღეობით, საქართველო არ ქმნის პრობლემას. მისი კანონმდებლობით, შესაძლებელია ორმაგი მოქალაქეობა. როგორც კი დრო მექნება, მაშინვე დავიბრუნებ ჩემს პირვანდელ მოქალაქეობას. დღესდღეობით, თავს ნამდვილ ინგლისელად ვგრძნობ. ჩემი ქართველობა კი ვლინდება იმაში, რომ მაქვს თავის რწმენა და ვარ გულწრფელი. ინგლისელებმა კი მასწავლეს დელიკატურობა, აგრეთვე, ადამიანებისა და ფაქტების სწორი შეფასება. ბრიტანელები ურთიერთობებში გამოირჩევიან დახვეწილობით, რაც ძალიან მომწონს. ქართველებზე იგივეს ვერ ვიტყოდი. ზოგადად, ქართული ყოფაც გაცილებით მძიმეა.

image

პ.მ: თქვენ არანორმალურად პოპულარული ხართ საქართველოში. ფიქრობთ, რომ თქვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი ხართ?

ქ.მ: ამაზე „ინგლისურად“ გიპასუხებთ: ამ კითხვაზე პასუხს მე არ უნდა ვცემდე. და მაინც გეტყვით: 6 წლის წინ, ერთმა ქართველმა ქალბატონმა ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი ჩაატარა. როცა მას შევხვდი, არაჩვეულებრივი სიყვარულით ჩამიკრა გულში. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც 1990-იან წლებში დაიწყო ჯოჯოხეთი, რომელიც 2000-იან წლებშიც გაგრძელდა. მე რაც შემეძლო, ჩემ ქვეყანას ვეხმარებოდი იმ წლებში.

image

პ.მ: ტურნეზე, ქორალთან ერთად მიდიხართ, რომელშიც 16 ქალი მღერის. ხომ არ არის ეს მიბრუნება იმ მუსიკისკენ, რომელიც დღემდე გკვებავთ?

ქ.მ: მართალი გითხრათ, სულ მრცხვენოდა, რომ მხოლოდ ინგლისურად ვმღეროდი. როცა ამ ქალბატონებს შევხვდი გორში, მივხვდი, რომ ჩვენი ხმები არაჩვეულებრივად ერწყმოდა ერთმანეთს. მათ თითქოს სხვა ტიპის მომღერლად მაქციეს. და რაც ყველაზე მთავარია, მათთან ერთად ქართულად ავმღერდი.

პ.მ: რას იტყვით თქვენი დისკის შესახებ, რომელსაც „ზამთარი“ უწოდეთ და რომელიც კრიტიკამ შესანიშნავად მიიღო?

ქ.მ: ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზამთარზე შექმნილი დისკი ასეთი პოპულარული გახდებოდა.

პ.მ: ამჟამად, რა ხდება თქვენს მუსიკალურ ცხოვრებაში?

ქ.მ: მუსიკას ყოველდღე ვწერ. ამჟამად, ტურნესთვის ვემზადები. ჩემი სიმღერები ლონდონს ეხება, და ასევე ინგლისს „ბრექსიტი“-ს წინა რთულ პერიოდში. პოლიტიკაში არასდროს ვიცით, რა მოხდება. ეს საინტერესოა. ჩემთვის, მთავარ მიზნად რჩება, ვაკეთო ხარისხიანი მუსიკა.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0