x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საშობაო ზღაპარი

image


ერთი ძველი ლეგენდის თანახმად, საუკუნეების წინ, ლიბანის საოცარ ტყეში 3 კედარი "დაიბადა". როგორც ცნობილია, ეს მცენარეები წარმოუდგენლად ნელა იზრდებიან და ამიტომ, მათ ასობით წელი ჰქონდათ ადამიანებზე, ბუნებაზე, სიცოცხლეზე და სიკვდილზე დასაფიქრებლად.

ისინი დედამიწაზე მომხდარი უამრავი მოვლენის მოწმენი იყვნენ: როგორ მოდიოდნენ და მიდიოდნენ მეფეები, როგორ იქმნებოდნენ და ეცემოდნენ იმპერიები, როგორ დაღვარა უამრავმა ადამიანმა ბრძოლის ველზე სისხლი, თან არაერთხელ. მათ ნახეს სიყვარული და სიძულვილი, სიმდიდრე და სიღარიბე. ისინი ადევნებდნენ თვალს სავაჭრო ქარავნებს და მარტოხელა მოგზაურებს. მათ ისიც ახსოვდათ, თუ რამდენჯერ შეიცვალეს ენა ადამიანებმა და როგორ შექმნეს დამწერლობა.

ხეები ერთმანეთთან ძალიან იშვიათად საუბრობდნენ, მათ ყველაზე მეტად დაკვირვება და ფიქრი მოსწონდათ. მაგრამ, ერთხელ ლაპარაკი საკუთარ მომავალზე დაიწყეს.

– ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ ვნახე, – თქვა ერთმა კედარმა. – მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალა, ამიტომ ვისურვებდი, რომ ტახტად ვიქცე, რომელზეც დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ხელმწიფე იჯდება.

– მე კი მგონია, – ამოიოხრა მეორე კედარმა, – რომ მთავარი, ქვეყანაზე – სიკეთეა, ამიტომ ვისურვებდი, რომ ხელსაწყო გავხდე, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს.

– დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი – რწმენა და სულია – ჩაიშრიალა მესამე კედარმა. – ამიტომ, ვისურვებდი, რომ ჩემი დანახვისას, ადამიანებს რწმენა და იმედი ეძლეოდეთ.

ათწლეული ათწლეულს მიჰყვებოდა, და აი ერთხელ, ტყეში ხის მჭრელები გამოჩნდნენ. მათ სამივე ხე მოჭრეს, წაიღეს სახელოსნოში და დახერხეს.

თითოეული კედარი თავისას ოცნებობდა, მაგრამ რეალობა იშვიათად ემთხვევა მოლოდინს.

პირველი ხისგან პირუტყვის ჩვეულებრივ სადგომი გააკეთეს, ხოლო მისი ნარჩენისგან დურგალმა ბაგა გამოთალა. მეორე კედარი უხეშ მაგიდად იქცა, ხოლო მესამე – აღარ დასჭირდათ და საწყობში შეაგდეს.

სამივე ხემ იმედგაცრუებისგან ამოიოხრა: «სამწუხაროა, რომ ადამიანებმა ჩვენს მშვენიერ მერქანს ღირსეული გამოყენება ვერ მოუძებნეს…»

გადიოდა წლები და ერთხელ, ღამე, ცოლ-ქმარი თავშესაფრის ძიებაში, ღამის გასათევად, სწორედ იმ სადგომში მივიდა, რომელიც პირველი კედრისგან იყო აშენებული. ქალი ფეხმძიმედ იყო, იმ ღამეს ვაჟი შეეძინა და ის დედამ ბაგაში, თივაზე დააწვინა. პირველმა კედარმა სწორედ იმ მომენტში გააცნობიერა, რომ მისი ოცნება ახდა: ის ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი მეფის საყრდენი გახდა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და მეორე კედრის მერქნისგან გამოთლილ მაგიდას მასწავლებელი და მისი 12 მოსწავლე მიუჯდა. ტრაპეზის წინ მასწავლებელმა რამდენიმე სიტყვა წარმოსთქვა და მეორე კედარი მიხვდა, რომ მხოლოდ ღვინის თასის და პურის საინის კი არა, ღმერთის და ადამიანის კავშირის საყრდენი გახდა.

მეორე დღეს, მესამე კედრის მერქნისგან ჯვარი გააკეთეს და მასზე ცოცხალ-მკვდარი ადამიანი მიაჭედეს. ხე შეშინებული იყო იმ ხვედრით, რაც ერგო და ტირილი დაიწყო საკუთარი და მასზე ჯვარცმული ადამიანის ბედის გამო. მაგრამ, არ გასულა 3 დღე და ის ადამიანი, რომლის გამოც კედარი ცრემლად იღვრებოდა, სამყაროს კელაპტარი გახდა, ხოლო ჯვარი, წამების იარაღიდან – რწმენის სიმბოლოდ იქცა.

ასე ასრულდა ლიბანური კედრების სურვილი, – ისე, როგორც ეს ოცნებებთან დაკავშირებით ხდება: სრულდება, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.

imageპაულო კოელიო

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageახალბედა მფარველი ანგელოზი

ხორცშესხმული ანგელოზი

უფრო მეტი, ვიდრე ზღაპარი



0
84
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0