ასტროლოგია ყვითელი ღორი 2019 - ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ 2018, 5 დეკემბერი, 21:15 ჩინური ასტროლოგიის თანახმად, არსებობს ჰოროსკოპის 12-წლიანი ციკლი, რომელსაც შეესაბამება ამდენივე (12) ცხოველი: 1.ვირთხა; 2.ხარი; 3.ვეფხვი; 4.კატა(ბოცვერი); 5.დრაკონი; 6.გველი; 7.ცხენი; 8.თხა (ცხვარი); 9.მაიმუნი; 10.მამალი; 11.ძაღლი და 12.ღორი (ტახი). ისინი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ იკავებენ მთავარი ცხოველის ადგილს და თავიანთი თვისებებით განსაზღვრავენ ადამიანთა ბედს წლის განმავლობაში.
2019 წელს (1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007 წლების მორიგეობის შემდგომ) კვლავ ბრუნდება ყვითელი ღორი (ტახი). გამომდინარე იქიდან, რომ დამდეგი შობა-ახალი წელი ღორის ასპარეზია, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, გაითვალისწინონ მისი შინაგანი ბუნება, ხასიათი და არ გაანაწყენონ 2019 წლის მფარველი ცხოველი. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების, მატერიალური კეთილდღეობისა თუ სულიერი სიმშვიდის მიღწევა. ყვითელი ღორი გამორიცხავს წარმატებას უღირსი ნაბიჯების, სიზარმაცის, მოდუნებისა და უინიციატივობის შემთხვევაში. 2019 წელს აუცილებლად დაფასდება შრომა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მცდელობა, თუმცა ადამიანები ფინანსურ თუ პირად კეთილდღეობას შექმნიან არა მარტივი გზით, არამედ მხოლოდ თავიანთი იდეების, ნიჭის უნარების, მიზანდასახულობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით.
როგორია ღორი? ღორის დადებითი მახასიათებლებია: ღრმად რაინდული, კეთილშობილი - ღორი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული რაინდული თვისებებით, რაინდული სულითა და შემართებით, რაც 2019 წლისათვისაც წინა პლანზე გადმოვა. ბუნებით პატიოსანი - შინაგანი, პიროვნული პატიოსნება არის ის, რასაც ღორის წელიწადში განსაკუთრებით მიაქცევენ ყურადღებას თქვენთან კომუნიკაციისას ახლობლები, მეგობრები თუ უბრალოდ საქმიანი პარტნიორები. საოცრად ოპტიმისტური, სასიამოვნო, მხიარული, სიცოცხლისმოყვარული - ღორს არ უყვარს, როცა არსებული რეალობით უკმაყოფილო არიან. ამიტომ მოერიდეთ წუწუნს და ცხოვრებას შეხედეთ მაქსიმალურად ოპტიმისტურად. დიდსულოვანი, გულისხმიერი, კეთილი, ქველი, - ღორი ყოველთვის მზადაა, გაუგოს სხვებს, არა მხოლოდ მოთმინებით მოისმინოს სხვისი გასაჭირი, არამედ დაეხმაროს გარშემომყოფებს პრობლემების გადაჭრაში. ადამიანები 2019 წელს უნდა შეეცადონ, მიჰბაძონ მას ამ ნიშნითაც. გულუბრყვილო, ბავშვივით უმანკო - ღორი, თავისი კეთილშობილი, რაინდული ბუნებიდან გამომდინარე, ადვილად ენდობა ადამიანებს და სხვებისაგანაც იმავეს მოელის, თუმცა მზადაა იმისათვისაც, რომ შესაძლოა, იმედი გაუცრუონ. ამიტომ თუ 2019 წელს გადაწყვეტთ, ვინმეს უპირობოდ მიენდოთ, მაშინ უდრტვინველად უნდა დაელოდოთ შედეგს და აიტანოთ მოვლენების ნებისმიერი დასასრული. მშვიდი, დამთმენი - ღორი თავისი გულუბრყვილო, ბავშვივით უბოროტო ხასიათით, სუფთა სულით ხშირად აძლევს სხვებს უფლებას, მოატყუონ, მაგრამ შეუძლია, ნებისმიერი მარცხი, იმედგაცრუება ღირსეულად მიიღოს და დაითმინოს. 2019 წელს მზად იყავით იმედგაცრუებებისთვისაც და მიიღეთ იგი, როგორც ცხოვრების რიგითი გამოწვევა. მშვიდობისმოყვარე, არაკონფლიქტური, დიპლომატი, გაწონასწორებული - ღორი თითქმის არასოდეს ერთვება სხვებთან შეჯიბრსა და ქიშპობაში მაშინაც კი, როცა ამის სერიზულ მიზეზს აძლევენ. იგი დიდსულოვნად და დიპლომატიური მოხერხებულობით იტანს სხვების ნაკლოვანებებს და უღირს ქცევებს. მიუხედავად იმისა, რომ ღორი ფიცხი და ტემპერამენტიანია, არ უყვარს კამათი და ჩხუბი, ყოველთვის ერიდება საკუთარი სიმართლის მაგიდაზე მუშტის დარტყმით, უხეში, აგრესიული ფორმებით მტკიცებას და დაძაბულ სიტუაციაში ლავირებას მშვიდი, დაბალანსებული (ზოგჯერ ტკბილი) ბაასით ახერხებს. ამიტომ 2019 წელს ადამიანები, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს და დადებით ემოციებზე იყვნენ ორიენტირებული. ლოგიკურად მოაზროვნე, საკმაოდ ჭკვიანი და ამავდროულად, უდიდესი კონფორმისტი - ღორი თვითონ უიშვიათესად და ისიც უნიჭოდ, უხალისოდ ცრუობს, რადგან შემდგომ სინდისი არ აძლევს მოსვენებას, მაგრამ გამჭრიახი გონება, საღი აზროვნება და ობიექტურად მსჯელობის უნარი აძლევს საშუალებას, ადვილად გაარჩიოს სხვების ტყუილი და მართალი. ღორი ნაკლებად ხასიათდება ეშმაკობითა და სიფრთხილით, თუმცა სხვებზე უკეთ შეუძლია ბოროტისა და კეთილის დანახვა, ცხოვრების შავი და თეთრი ფერების გარჩევა, უბრალოდ იგი შეგნებულად ირგებს "ვარდისფერ სათვალეებს", ურჩევნია, დაიჯეროს ის, რასაც ეუბნებიან, რადგან შინაგანად კონფორმისტია. იგი ამ გზით ცდილობს, აირიდოს გულისტკენა, უთანხმოება თუ სხვა არასასურველი შედეგი, რამაც შესაძლოა, ცხოვრება გაურთულოს. ამიტომ თუ 2019 წელს ვინმე თქვენს მოტყუებას შეეცდება ან თუნდაც შეძლებს ამ განზრახვის წარმატებით შესრულებას, რეალურად ეს მხოლოდ მისთვის იქნება ცუდი და არა თქვენთვის. ძვირფასი ადამიანის, პარტნიორის (თავისი ერთადერთის) მიმართ გამორჩეულად მზრუნველი, ყურადღებიანი, რომანტიკული და მოსიყვარულე - ღორი მაქსიმალურად თბილად და მზრუნველად ეპყრობა თავისი სიყვარულის ერთადერთ და განუმეორებელ ობიექტს, რასაც ხშირად გამოხატავს მატერიალური ფორმითაც - ანებივრებს მას ძვირფასი, ძვირადღირებული ნივთებით თუ სხვა საჩუქრებით. ამდენად, ზედმეტი არ იქნება, თუ ადამიანები 2019 წელს ძვირფასი ადამიანის მიმართ გრძნობას განსაკუთრებულად გამოხატავენ. ლოიალური, ერთგული, საიმედო, პრინციპული, მტკიცე, ურყევი ხასიათის - ღორის ბუნებაში უპირობოდ დევს ერთგულება და პრინციპულობა, როგორც რაინდული სულის განუყოფელი ნაწილი. ყვითელი ღორის წელიწადში ადამიანებს თითქმის ყოველთვის მოუწონებენ და შეუქებენ პრიციპულობას. მიზანდასახული, ლიდერული, ორგანიზატორული უნარ-თვისებებით, ღრმა ინდივიდუალიზმით გამორჩეული, ამბიციური, ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარე, მუყაითი, პროფესიონალიზმზე ორიენტირებული - ღორი თუ რამეს დაისახავს, მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება; იგი რქებს დაიდგამს და აუცილებლად დიდი წარმატებით აღწევს დასახულ მიზანს. ღორი ყოველთვის ზრუნავს თავისი მუშაობის სტილის დახვეწაზე და საბოლოოდ ყალიბდება საკუთარი საქმის ვირტუოზად, უდიდეს პროფესიონალად. ამდენად, ადამიანები 2019 წელს მაქსიმალურად უნდა შეეცადონ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწას. ინტელექტუალური - ღორი ძალიან ბევრს კითხულობს, რათა თავისი თვალსაწიერი, ცოდნა გაიღრმაოს. ამიტომ 2019 წელს იყავით სწავლა-განათლების მიღების საკითხში მუყაითები. მეგობრული - ღორი დიდად აფასებს მეგობრობას და ამ გრძნობის გავლენით, შეუძლია, რადიკალურად განსხვავებული იყოს, მაქსიმალურად გაიხსნას და აბსოლუტური გულწრფელობით მეგობარს თვალწინ გადაუშალოს თავისი ბუნება, ხასიათი. მას ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს, რადგან ღორისათვის ნებისმიერი სახის ურთიერთობაში მთავარია ერთგულება, გაგება და სტაბილურობა. სხვაგვარად იგი თავისი გულის, სულისა და სახლის კარებს უბრალოდ არავის გაუღებს. ამდენად, 2019 წელს ნუ მიაქცევთ ყურადღებას მეგობრების რაოდენობას, ძალიანაც (ან სულაც) ნუ დაგწყდებათ გული, თუ ვინმე დაგტოვებთ, თამამად დაითხოვეთ არასასურველი გავლენის მქონე ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან, ახალი მეგობრების შეძენისას კი იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და გონიერი, რადგან სინამდვილეში თქვენთვის პრიორიტეტულია სამეგობრო წრის ხარისხი და არა მისი მოცულობის ზრდა. მატერიალისტი, კომფორტის მოყვარული, დამოუკიდებლობის მოყვარული, უნიჭიერესი ფინანსისტი - ღორი გამოკვეთილად მატერიალისტია, უყვარს კომფორტი და მისკენ მუდმივი სწრაფვა ამოძრავებს, მაგრამ ქონებას, სიმდიდრეს მთელი ცხოვრება, ეტაპ-ეტაპ, დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომით აღწევს. ეს თვისება ღორს უფრო დადებითად ახასიათებს, ვიდრე უარყოფითად, მანამ, სანამ ის ფინანსური წარმატების, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას სრული პატიოსნებით ცდილობს.
ღორს განსაკუთრებით არ უყვარს: ტყუილი და სიყალბე - ღორს საშინლად არ უყვარს ტყუილი, სიყალბე და მაქსიმალურად ერიდება ურთიერთობაში მის გამოყენებას; როცა იძულებულია, ცრუობს უნიჭოდ და უხალისოდ, რადგან ამ დროს შინაგანად იტანჯება და წინასწარ ნანობს, იცის, რომ სინდისის ხმა, ყალბი მოგონებების გამო, არ მისცემს ცხოვრების მშვიდად გაგრძელების უფლებას. ცხოვრების გართულება - ღორი მარტივი ცხოვრების ფილოსოფიას ემხრობა და უპირობოდ აღიარებს. იგი უზომოდ ოპტიმისტი და მხიარულია, ცხოვრების სირთულეებს არ აძლევს უფლებას, ხანგძლივად იმოქმედოს მის ხასიათზე და პესიმისტურ ნოტაზე განაწყოს. უარყოფითი თვისებები: ტემპერამენტიანი, ფიცხი - ღორი ტემპერამენტიანი და ფიცხია. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიარაღებულია უდიდესი მოთმინებითა და დაუშრეტელი სასიცოცხლო ენერგიით, უიშვიათესად, მაგრამ მაინც შეიძლება, ძალიან გაბრაზდეს, ჩავარდეს აფექტში და პროტესტი გამოხატოს საშინელი აგრესიით, საშიში ფორმით. მიამიტი ხასიათი - ღორი გულუბრყვილოა და ადვილად უჯერებს სხვებს, რის გამოც იმედგაცრუებულიც ხშირად რჩება. სიზარმაცე - იშვიათად, მაგრამ ღორს შეიძლება ჰქონდეს სიზარმაცისადმი მანიაკალური მიდრეკილება, რაც მის ცხოვრებას უფერულად, აუტანლად აქცევს. ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარ ხასიათში ამგვარი მიდრეკილებების კონტროლი. ავანტიურისტულობა - ღორისათვის საზიანოა ადვილად გამდიდრებაზე ფიქრი, რადგან ამ შემთხვევაში კარგავს გამჭრიახობასა და სიფრთხილეს, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვანი სირთულეები მოუტანოს. სიტყვაძუნწი, ჩაკეტილი, ინტროვერტი, მარტოსული, ზოგჯერ კი მოლაყბე - ღორი უფრო სიტყვაძუნწი და ჩაკეტილია, ვიდრე მჭევრმეტყველი თუ გახსნილი, თუმცა ზოგჯერ გულახდილობის ხასიათზე დგება და იგი უჩვეულოდ ანუ იმდენად სიტყვაუხვია მეგობართან, რომ მომაბეზრებელიც კი ხდება მისი ლაყბობა.
319 3-ს მოსწონს |
მთელ სოფელში უკვე ერთი ღორიც კი არ დადის.