ბიოგრაფია "გველის პერანგოსანი" გრიგოლ რობაქიძე 2018, 5 დეკემბერი, 1:10 გრიგოლ რობაქიძე, რომელიც მე-XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისისათვის უკვე ცნობილი მწერალია, 1926 წელს პირველად სწორედ საქართველოში, მშობლიურ ენაზე გამოსცემს "გველის პერანგს". რომანი მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების, საბჭოთა მმართველობის სისასტიკის უშუალო გამოძახილია, უფრო მეტიც, "გველის პერანგი" გრიგოლ რობაქიძის უმთავრესი ნაწარმოებია, რომელშიც, ფორმის სიახლესთან ერთად, ყველაზე მძაფრად წარმოჩნდა ეპოქის ტრაგედია - ადამიანების განდრეკა ეროვნული დრო-სივრცისა და ღვთის რწმენისაგან. რომანში თითქოს მკრთალად, მაგრამ მაინც ცხადად იკვეთება სოციალისტური რევოლუციის ბელადით უკმაყოფილება: "1908 წელი. პარიზი. მაისი..ჰაერში ისმის "ლენინი", "ძირს ომი", "ფაბრიკები - მუშებს!", "მიწა გლეხებს!" [ცხელი შოკოლადი, 2009, №50]. 1930-1931 წელს, როცა კარს მომდგარი იყო მასობრივი რეპრესიები, გრიგოლ რობაქიძე ხვდებოდა, რომ არავინ შეარჩენდა საბჭოთა მეთაურების კრიტიკას, "იდეურად მავნე და საშიში" ნაწარმოებების, წერილების გამოქვეყნებას და გერმანიაში გაქცევით უშველა თავს. 1931 წლის 9 მაისს საქართველოს მწერალთა ფედერაცია "გაწმინდეს" 27 წევრისაგან. გრიგოლ რობაქიძე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კაპიტალისტურ ევროპაში იმყოფებოდა, არ გაურიცხავთ, რადგან სტალინს მოეწონა მისი "ლამარა", მაგრამ დაუსჯელიც არ დარჩენილა - უფრო ადრე, 1930 წლის 15 ნოემბერს მწერალთა ფედერაციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლებისას, 1930 წელს სტალინს მოეწონა გრიგოლ რობაქიძის დრამა "ლამარა" და საბჭოთა ხელისუფლებამ მიზანშეწონილად მიიჩნია რუსთაველის თეატრის ევროპასა და ამერიკაში გაგზავნა. გრიგოლ რობაქიძემ ისარგებლა სიტუაციით და როგორც "ლამარას" ავტორმა, მიიღო პასპორტი გერმანიაში გასამგზავრებლად. 1931 წლის 6 მარტს, გრიგოლ რობაქიძეს, მის მეუღლეს - ელენე ფიალკინა-"ორიოლის" და მათ აღსაზრდელს, 5 წლის ალია-ალინკას (ელენე პოგორელოვას) საზღვარი გადაულახავთ და 7 მარტს უკვე ბერლინში იმყოფებოდნენ. მეუღლის მკურნალობის საბაბით, გერმანიაში მწერალმა გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი დრო დაჰყო, თუმცა ჯერ არ იცოდნენ, რომ სამუდამოდ უცხოეთში დარჩებოდა და გარკვეული პერიოდი საქართველოში არ ეხმაურებოდნენ გრიგოლ რობაქიძის ევროპაში წასვლას. ოდნავ მოგვიანებით, საქართველოში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ გრიგოლ რობაქიძე ევროპაში ემიგრანტად წავიდა და ხელისუფლების ბრძანებით, ბოლშევიკურ-კომუნისტურმა პრესამ მწერალი მონათლა "ფაშისტად", "რასისტად", "კაპიტალიზმის აპოლოგეტად". გრიგოლ რობაქიძეს გრიგოლ მუშიშვილმა და კომუნისტური პარტიის სამსახურში ჩამდგარმა სხვა პუბლიცისტებმა პამფლეტები დაუწერეს. 1934 წელს გრიგოლ მუშიშვილის (ხოფერიას) პამფლეტ "გველის პერანგოსანში" ვკითხულობთ: "გველმა პერანგი გამოიცვალა. "გველმა თავისი თავი დატოვა: მოხსნა და გადააგდო". გველი იცვლის პერანგს, მაგრამ არა საკუთარ არსებას - გველი გველად რჩება მაინც, უფრო საშიშ, გაახალგაზრდავებულ გველად.. მიხაკისფერი ყანწით - ფაშისტური დაღით მკერდის შუაგულზე - სვამს გრიგოლ რობაქიძე გერმანული ფაშიზმის, მისი დამპალი კულტურის, რასიული იდეოლოგიის სადღეგრძელოს.." [ბაქრაძე, "კარდუ", 1999, 119]. გრიგოლ რობაქიძის გერმანიაში გაქცევა საბჭოთა პრესამ შეაფასა მისივე რომანის ("გველის პერანგი", 1926) სიტყვებით "გველმა თავისი თავი დატოვა: მოხსნა და გადააგდო". გრიგოლ მუშიშვილის პამფლეტი მხატვრულად გააფორმა ლადო გუდიაშვილმა. "გველის პერანგოსანის" ყდაზე (1934 წელი) გამოსახულია მის მიერ შესრულებული კარიკატურა - გრიგოლ რობაქიძე, ხეზე შემოხვეული გველის სხეულით.
ავტორი: ლადო გუდიაშვილი, 1934 ლადო გუდიაშვილს უფრო ადრე, გრიგოლ რობაქიძის გერმანიაში ემიგრაციამდე დაუხატავს ქართველი მწერლის პორტრეტი. კერძოდ (ტიციან ტაბიძის ცნობით), გრიგოლ რობაქიძე ფუტურისტთა პაექრობაზე გამოსვლისას გზნებით იცავდა მწერლობის განახლების იდეას კაფე "იმედში", რის გამოც "უღალატა ორატორის ზომიერებამ" და "ყვიროდა, როგორც დაჭრილი ვეფხვი".. ლადო გუდიაშვილი ამ ღამის შემდგომ ჩაიკეტა თავის სახლში და დახატა გრიგოლ რობაქიძის პორტრეტი - არწივი, ბალღამად გადმომდინარე ტვინით. ტიციან ტაბიძის სიტყვებით, "ეს არის უდიდესი, რაც შეუქმნია ლადო გუდიაშვილს. გრიგოლ რობაქიძე არწივის თავით, რომელსაც გადმოსდის ტვინი ბალღამივით და შუბლი შედრეკია ისე, თითქოს მაცხოვარს ჩასცეს ლახვარი" [ბაქრაძე, "კარდუ", 1999, 63]. გრიგოლ რობაქიძის ემიგრაციაში წასვლის შემდგომ კი მის წინააღმდეგ კომუნისტი პუბლიცისტის, გრიგოლ მუშიშვილის (ხოფერიას) მიერ დაწერილ პამფლეტ "გველის პერანგოსანში" ლადო გუდიაშვილმა მწერალი, გენია, გველად წარმოადგინა და ამ კარიკატურით "გამოისყიდა" პირველი პორტრეტის დახატვის "დანაშაული".
გამოყენებული ლიტერატურა: 1.ბაქრაძე ა., "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი", გამომცემლობა "ლომისი", თბილისი, 1999 2.ბაქრაძე ა., "თხზულებანი" ხუთ ტომად, ტომი III, თბილისი, 2004 3.გაფრინდაშვილი ნ., მირესაშვილი მ., წერეთელი ნ., "სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია (ქართული ლიტერატურის მაგალითზე)", სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ტომი II, "ნეკერი", თბილისი, 2010 4."ცხელი შოკოლადი", 2009, №50 122 2-ს მოსწონს
|