საზოგადოება ქუთაისელი ჟურნალისტი მოკლული დიასახლისის თაღლითობის მსხვერპლი გახდა 2018, 3 დეკემბერი, 12:48 ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე წერს, რომ მოკლულ ქალში საკუთარი ბინის „ხაზეიკა“ ამოიცნო. მისი მტკიცებით, ამ ქალბატონისგან რამდენიმე თვის წინ თბილისში ბინა დაიგირავა, თუმცა, გაირკვა, რომ ეს ბინა მისი არ ყოფილა და ქალმა ნაქირავები ბინა დააგირავა, ხოლო ჟურნალისტი ნოტარიუსთან თავიდანვე აღარ წასულა. რამდენიმე დღის წინ კი მეპატრონე კიდევ ერთ მდგმურს შემოაკვდა, რის შედეგადაც ჟურნალისტი დაზარალდა და ვაჩიბერაძემ მისთვის მიცემული გირაოს თანხა დაკარგა. ამის შესახებ ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მომხდარს დეტალურად იხსენებს: „რეჟისორი რომ ვიყო, აუცილებლად გადავიღებდი ფილმს, უფრო სწორად, სერიალს ჩემზე, სადაც მე ვიქნებოდი მთავარი გმირი, ბოდიში, მთავარი სხვა იქნებოდა, მე ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე ვიქნებოდი. მოკლედ, რისი/ვისი მსხვერპლი გავხდი არ ვიცი, მაგრამ რომ გავხდი, ეს ვიცი. ყველაფერი 11 თვის წინ დაიწყო, თბილისში, მეტროდან ამოსული, კედელზე გაკრულ ფურცელზე ვკითხულობ, რომ ვაჟა–ფშაველაზე ბინას აგირავებენ, ძალიან სიმბოლურ თანხად, ჰოდა, ვიფიქრე, ქირაში ფული როდემდე ვყარო-მეთქი და ეგრევე დავრეკე. მიპასუხა ქალმა და მაშინვე დამიბარა სახლის სანახავდ. მივედი და მხვდება ასეთი სურათი - სახლი ვაჟა–ფშავალაზე, გარემონტებული, "გასრიალებული". შედი და იცხოვრე. ჰოდა მეც შევედი, ვიცხოვრე და ფულიც მივეცი. თანხაზე ვკითხე, ასე იფად რატომ მიშვებ-მეთქი და მეტი არ მჭირდება და ეს თანხა უკან ისევ ჩემი დასაბრუნებელია და რაც მჭირდებოდა, იმ თანხად ვაგირავებო. ოღონდ ერთი პირობა იყო, მის სახლში, ჩემთან ერთად ამ ქალს, ანუ დიასახლისსაც უნდა ეცხოვრა. ვიფიქრე, რა პრობლემაა, დამლაპარაკებელი მეყოლება-მეთქი. ნოტარიუსში მომდევნო დღეებში უნდა წავსულიყავით. მერე ერთ დღეს მე არ მეცალა, მეორე დღეს იმას, მერე მოვიკითხე და ნოტარიუსს ფული უნდოდა და ვიფიქრე, უკვე გავიცანი ეს ქალი, სანდოა, ზედ მყვება, კერძებს მახვედრებს, დილით საუზმეს მიმზადებს და რაღად მინდა ნოტარიუსი–თქო. ყოველ საღამოს მიყვებოდა, რომ ძმები რუსეთში ჰყავდა, რომლებიც ბიზნესმენები იყვნენ. მის დას ეხვეწებოდნენ, ჩვენთან ჩამოდიო, მაგრამ მას საქართველოს დატოვება არ უნდოდა. ერთ დღესაც მირეკავს და მეუბნება, რომ ყაზბეგზე სახლი იყიდება და ჩემს ძმას უნდა, რომ მიყიდოს და წამომყვევი, შემიფასეო, თუ მოგვეწონება, ფულს რუსეთიდან გამოაგზავნისო. დასაწუნი იმ სახლს არაფერი ჰქონდა და მე ვუთხარი, კარგია-მეთქი, ჰოდა ვეტყვი და ჩემი ძმა იყიდის ამ სახლსაცო. მართლაც, რამდენიმე დღეში მეუბნება, ვაჟაზე ცხოვრება მომბეზრდა და ყაზბეგზე გადავიდეთ, ის სახლი ჯობიაო და ამას გავაქირავებო. მოკლედ, მეც გადავყევი, რა უნდა მექნა, გირით ვიყავი სახლში და „ხაზეიკას“ გავყევი. ჰოდა მას შემდეგ, რაც თბილისიდან ისევ ქუთაისში ვბრუნდებოდი, ჩემს დიასახლისს დაველაპარაკე, რომ გადავდივარ ქუთაისში და ფული მჭირდება–თქო. დიასახლისმა მითხრა, რომ წადი და ფულს ქუთაისში მალევე დაგიბრუნებო. მეც წამოვედი, ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, ვაგროვებ და 15 დეკემბერს ჩაგირიცხავო. სამი დღის წინ კი ტელევიზორში ვუყურებ სიუჯეტს, სახელით, "თბილისში კაცმა ბინის მეპატრონე ქალი მოკლა". აღმოჩნდა, რომ ეს ქალი ჩემი "ხაზეიკაა", მკვლელობაში ბრალდებული კი – ჩემი თანამეოთახე. მკვლელობის შემდეგ კი ამ ქალზე ბევრი ბინძური რამ გავიგე. 1)თურმე სახლში, სადაც მე გირით შევედი, თვითონ ყოფილა ქირით შესული. ჩემნაირად ატყუებდა ყველას და სახლის ყველა ოთახი დაგირავებული ჰქონდა. სახლი მის საკუთრებაში არც ვაჟაზე ყოფილა და არც ყაზბეგზე, ორივე ქირით ჰქონდა აღებული. 2)მკვლელობის შემდეგ გავიგეთ, რომ ძმები რუსეთში არა, გლდანში ჰყავდა და თავად ძმებს ეგონათ, რომ მისი და რუსეთში იყო. ძმებმა თქვეს, თვეში ერთხელ გვირეკავდა და ამბობდა, მოსკოვში ვარო. 3) ბინაში ცხოვრების დროს ყულაბა გამიტეხეს და ფული მომპარეს, დიასახლისმა სხვას დააბრალა და სახლიდან გაუშვა, თურმე მას მოუპარავს. 4) ყაზბეგზე ცხოვრების დროს ე.წ „მეტრიანით“ სახლის ზომებს ვიღებდით, რემონტი რა დამიჯდებაო, ამ ფორმით კი ჩემი დარწმუნება უნდოდა, რომ ბინა მას ეკუთვნოდა და ქირით არ იყო. ისედაც მჯეროდა, ამ ფორმას რატომ მიმართავდა, არ ვიცი. 5) მკვლელობა მესამე ბინაში მოხდა. ისიც ქირით ჰქონდა აღებული, სადაც მდგმურს შემოაკვდა. (ვიცნობდი იმ ბიჭს, გარკვეული პერიოდი ერთ სახლში, გვერდი-გვერდ ოთახებში ვცხოვრობდი). 6) ახლა ვსხედვართ ყველა დაზარალებული, რომლებსაც ოფიციალური დოკუმენტები არ გაგვაჩნია და ვფიქრობთ, ვინ უნდა დაგვიბრუნოს ჩვენი თანხა. 7)დღეს ამ ქალის დაკრძალვაა, თბილისში ვერ წავედი. მთელი დღე მეფიქრება, რამდენი სიკეთე გაუკეთებია ჩემთვის და ამავე დროს, რამდენი რამ მოუტყუებია, “ - წერს ვაჩიბერაძე. სვეტლანა (დოდე) ამოევა 27 ნოემბერს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი, – აცხადებენ შსს-ში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 977 შეფასება არ არის
|