x
image
ანა ბეჟაშვილი
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა-წიგნი, რომლის ეკრანიზაციამაც კინოსამყაროში გადატრიალება მოახდინა

image

ლბათ, თავად ავტორიც ვერ იფიქრებდა, რომ სამოციანი წლების ამერიკისთვის, ცოტა არ იყოს უჩვეულო შინაარსის წიგნი, მოგვიანებით, ეკრანიზაციის სახით, კინოსამყაროში გადატრიალებას მოახდენდა. ფილმმა ხუთი ოსკარი აიღო. დღესაც, როდესაც გადაღებიდან თითქმის ორმოცდახუთი წელი გავიდა, არავის დავიწყებია ფილმი, სახელად – „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“

წიგნი უჩვეულო სახელით

ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ინდიელი წარმოშობის მწერალმა წიგნი 60-იანების ჩრდილოეთ ამერიკაში, ანუ იმ დროს დაწერა, როცა ისეთი ცნებები, როგორიცაა „თავისუფალი სული“, ლიტერატურისთვის უცხო იყო. ეს იყო წიგნი „სისტემის“ წინააღმდეგ პიროვნების დაუღალავ ბრძოლაზე, ცოტა უჩვეულო შინაარსის, ისეთივე უჩვეულო, როგორიც მისი სათაური.

ინდიელი ბრომდენი

ვინ იცის ინდიელი ბრომდენის მოგონებებიდან რამდენი ემთხვევა ავტორის ცხოვრებას, თუმცა ნებისმიერი მკითხველი მიხვდება, რომ ავტორმა რომანში ბავშვობის ტკივილი თუ უთქმელი ბრაზი გადმოსცა. ბრომდენის ერთ-ერთი მოგონებით იმის შესახებ, თუ როგორ ავიწროებდნენ ინდიელებს ამერიკაში, ალბათ, თავისი ცხოვრების პატარა მონაკვეთი მოგვითხრო.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ უფლება, თქვან, მოისმინონ და დაინახონ. ისინი სისტემის მსხვერპლნი არიან და ვერ ახერხებენ წინ აღუდგნენ ამ ყველასთვის თვალსაჩინო უსამართლობას, ისინი დაარწმუნეს, რომ არაფრის შეცვლა ძალუძთ.

image

მწერალი პირველ პირში გვიყვება საშინელი უსამართლობისა და ადამიანების სულიერად და ფიზიკურად განადგურების მცდელობას. ინდიელი ბრომდენის სახით ავტორი ქმნის ადამიანს, რომელიც თამაშობს ყრუს და მუნჯს, იმისათვის, რომ ცოცხალი გადაურჩეს ტირან მედდას. კენ კიზმა ბევრი ადამიანის ცხოვრება ინდიელის სახით დაგვანახა, რომელიც ცდილობს გადაურჩეს დიქტატორს ავტორიტარულ სახელმწიფოში, ეს არის სამყარო, რომლიდანაც თავის დაღწევა ძნელია… და ბრომდენიც გახდა ბრმა და ყრუ, თვალებიც დახუჭა, რადგან იცოდა – „თუ თვალები დახუჭული გაქვს, სულში ვერ ჩაგიძვრებიან.“

image


მაკმერფი

მაკმერფი იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ საზოგადოებისაგან გარიყულ და გიჟად შერაცხულ ადამიანებს სიცილი ასწავლა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. დიდი, წითური რენდლ მაკმერფი, ფართო ნაბიჯებით და ნამდვილი, ხმამაღალი სიცილით შევიდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შეხედა იქ გამოკეტილთ და უთხრა: „ – თუ ახლა ფსიხი უნდა ვიყო, დალახვროს ეშმაკმა! აქაც ყველაზე მაგარი და მოურჯულებელი ფსიხი ვიქნები!“
და ის გახდა ყველაზე მაგარი და მოურჯულებელი ფსიხი ფსიქიატრიულში. მან ასწავლა ენაბლუ ბილი ბაბიტს სიყვარული, ინდიელს ლაპარაკი და ასწავლა ყველას სიცილი. ჩვეულებრივი სიცილი კი არა, ნამდვილი, ადამიანური, სულის სიცილი.

image

და ამ პატარა საავადმყოფოს ტირანიამ არ აპატია მაკმერფის ეს, მათ გაანადგურეს ფიზიკურად, ის ვეღარ დადიოდა და ლაპარაკობდა. ტირანებს ეგონათ, რომ სამუდამოდ გააჩუმეს ის, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ვერ გაანადგურებდნენ იმას, რაც მან სამუდამოდ დატოვა იქ.
როცა ინდიელმა გაამტვრია ფანჯარა და გაქცევა დააპირა, არ დატოვა მაკმერფი იქ, მან აიღო ბალიში, დააფარა უმოძრაოდ მწოლიარეს და მისი სულიც თან წაიყვანა, სამუდამო თავისუფლება აჩუქა… შემდეგ კი გაიქცა, გაიქცა ძალიან სწრაფად, თუმცა იცოდა, რომ არავინ მისდევდა.
საავადმყოფოში დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც ხმამაღალი სიცილის აღარ ეშინოდათ, ისინი იცინოდნენ და მათ ვეღარ შეაწყვეტინებდნენ სიცილს, რადგან მაკმერფი სამუდამოდ დარჩა იქ.

image

და ბოლოს…
მწერალი ამბობს, რომ მას ფილმი არასოდეს უნახავს, სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა შინაარსის დამახინჯებისთვის, რადგან ინდიელი ბრომდენი ფილმში მეორეხარისხოვან გმირად გვევლინება.
მილოშ ფორმანის ფილმი მაინც რჩება საკულტო ნამუშევრად და კინოსამყაროში გადადგმულ დიდ ნაბიჯად. მან ხუთი ოსკარი მოიპოვა და კინოკრიტიკოსების საყვარელ ფილმად რჩება.
იქნებ მწერალი მართლაც ხედავს დარღვევას თავის რომანსა და მის ეკრანიზაციას შორის, თუმცა, ალბათ, ყველას ჯეკ ნიკოლსონის სევდიანი, მაგრამ მაინც მხიარული და მოურჯულებელი მაკმერფი ახსენდება, როდესაც კითხულობს წიგნზე ავტორისეულ მინაწერს: „ One flew east, one flew west, one flew over the cuckoo`s nest.”

image

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0