რელიგია ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის ტაძარში საუკუნის შემდეგ წირვა აღევლინა - ექსკლუზიური ვიდეო რეპორტაჟი 2018, 25 ნოემბერი, 14:22 ისტორიულ ჰერეთში გიორგობას განსაკუთრებით აღნიშნავენ. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიამ ერთი საუკუნის შემდეგ წელს პირველად შეძლო ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა. კადრების გადაღება „ობიექტივმა“ აზერბაიჯანული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად ექსკლუზიურად შეძლო. ქურმუხის ტაძარი დაკეტილია და ადგილობრივ ქრისტიანებს აქ ამოსვლის შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ ეძლევათ. ტრადიციულად მრევლის დიდი ნაწილი სიცივის მიუხედავად მაღალ მთაზე ფეხშიშველი ადის. ასე იქცევა ადგილობრივ აზერბაიჯანელ მუსლიმანთა ნაწილიც. 2009 წლიდან ჰერეთის სამრევლო დედოფლისწყაროს შეუერთდა და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია ეწოდა. ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან რწმენისა და იდენტობის შენარჩუნებაში ხელშეშლის ფაქტებზე კამერის წინ ღიად არ საუბრობენ, თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ უშიშროების სამსახური ტაძრის კართან სამოქალაქო ფორმაში იდგა და ლოცვაზე შემსვლელებს აფიქსირებდა. მრავლად იყო მობილიზებული საპატრულო პოლიციაც. ქურმუხის ტაძრისგან განსხვავებით მეექვსე საუკუნის კახის ეკლესია მოქმედია და ადგილობრივ მრევლს ყოველ შაბათ-კვირას ემსახურება. ქურმუხის და ასევე კახის წმინდა გორგის სახელობის ეკლესიებში ღვთისმსახურება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრი კაპანაძემ და ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა პეტრე ხუმარაშვილმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს. ჰერეთში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც. კითხვაზე რა კეთდება ადგილობრვი ქართველებისთვის, საელჩოს წარმომადგენლები სერიოზულ პრობლემებს არ აღიარებენ. მათი თქმით, ერთერთ სოფელში ახალი ქართული სკოლის ასაშენებლად ილჰამ ალიევმა მილიონიანი დაფინანსება გამოყო, მშენელბლობა კი სულ მალე დაიწყება. საელჩოს ოპტიმისტური შეფასებების მიუხედავად ჰერები ქართველებსა და საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სურთ, რომ მათთან ხშირად ჩავდიოდეთ. ისინი მხოლოდ სითბოსა და ყურადღების დეფიციტს გძნობენ და ჩვენგან მეტ თანადგომას ითხოვენ. 176 შეფასება არ არის
|