x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბიძინა ივანიშვილის ფონდმა სოფელ მირზაანსა და ოზაანში ეკლესიები აღადგინა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის „ყველაწმიდის” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. რეაბილიტაცია კომპანია „სალდომ“ განახორციელა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გაზეთ „შირაქს“ განუცხადეს, ძეგლი გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება, ყველაწმიდის მცირე ეკლესიად მოიხსენიება და მისი აგების სავარაუდო პერიოდად XVI-XVII-ე საუკუნე სახელდება. ასევე დასრულდა სოფელ მირზაანში, ალავერდის ტაძრის აღდგენაც.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ეკლესიის აღდგენა სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებით არ მომხდარა და მისი დაფინანსება სრულად უზრუნველყო ფონდმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია და „ქართუ“ ფონდიდან ფინანსდება. ამ ფორმით „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის“ მიერ „ქართუმ“ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში არაერთი ისტორიული ძეგლი აღდგა. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ინფორმაციებსა და ფოტომასალაში არსად არ არის დაკონკრეტებული, რომ ამჯერად ოზაანში ისტორიული ძეგლი ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით აღდგა. ამის დაკონკრეტება მხოლოდ ჩვენი რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოხდა.


სააგენტოში ამბობენ, რომ ხსენებული ფონდი თავად ირჩევს ძეგლებს და თავადვე განსაზღვრავს, რომელი ძეგლების აღდგენის აუცილებლობა დგას. ასე მოდა ამ შემთხვევაშიც, დამოუკიდებლად შეარჩიეს სოფელ ოზაანში მდებარე ძეგლი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მხოლოდ ნებართვა გასცა. სააგენტოს მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის გარშემო ხელით მოიჭრა მიწა. ეკლესიის მთელ პერიმეტრზე აღდგა დაზიანებული კედლები რიყის ქვით კირდუღაბზე, გადაეწყო და გამაგრდა კარნიზქვეშა ქვის წყობა მთელს პერიმეტრზე. მოხდა დასავლეთის შესასვლელ კარში ძველი წყობის დემონტაჟი და აღდგა ქართული აგურით და შერჩეული რიყის ქვით წირთხლების გამოყვანით, მოეწყო ხუთრიგა კარნიზი ქართული აგურით კირდუღაბზე. სახურავზე მოიხსნა ძველი ჩაკირული ფენა, რის შემდეგაც გადაილესა კირხსნარით და მოეწყო კრამიტით ასევე კირხსნარზე, ეკლესიის ინტერიერი, კედლები, კანკელი და ჭერი გაიწმინდა ძველი ნალესობისგან და გასუფთავდა ლითონის ჯაგრისებით, ფასადებზე და ინტერიერში ქვის ნაკერები ამოიგოზა სპეცკირხსნარით, მოეწყო ეკლესიის იატაკი და შემაღლებული ამბიონი ძველი ქართული ნარჩევი აგურით, მოეწყო სარკმლები და კარები, ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი შერჩეული რიყის ქვით კირდუღაბზე, აღდგა ქვის ცოკოლი მთელ პერიმეტრზე.



ეკლესიის რეაბილიტაცია და შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2018 წლის მაისიივლისის თვეებში განხორციელდა.


image


სააგენტოს სპეციალისტი ქეთევან დიღმელაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას ძეგლის უნიკალურობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სოფელ ოზაანში ყველაზე უკეთ ეპოქის დამახასიათებელი ნიშნები სწორედ ამ ძეგლს ჰქონდა შემორჩენილი.


„ეს ძეგლი პირადად მოვინახულე რეაბილიტაციამდე. ძალიან კარგი ადგილია, ამიტომ მართლაც ძალიან გამიხარდა, რომ სურვილი გაუჩნდათ და აღადგინეს. გამოკვეთილ ად ჩანდა, რომ სოფელ ოზაანში მდებარე სხვა ძეგლებთან შედარებით ეს ყველაზე კარგ მდგომარეობაში იყო. კარგს ვგულისხმობ, რომ ყველაზე უკეთ ქონდა გამოხატული ეპოქის ნიშნები, საოცარ ხიბლს სძენდა ცისფერი ჭიქური შორენკეცები. რეაბილიტაცია სააგენტოს არ უწარმოებია, ჩვენთან შეთანხმდა სანებართვო პროცედურები. ინტერესიც ფონდმა გამოხატა, თავად შეარჩია ძეგლი და დაფინანსებაც თვითონვე უზრუნველყო. საინტერესოა, შიდა სამუშაოები როგორ ჩატარდა. დასრულების შემდეგ არ მომეცა საშუალება, ჩავსულიყავი და პირადად მენახა, როგორია, “ _ განაცხადა სააგენტოს სპეციალისტმა ქეთი დიღმელაშვილმა.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ბოლო ხანს დედოფლისწყაროში კიდევ რამდენიმე ძეგლი აღდგა. ძეგლთა დაცვის სპეციალისტი სერგო ქართველიშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 ეკლესია აღდგა. მისი თქმით, პროცესში მემკვიდრეობის სააგენტო იყო ჩართული, ამდენად მისთვის უცნობია, რა ფინანსებით მოხდა ამ ტაძრების აღდგენა.


image


ამას გარდა, რამდენიმე თვის წინ იგივე პროექტით ეკლესია აღდგა სოფელ მირზაანშიც. ძეგლი მდებარეობს ცენტრში, სოფლის სასაფლაოზე, მას ალავერდის ეკლესიის სახელით იცნობენ, იგი დარბაზული ტიპისაა, აღმოსავლეთით შვერილი აფსიდით, დასავლეთით ერთადერთი კარით, ნაშენია შერეული წყობით-ქართული აგური და ადგილობრივი შერჩეული რიყის ქვა.ნაგებობა რამოდენიმეჯერ გადაუკეთებიათ. ე.წ. სამრეკლო უსახური თუნუქითაა დახურული, დაზიანებებია ფასადებზეც. ჩრდილო დასავლეთ კუთხეში დაზიანებული კუთხე რუსული თანამედროვე აგურით ამოუშენებიათ, ფასადი უხარისხოდაა შელესილი, მიწის ქვეშ არ იკითხება ეკლესიის ცოკოლი.


2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან“ ერთად მირზაანის ალავერდის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, რის შედეგადაც მოიხსნა მიწა ეკლესიის მთელ პერიმეტრზე და აღდგა ცოკოლი, მოეწყო სარინელი ეკლესიის ირგვლივ რიყის ქვით, გამოიცვალა უვარგისი შესასვლელი კიბეები დასავლეთ კარებთან, გამოიცვალა დაზიანებული ქართული კრამიტის სახურავი, ასევე მოიხსნა და გამოიცვალა უსახური თუნუქის სახურავი ე.წ. სამრეკლოზე, მოიხსნა და გამოიცვალა დაზიანებული და ცუდად დაწყობილი აგურის კარნიზი, სრულად გაიწმინდა ოთხივე ფასადი და სამრეკლო უვარგისი ნალესობისგან, მოიხსნა გვიანი, რუსული აგურით აღდგენილი კუთხე ჩრდილო დასავლეთით, მოწესრიგდა ტაძრის ინტერიერი.


„ქართუ“ ფონდის მიერ ჯამში 800 ძეგლი აღდგა, მათ შორის რამდენიმე დედოფლისწყაროში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოციალური ქსელში ფონდი "ქართუს" მიერ 2005-2018 წლებში ქველმოქმედების მიზნით განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით მოქალაქეების მეტი ინფორმატიულობის მიზნით, სააგენტო თავს ვალდებულად მიიჩნევს სრულად წარმოაჩინოს „ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის“ ინიციატივით 13 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა პატრონობისთვის გაღებული ფინანსური სახსრების ოდენობა და მათი მიზნობრიობის სტრუქტურა.


„საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის“ მიერ 2005-2012 წლებში 23 მილიონ 400 ათასი ლარის საერთო ღირებულების თანხით დაფინანსდა რამდენიმე ასეული საკულტო ნაგებობის სარეაბილიტაციო პროცესი, რაც ამ დროის ინტერვალში განხორციელებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტების ძირითად უმრავლესობას წარმოადგენდა. გაცილებით მოცულობითი იყო 2012-2018 წლებში ფონდის მიერ გაღებული ფინანსური სახსრების ოდენობა, რომელმაც 6 წლის განმავლობაში 45 მილიონ 266 ათასი ლარი მოიცვა. 2012 წლიდან სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტი შეეხო 801 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლს. ამავდროულად რეაბილიტირდა 12 ებრაული საკულტო ნაგებობა, 2 სომხური ხუროთმოძღვრული ძეგლი, დაფინანსდა 13 სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი, სრული კონსერვაცია ჩაუტარდა კედლის მხატვრობის 4 ობიექტს, გამოიცა 4 სამეცნიერო ნაშრომი. 2 ეროვნული კატეგორიის ძეგლზე დაფინანსდა 3D ლაზერული სკანირებისა და სამეცნიერო კვლევის პროექტი.


2005-2018 წლებში ფონდი ქართუმ 68.7მლნ ლარით დააფინანსა “ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი” რომელმაც თავის მხრივ განახორციელა 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესში სახელმწიფოს მთავარი ფინანსური დონორი ინსტიტუტის - ფონდი „ქართუს“ დაფინანსების ქვეშ მოქცეული ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი ძეგლებიდან გამორჩეულია: ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლესი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მთაწმინდის მამა-დავითის ტაძარი, მუცოს ციხე-სოფელი, მესტიის ისტორიული კოშკები, სოფელი ჩაჟაშის არქიტექტურული კომპლექსი, გერგეთის სამების ტაძარი, ფოკას სამონასტრო კომპლექსი, ალავერდის მონასტერი, ზუგდიდის ნიკო დადიანის სასახლე, ანანურის სამონასტრო კომპლექსი, საფარასა და ბოდბის ეკლესიები, აწყურის ციხე და საკათედრო ტაძარი, კუმურდოს საკათედრო ტაძარი, სამთავისის სამონასტრო კომპლექსი, ყინწვისის მონასტერი, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა მრავალი.

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0