განათლება მასწავლებელი - "საზოგადოების თვალი" 2018, 18 ნოემბერი, 15:19 მასწავლებლობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა, რომელიც გაჩნდა ჯერ კიდევ პირველყოფილ თემურ საზოგადოებაში და გულისხმობდა აღმზრდელის მრავალმხრივ მოღვაწეობას. მასწავლებელი იმთავითვე გახდა საზოგადოების თვალი, ცოდნის პიროვნული პატიოსნებისა და კულტურის, შეგნებისა და სინათლის, ნათელის (განათლების) თაობათა შორის გადამცემი; ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდაზე ზრუნვით მასწავლებელს თავიდანვე დაეკისრა საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობა. მასწავლებელს დღემდე ურთულესი მისია აქვს აღებული - ახალგაზრდობის ჩამოყალიბება კეთილსინდისიერ, მორალურად სუფთა, კაცთმოყვარე, განათლებულ და კულტურულ პიროვნებებად, ღირსეულ ადამიანებად, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებაში არსენული პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას. ამ მიზნით, მასწავლებელი ასრულებს საგანმანათლებლო (სასწავლო), განმავითარებელ, აღმზრდელობით და საზოგადოებრივ-პედაგოგიკურ ფუნქციებს. იან ამოს კომენსკი (1592-1670) პედაგოგიკის მეცნიერების ფუძემდებელი, "მასწავლებელთა მასწავლებელი" -იან ამოს კომენსკი სწავლებისა და აღზრდის ცენტრალურ ფიგურად აცხადებს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში, "ადამიანობის სახელოსნოში" საზოგადოებას უწვრთნის ღირსეულ მომავალ თაობას. კომენსკიმ ნაშრომით "დიდი დიდაქტიკა" შემოიტანა საყოველთაო, პანსოფიური, სრული განათლების იდეა, რითაც სწავლება დაუკავშირა ცხოვრების სინამდვილეს.მანვე დახვეწა და ზოგადპედაგოგიკურ პრინციპად დასახა დემოკრიტეს აღზრდის ბუნების შესაბამისობის იდეა, რომელიც ხაზს უსვამს მასწავლებლის მოღვაწეობის, აღზრდის როლს, მის გარდამქმნელ ძალას პიროვნების ადა საზოგადოების ფორმირებაში.კომენსკის აზრით, მასწავლებელმა პირადი მაგალითით უნდა აღზარდოს, რადგან "არაფერი არაა უფრო ბუნებრივი, ვიდრე ის, რომ უკანმიმდევარნი წინმიმავლის კვალს მიჰყვებოდნენ.."[მალაზონია, 2001]. მასწავლებლის პროფესიულ თვისებათა შორის კომენსკი აფასებს საქმის ერთგულებას, ენციკლოპედიურ განათლებას, ბავშვის სიყვარულსა და უპირველესად, ზნეობრივ სიწმინდეს, რადგან "ის, ვინც მეცნიერებაში წინ მიდის, მაგრამ ზნეობაში ჩამორჩება, სინამდვილეში უფრო უკან მიდის, ვიდრე წინ.." [ვასაძე, 2004]. ჯონ ლოკი (1632-1704) ჯონ ლოკი უარყოფს ტრადიციულ, კლასიკურ განათლებას და უპირატესობას ანიჭებს რეალურ განათლებას, მასწავლებლის უნარს, მოსწავლე შეაიარაღოს სასარგებლო, პრაქტიკული ცოდნით და ამით ხელი შეუწყოს განვითარებული, პროგრესული საზოგადოების ფორმირების პროცესს.მისი პედაგოგიკური თეორიისათვის დამახასიათებელია უტილიტარიზმი, სარგებლიანობის პრინციპი;მეცნიერი სასტიკად ებრძვის სწავლების ცხოვრებიდან მოწყვეტილობასა და ზეპირობას. ნაშრომში "ცდა ადამიანის გონების შესახებ" ლოკიმ დაასაბუთა, რომ ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს თანდაყოლილი იდეები და წარმოდგენები, ბავშვის სული "სუფთა დაფაა" და აღზრდა-განათლების, მასწავლებლის მოღვაწეობის როლი გადამწყვეტია სასარგებლო პიროვნებებით საზოგადოების დაკომპლექტებაში. ნაშრომში "ფიქრები აღზრდის შესახებ" ლოკი გვთავაზობს ჯენლტმენის აღზრდის მეთოდებს.იგი ხელმძღვანელობს ფორმულით "ჯანსაღი სული ჯანსაღ სხეულში" და აღზრდის მიზნად ასახელებს პიროვნების ჰარმონიულ, ფიზიკურად და გონებრივად თანაბარ განვითარებას, ზნეობრივ აღზრდას, მომზადებას ცხოვრებისათვის. ჯონ ლოკის ე.წ. "ელიტარული პედაგოგიკა" არ ითვალისწინებს მასობრივ, საყოველთაო განათლებას, იგი ორიენტირებულია მხოლოდ ჯენლტმენის აღზრდაზე, რადგან ასეთი მიდგომა მიაჩნია ღირსეული, პროგრესული საზოგადოების მთავარ წინაპირობად. კონსტანტინე უშინსკი (1824-1870) მასწავლებლის სოციალური როლის უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, რუსი კლასიკოსი პედაგოგი - კონსტანტინე დიმიტრის ძე უშინსკი პედაგოგიკაში ამკვიდრებს აღზრდის ხალხურობის პრინციპს, რაც არსებითად ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელებას მოითხოვდა. უშინსკის მიხედვით, მასწავლებელმა სწავლებისა და აღზრდის პროცესი უნდა წარმართოს დედა ენაზე, მშობელი ერის, მშობლიური კულტურის სიყვარულისა და ერთგულების სულისკვეთებით, ეროვნული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ტრადიციების მაქსიმალურად გათვალისწინებით. ნაშრომში "ადამიანი, როგორც აღზრდის საგანი" უშინსკი წერდა, რომ მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებულ საზოგადოების წევრად ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, სიღრმისეულად შევისწავლოთ იგი, მისი საჭიროებები, საფუძვლიანად ვერკვეოდეთ პედაგოგიკაში. კონსტანტინე უშინსკის აზრით, მასწავლებელი თვითონ უნდა იყოს დაჯილდოებული ყველა იმ თვისებით, რომლის აღზრდაც მოსწავლეებში სურს; უპირველესად თვითონ უნდა გამოირჩეოდეს ადამიანური თვისებებით, რათა მან შეძლოს "ადამიანში ადამიანის აღზრდა". იაკობ გოგებაშვილი (1840-1912) იაკობ გოგებაშვილი საკუთარ თავს აცხადებდა კონსტანტინე უშინსკის მოსწავლედ, იზიარებდა მის პედაგოგიკურ მემკვიდრეობას, უპირველესად კი აღზრდის ხალხურობის იდეას, რომლის საქართველოში შემოტანით მასწავლებელს დაეკისრა მრავალმხრივი მოღვაწეობა, გადამწყვეტი ფუნქცია და როლი საზოგადოების ფორმირებასა და წინსვლაში. იაკობ გოგებაშვილის აზრით, პედაგოგი არა მარტო სკოლაში ასწავლის, არამედ ქვეყნის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური განვითარების ეპიცენტრში ტრიალებს და ამდენად, დიდია მისი საზოგადოებრივი როლი.თხზულების"ბურჯი ეროვნებისა" ავტორი მიიჩნევს, რომ მასწავლებელი უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი, სანიმუშო პიროვნება როგორც თავისი მოსწავლეების, ისე მთელი ერისა და საზოგადოებისათვის.მხოლოდ ამ გზით შეძლებს იგი, აღასრულოს დაკისრებული წმინდა მისია. იაკობ გოგებაშვილმა თავისი საგანმანათლებლო საქმიანობით, ქართული ენის უფლებების დაცვით, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და მუშაობაში აქტიური მონაწილეობით, ეროვნული სკოლების ქსელის გაფართოებაზე ზრუნვით თვით უჩვენა საუკეთესო მაგალითი მომავალ პედაგოგებს. თანამედროვე მასწავლებელი, როგორც გეზის მიმცემი მასწავლებლის მოღვაწეობა პედაგოგიკური აზროვნების სათავეებიდანვე აღიქმებოდა, როგორც ღირსეული მომავალი თაობების აღზრდით საზოგადოების ფორმირების უმთავრესი წინაპირობა, თუმცა სწავლების, განათლების მიღების სოციალური ფუნქცია ძირითადად ადამიანთა წარსული თაობების მიერ დაგროვილი გამოცდილების გადაცემით გამოიხატებოდა. თანამედროვე განათლების სისტემა მასწავლებლის როლს საზოგადოების ფორმირებაში უფრო პრაგმატულად უყურებს და მოითხოვს არა მოსწავლის ფაქტობრივი ცოდნით შეიარაღებას, არამედ მომზადებას მომავალი ცხოვრებისათვის, რაზეც პედაგოგიკის თვალსაჩინო წარმომადგენლები (ლოკი, გოგებაშვილი) არაერთგზის მიუთითებდნენ. თანამედროვე მასწავლებელი სწავლების პროცესს უდგება არა ავტორიტარულად, არამედ დემოკრატიულად;იგი უბრალოდ გეზის მიმცემია, ორიენტირებულია მოსწავლეზე; ხელს უწყობს მომავალ თაობებში ისეთი ქმედითი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა: თვითცნობიერება და თვითშეფასება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თვითდამკვიდრება და ა.შ. ჯონ დიუი (1859-1952)-პროგრესული სკოლა თანამედროვე განათლებისა და მასწავლებლისადმი მოთხოვნა, რომ სწავლება ეროვნული, გლობალური უსაფრთხოებისათვის კულტურული და მსოფლმხედველობრივი საფუძვლის შექმნით პასუხობდეს საზოგადოების ხანგძლივ ინტერესებს, მოდის მაერიკელი ფილოსოფოსის, ფსიქოლოგისა და განათლების სპეციალისტის - ჯონ დიუის მოძღვრებიდან. წიგნში "გამოცდილება და განათლება" ჯონ დიუი ტრადიციულ სკოლასა და სწავლებას უპირისპირებს პროგრესულ სკოლას, რომლის უმთავრესი პრინციპია ინდივიდუალური გამოხატვისა და განვითარების, თავისუფალი მოქმედების, გამოცდილებით სწავლის, ცვალებადი სამყაროს გაცნობის შესაძლებლობის მიცემა. "მასწავლებლის საქმეა, ნახოს, არის თუ არა მოცემული შემთხვევა სასარგებლო, ვინაიდან მოსწავლეთა თავისუფლება მდგომარეობს გონიერ დაკვირვებასა და მსჯელობაში, რისი მეშვეობითაც მიზნის გავითარება ხდება.მასწავლებლის მიერ ნაჩვენები გეზი, რომელიც მოსწავლეთა აზროვნების უნარის გამოვლენისკენაა მიმართული, თავისუფლების ხელშეწყობაა და არა გარეშე ძალის მიერ განხორციელებული შეზღუდვა" [დიუი, "გამოცდილება და განათლება", 315]. პაულო ფრეიერი "პრობლემების წამომჭრელი განათლება" ცნობილი ბრაზილიელი განათლების მკვლევარის - პაულო ფრეიერის "ჩაგრულთა პედაგოგიკა" ტრადიციული განათლების დასაბუთებული კრიტიკაა.მეცნიერი ჩაგვრის ფენომენის მოქმედებას ხედავს ყველგან, საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და მიაჩნია, რომ ყველაფერი სკოლიდან, მონურ მორჩილებაზე ორიენტირებული სწავლებიდან იწყება. "..განათლება უნდა იწყებოდეს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული დაპირისპირების დაძლევით, მოპირდაპირე პოლუსების დაახლოებით, რათა ორივე მხარე ერთდროულად მასწავლებლებად და მოსწავლეებად მოგვევლინოს.." [ფრეიერი, 2005, გვ.43]. "პრობლემების წამომჭრელი განათლება" მოსწავლეებს აქცევს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებად, ანიჭებს შემოქმედებითობას, აძლევს სტიმულს რეალობის კრიტიკულად აღქმისა და უკეთესობისაკენ შეცვლისათვის. მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების მიზნები: სწავლის სწავლება; ესთეტიკური გემოვნების ფორმირება; პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარება; სწავლისა და ინტელექტუალური შრომის მიმართ ინტერესის გაღვიძება; საჭირო ინფორმაციის მოკრებისა და ანალიზის ზოგადინტელექტუალური უნარ-ჩვევების დაუფლება; მრწამსის, ფასეულობათა სისტემისა და პოზიციის ჩამოყალიბება; ინფორმაციის წყაროს გამოყენებისათვის საჭირო ცოდნის შეძენა; სწავლასა და ინტელექტუალურ მუშაობაში დამოუკიდებლობის განვითარება; პრაქტიკული, რეალური, სამომავლო ცოდნის ათვისება; შემოქმედებითობის უნარის განვითარება; კომუნიკაციისა და დიალოგის უნარის განვითარება; თვითშეფასებისა და თვითშემეცნების უნარის განვითარება; სხვადასხვა საგანში, სასწავლო დისციპლინაში შეძენილი ცოდნის ინტეგრირების უნარის განვითარება; შეძენილი ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების უნარი; თანამედროვე მასწავლებლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები: მოსწავლეზე, როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის აქტიურ თანამონაწილეზე, ორიენტირების უნარი; ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი; ცალკეულ მოსწავლეთა რეალური შესაძლებლობების განსზღვრის უნარი; მოსწავლეთა ტიპური სიძნელეების, სირთულეების გათვალისწინების უნარი; ფსიქოლოგიურ-პედაგოგიკური ცოდნის გამოყენების უნარი; მოსწავლის შინაგანი რეზერვების გამოვლენისა და გამოყენებისათვის ხელშეწყობის უნარი; მოსწავლეში ნდობის გამოწვევის უნარი; საკუთარი პედაგოგიკური შესაძლებლობების რეალიზებისა და განვითარების უნარი; საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვის უნარი; საკუთარი ძლიერი მხარეების განმტკიცების უნარი; მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრის უნარი; მოსწავლის ზნეობრივი მხარის შეფასების უნარი; მოსწავლის სუსტად გამოხატული პიროვნული თვისებების სტიმულირების უნარი; საკუთარი პროფესიონალიზმის შეფასების უნარი.
ძირითადი ლიტერატურა: 1.გაგუა ვ., "პედაგოგიკა", თბილისი, 1996 2.ვასაძე ნ., "განათლების ისტორია", თბილისი, 2004 3.მალაზონია შ., "პედაგოგიკა", თბილისი, "ქრონოგრაფი", 2001 4.დიუი ჯ., "გამოცდილება და განათლება" 5.ფრეიერი პ., "ჩაგრულთა პედაგოგიკა", თბილისი, 2005
1337 6-ს მოსწონს
|