საქართველო ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო 2020, 25 ოქტომბერი, 12:16
დღეს საქართველოში ისევ რჩება სენსიტიურ საკითხად გენდერული ურთიერთობები. ხშირად გაიგონებთ გენდერულ თანასწორობაზე გასალაშქრებლად გამოთქმულ წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს. ეს ანტაგონისტური დამოკიდებულება საკითხში ჩაუხედავობაზე მეტყველებს. ზოგადად, ადამიანებს სჩვევიათ აზრის გამოთქმა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. არ შეიძლება ყველაფრის შესახებ ავტორიტეტული აზრი გაგაჩნდეს, ყველაფერში კომპეტენტური ვერ იქნები, ბუნებრივია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს დამოკიდებულება საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობაზე მიუთითებს ამ საკითხთან მიმართებაში.
თუმცა, ტრაგედია ის არის, როდესაც არაკომპეტენტური ადამიანები, მათ მცდარ შეხედულებებზე დაყრდნობით, ცდილობენ შეცვალონ საზოგადოებრივი აზრი, ცხოვრების წესი და ზეგავლენა იქონიონ მასის ცნობიერებაზე, მის განვითარებაზე. ხშირად აქტივისტებიც სცოდავენ და ამ თემების უტრირებას ახდენენ, ჩვენ ამის მოწმენი არაერთხელ გავხდით. არ შეიძლება გენდერული ურთიერთობები დავიყვანოთ ქალთა აღვირახსნილობის დონემდე და გენდერული თანასწორობა გათანაბრებულ იქნას "სასქესო ორგანოების თავისუფლებასთან", რაც რბილად რომ ვთქვათ - ვულგარულია. ასევე, ხშირად მოისმენთ არგუმენტებს გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ ეს არის სექსუალური უმცირესობების და მათი იდენტობის დასაცავად გამოგონილი თეორია, რაც სრული აბსურდია. გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა კონცეფციაა, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროს განეკუთვნება და ის ქალთა და მამაკაცთა სოციალურ როლებს განიხილავს საზოგადოებაში. ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ღირსეულად, დისკრიმინაციის (ჩაგვრის), სიღარიბისა და შიშის გარეშე. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონცეფცია, ზოგადად საზოგადოებაში თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეყრდნობა. მისი მთავარი მიზანი, რომელიც ლეიტმოტივივით გასდევს ამ მიდგომას, არის ადამიანთა დისკრიმინაციის პრევენცია ან/და აღმოფხვრა. ყოველ ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები, მინიჭებული, როგორც უფლისგან, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით და ეს არის თანამედროვე, ცივილური სამყაროს უდიდესი მიღწევა. თუმცა, კიდევ უფრო მეტი მონაპოვარი იქნებოდა ამ კონცეფციის სრულად, პირუთვნელად და დაუყოვნებლივ განხორციელება რომ შეიძლებოდეს მთელს მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ეს კონცეფცია უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, რადგან, მისი წყალობით ადამიანები აცნობიერებენ თანასწორუფლებიანობის სიკეთეებს და ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ფასეულოებებს. ცხადია, ყველგან ერთნაირი ინტენსივობით არა, მაგრამ მეტ–ნაკლებად საგრძნობი ხდება სხვადასხვა საზოგადოებების განვითარების ტემპებზე, განწყობებსა თუ დამოკიდებულებებზე ამ კონცეფციის ზეგავლენა. ქალთა გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მისაღწევად და სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ძლიერი ქალები, თავის მხრივ, ხელს უწყობენ ოჯახებისა და საზოგადოების კეთილდღეობას, მომავალი თაობის პერსპექტივების გაზრდას და გაუმჯობესებას. რაც მეტად დემოკრატიულია სახელმწიფო და შესაბამისად მისი საზოგადოება, მით უფრო მეტად დაცულია ადამიანის უფლებები, რაც სწორედ თანასწორუფლებიანობაში არის გამოხატული. საინტერესოა, რომ სიტყვა უფლების ეტიმოლოგია ქართულ ენაში უკავშირდება - უფალს. დიახ, სწორედ უფლის სწავლებაში, დიდი ხნით ადრე თანამედროვე კონცეფციამდე, საუბარია ადამიანების უფლებებზე და თავისუფლებებზე, თანასწორუფლებიანობაზე და დისკრიმინაციის მიუღებლობაზე. რაც შეეხება ჩვენში ხშირად არასწორად გაგებულ ‘გენდერული ურთიერთობების’ საკითხს, რომელიც ხშირად დაძაბულობას და გაურკვევლობას იწვევს, სინამდვილეში ის ნიშნავს მამაკაცებსა და ქალებს შორის სოციალური როლების გარკვევას და მათ თანაბარ გადანაწილებას. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიოები, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია, ხოლო მამაკაცის ბიზნესში და პოლიტიკაში, ყავლგასულია და უნდა დავძლიოთ. ეს სტერეოტიპები ანტიკური ხანიდან მოდის, როდესაც ფიზიკური ძალა იყო გადამწყვეტი საშიშროებებისგან თავის დასაღწევად, ასევე ოჯახის სარჩენად, საკვების მოსაპოვებლად, გამოქვაბულის დასაცავად, რასაც ბრძოლა და აქედან გამომდინარე დიდი ფიზიკური ძალა ესაჭიროებოდა. ამიტომ დადგა დღის წესრიგში მამაკაცების ჰეგემონია. დღეს, განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში, მამაკაცებს აღარ სჭირდებათ მამონტებთან ბრძოლა ოჯახის გადასარჩენად და გამოსაკვებად, ზოგიერთ ოჯახში კი ქალი არის ძირითადი მარჩენალი. თუმცა, სოციალური როლების განაწილებისას ფიზიკური ძალის გათვალისწინებაც აუცილებელია, ისევე, როგორც შემოსავლების და სხვა სოციალური ფაქტორების. გენდერული ურთიერთობების ანალიზი არ არის გამიზნული სქესთა შორის ურთიერთობების დაძაბვისკენ, პირიქით, ამ ურთიერთობების შესწავლა ემსახურება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის პრობლემების აღმოფხვრას, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთგაგების გაძლიერებას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა შორის. ეს არის ფუნდამენტური ღირებულებები ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელთა დაცვაც ჩვენი ვალდებულებაა, რადგან ჩვენი სახელმწიფო კარგა ხანია მიუერთდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა წევრი სახელმწიფოსთვის, მისი ხელისუფლებისთვის, ისევე, როგორც საზოგადოებისთვის, საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს. ის, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი უფლებებით სარგებლობენ, არავის შეურაცხყოფა არ არის, პირიქით, ეს საზოგადოების ჯანსაღ და სწორ განვითარებაზე მიუთითებს. ჩვენ, ქართველებს, რომლებსაც ისტორიულად არაერთი მებრძოლი ქალბატონით მოგვაქვს თავი და ჯერ კიდევ XII საუკუნეში გვყავდა, ქალი მონარქი, რომელიც 1179 წელს ავიდა ტახტზე, წესით ეს არც უნდა გვიკვირდეს და არც გვთრგუნავდეს, თუკი, როგორც ერი, განვითარების კიბეზე დაღმა არ დავეშვით და რეგრესი არ განვიცადეთ! უცნაურია ამაზე საუბარი რომ გვიწევს, მაგრამ XXI საუკუნეში ქართველი მამაკაცი, ქალის დასამცირებლად მის "განათხოვრობას" ან არაერთხელ ქორწინებაში ყოფნას რომ ასახელებს და დამაკნინებელ არგუმენტად ქალის პირადი ცხოვრება მოჰყავს, ეს მისი მენტალური განვითრების ჩამორჩენილობაზე მეტყველებს. მითუფრო მიუღებელია პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების მუქარით მანიპულირება, ეს უღირსი საქციელია. ადამიანის პირადი ცხოვრება მისი ხელშეუხებელი უფლებაა და არავის რთავს ნებას არც ეთიკური ნორმები და არც საერთაშორისო კანონმდებლობა, მას შეეხოს. ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გვახსოვს, რომ დღეს წმინდანად აღიარებული, ჩვენი სასახელო მეფე თამარი 1187-1189 წწ. განქორწინდა იურისთან, იგივე გიორგი რუსთან, რომელიც ლოთი აღმოჩნდა და ხელახლა იქორწინა დავით სოსლანზე, ეთნიკურად ოსზე. უნდა ითქვას, რომ ისტორიკოსთა აზრით, თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ჩვენ პროგრესული, ევროპული ერი ვართ, ამას ჩვენი ისტორიაც მოწმობს და ამგვარი სიბეცე, ქსენოფობიური განწყობები, მსოფლმხედველობისა და თვალსაწიერის სიმოკლე, არ შეგვშვენის, ის მხოლოდ ჩვენს განუვითარებლობაზე, განათლების დაბალ ხარისხზე მიუთითებს. სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, დღეს განვითარებული ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებში საჯარო სამსახურში მაღალ და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა რაოდენობა საგრძნობლად მაღალია. ევროპას და ზოგადად დასავლეთს, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, არც აზია ჩამორჩება ამ მხრივ. ერთ–ერთ ასეთ სახელმწიფოდ გვევლინება ჩინეთი, რომლის ეკონომიკის ბუმმა ბოლო ათწლეულზე მეტია მთელი მსოფლიო აალაპარაკა. იქნებ ღირდეს დავფიქრდეთ, რამდენად დაფასებულნი არიან დღეს ჩვენთან მანდილოსნები "საზოგადო ასპარეზზე მუშაკობისათვის", თუ მხოლოდ სადღეგრძელოებში მოგვაქვს თავი მათი პატივისცემით?! ალბათ უპრიანია შევახსენოთ ღრმადპატივცემულ ბატონებს - ხომ არ დადგა დრო, მეტი პატივი მიაგოთ ქალბატონებს, რომელთა გარეშეც სინამდვილეში ცხოვრებაც არ შეგიძლიათ და მათაც მისცეთ შანსი თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების საქმეში. დასასრულ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენში განათლებული, პროფესიონალი და მოაზროვნე ქალბატონების დეფიციტი არ აღინიშნება, უადგილო და მიუღებელია ნეპოტიზმით, პარტიული კუთვნილებით ან რაიმე სხვა ნიშნით გამორჩევა და აღზევება "საკუთარი" ქალბატონების, ეს ცუდად შემოუბრუნდებათ ხოლმე მავანთ. ზოგადად პირადულის და საქმიანის აღრევა ცუდ ტონად მიიჩნევა და მიუღებელია საქმიან წრეებში, ის საქმეზე ერთობ ნეგატიურად აისახება. დასკვნის სახით, დავუბრუნდეთ თანასწორუფლებიანობის იდეას. ეს ადამიანის უფლებების ქვაკუთხედია და მისი პირუთვნელი დაცვა კი აქსიომაა დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად, რათა ისტორიის სარბიელზე ჩვენი ერი ავტორიტარული მმართველობის მქონე, ჩამორჩენილი და განუვითარებელი ქვეყნების რიგებში კი არ ჩადგეს, არამედ, მოწინავე და პროგრესული სამყაროს ნაწილი გახდეს, როგორც დავითის და თამარის დროს. ცოტა მეუცნაურება და მეხამუშება კიდეც ამაზე საუბარი რომ გვიწევს, მაგრამ დღეს საჭიროებამ მოიტანა ეს თემა, სამწუხაროდ. როდესაც ამ საკითხებზე მსჯელობას ვიწყებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი წარსული, ისტორიული ფაქტები და მოვლენები. ბოლოს და ბოლოს, ბატონებო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენც ქალბატონმა გშვათ, ქალია ყველაფრის საწყისი, მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, ღირსეული მამაკაცის გარეშე არც მისი ცხოვრებაა სრულყოფილი. როდესაც ქალის და მამაკაცის სოციალური როლები საზოგადოებაში გათანაბრდება, ქვეყანაში თანასწორუფლებიანობა და სამართლიანობა იზეიმებს, სამართლიანობა კი უზენაესი წინაპირობაა სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობისა და პროგრესული განვითარებისთვის. გვახსოვდეს, რომ "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო" და ამაში დიდი როლი სწორედ ქალს ეკუთვნოდა! 219 შეფასება არ არის
|