x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ძე ქარიშხლისა" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

მერაბ კოსტავა - "ძე ქარიშხლისა"


"საუბედუროდ, ჩვენ ქართველები, მხოლოდ გადამწვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით! ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც უკვე ერის გადარჩენაზე კი არ არის აქ ლაპარაკი, არამედ აღორძინებაზე, იქ კი, ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ - ერთმანეთს ვშორდებით!....."

"კმარა წელზე ფეხის დადგმით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი! დროა დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს.. დაე, არწივის გაფრენას ედაროს ოცნება იგი, რათა ოცნება მიზნად იქცეს, მიზანი კი - საქმედ!"



მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს, ივანე კოსტავას და ოლღა დემურიას ოჯახში. ბავშვობიდანვე ერთად იზრდებოდნენ მერაბი და ზვიად გამსახურდია. სწორედ ზვიადმა უწოდა მას "ძე ქარიშხლისა". მერაბ კოსტავას დედა - ოლღა იხსენებდა - "ყოველთვის მიკვირდა, ბავშვობაში ზვიადს არასოდეს უთამაშია. სულ პატარაც კი, როდესაც ჩვენთან მოვიდოდა, სულ პოლიტიკაზე საუბრობდა. მერაბ, საქართველო დაპყრობილია, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთო - ეუბნებოდა ხშირად."



ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან დაიწყო მერაბმა პოლიტიკით სერიოზული დაინტერესება. 13 წლის ასაკში მეგობრები და თანამოაზრეები შემოიკრიბა და მათთან ერთად დაიწყო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება. თანამოაზრეები იკრიბებოდნენ კოლხურ კოშხში ან ჯავახიშვილის ქუჩაზე - მერაბის სახლში. მათი იდეური მოძღვარი კი თვით კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ.


მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მათი რამდენიმე თანატოლი აარსებენ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პირველ პატრიოტულ, არალეგალურ ორგანიზაციას "გორგასლიანს". 1957 წლის 5 აპრილს კი ტარდება სასამართლო პროცესი, რომელიც მოსწავლეებს პირობით სასჯელს (3-დან 5 წლამდე განუსაზღვრავთ).


1958 წელს მერაბი წარმატებით ამთავრებს ათწლედს და წარმატებით აბარებს მისაღებ გამოცდებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.


1972 წელს მერაბი და ზვიადი აყალიბებენ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფს. მჭიდრო კავშირებს ამყარებენ მოსკოვისა და ლენინგრადის თვითგამოცემის ჯგუფებთან. ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერი იყო თბილისში არალეგალური და ძალიან საჭირო გამოცემების შექმნისა და გავრცელებისთვის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შემდეგი გამოცემები: "არქიპელაგ გულაგი", "ლოდების ქვემოდან", "მშვიდობა და ძალადობა", "მიმდინარე ამბების ქრონიკა", "იარსებებს თუ არა სსრკ 1984 წლამდე", ასევე მასობრივი ტირაჟით იწყებს გამოსვლას ქართული თვითგამოცემის ჟურნალები" "ოქროს საწმისი" (4 ნომერი) და "საქართველოს მოამბე" (2 ნომერი)


მერაბ კოსტავა - "ძე ქარიშხლისა"


1976 წელს მოსკოვში, აკადემიკოს ორლოვის მიერ იქმნება ჰელსინკის ხელშეკრულებათა საშემსრულებლო ჯგუფი. ანალოგიური ჯგუფი ყალიბდება საქართველოშიც. მისი მიზანი ინფორმაციის შეგროვება და გამოქვეყნება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებტან დაკავშირებით. განსაკუთრებით კი ეროვნების, რელიგიის, ძეგლთა დაცვის და პატიმართა უფლებების დარღვევის სფეროში, იწერება საპროტესტო წერილები, კოლექტიური განცხადებები.


1977 წელს 7 აპრილს ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის აპატიმრებენ ზვიადს და მერაბს 1978 წლის 15-19 მაისს ტარდება სასამართლო სხდომა, რომლის განაჩენის არის, 3 წლის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა და 2 წელი გასახლება. სასამართლოს შემდეგ რამდენიმე ხანი მერაბ კოსტავა კვლავ თბილისის სუკის საპყრობილეში დაჰყოფს, შემდეგ კი პერმის პოლიტსაბჭოში გადაიყვანენ.


ძე ქარიშხლისა - პატიმრობისას


"ხომ ხედავ როგორ გართულდა ომი?!

ვაჰ, თუ ძალები შემომელია,

თუმცა მარადში ვარ თანამდგომი...

ავთანდილობა ერთობ ძნელია"


ძე ქარიშხლისა



1978 წლის ზაფხულში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ზვიად გამსხურდიას და მერაბ კოსტავას საბჭოთა კავშირის ჰელსინკის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ნობელის პრემიაზე წარადგენს, მაგრამ ნობელის კომიტეტი ზედმეტად აღარ აღიზიანებს და პრემია აღნიშნულ წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრს - იცხაკ რაბინს და პალესტინის პრემიერ-მინისტრ იასილ არაფატს გადაეცემა კემპ დევიდში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის. კოლონიაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 1980 წლის აპრილში მერაბ კოსტავას ასახლებენ ირკუცკის ოლქში. ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში. გასახლების ბოლო თვეებში მოწყობილი პროვოკაციის შედეგად, მას ხელახლა ასამართლებენ და მაქსიმუმს, 5 წელსა და 1 თვეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობას უსჯიან. აღნიშნულ ვადას იგი ქალაქ ანგარსკში იხდის. კოლონიის სხვა პატიმრებისგან განსხვავებით მერაბს შიდა ტერიტორიაზე დამამცირებელ სამუშაოს სთავაზობენ, რაზეც იგი უარს აცხადებს. დაუმორჩილებლობის საბაბით მას კიდევ 3 წელს უმატებენ. ამის გამო, 1984 წლის 28 ნოემბერს მერაბ კოსტავა უვადო შიმშილობას აცხადებს. შიმშილობის მე-8 თვეს წერს პოემას - "შიმშილობა", პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა წელიწადი და თვენახევარი გრძელდება, ამ დროს იგი სულიერი სიძლიერის არნახულ მაგალითს აჩვენებს. ამ პერიოდში მერაბ კოსტავას მესამედ წარადგენენ ნობელის პრემიაზე.


მერაბ კოსტავა - "ძე ქარიშხლისა"


უდიდესი ტანჯვა-წამებაც ვერ ტეხავს დისიდენტის უდრეკ ნებისყოფას. შიმშილობის დროს ის იღებს ცნობას მისი უსაყვარლესი ვაჟის, ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის - ირაკლის დაღუპვის შესახებ.


ცივ საკანში მოთავსებული მერაბ კოსტავას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესობამდეა მისული. ზვიად გამსახურდიას უდიდესი ძალისხმევა, რომელიც არაერთხელ მიმართავს დასავლურ სამყაროს, რომ რეაგირება მოახდინონ ადამიანის უფლებების დარღვევის ამ აშკარა ფაქტზე, თავის ნაყოფს იღებს. საერთაშორისო პოლიტიკური ძალების ზეწოლის შედეგად, საბჭოთა ხელისუფლება იძულებულია, გაათავისუფლოს მერაბ კოსტავა. ეტაპობრივად იგი ჯერ ტაშკენტში, მერე კი საქართველოში, ქსნის ციხეში გადაჰყავთ. ხოლო 1987 წლის 30 აპრილს, მერაბ კოსტავა პატიმრობიდან თავისუფლდება.


მერაბ კოსტავა - "ძე ქარიშხლისა"


დაბრუნებისთანავა ინტენსიურად აგრძელებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ახალ ფაზაში შედის. ზვიად გამსახურდიასთან ერთად იგი 1987-1989 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგის დემონსტრაციის ორგანიზატორი და აქტიური მონაწილეა.


1989 წლის ოქტომბერში მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ერთად აპატიმრებენ იმ მშვიდობიანი მიტინგის ორგანიზებისთვის, რომელიც საბჭოთა არმიის მიერ უდანაშაულო ქართველების გაჟლეტვით სრულდება. 40 დღის შემდეგ საზოგადოების პროტესტის გამო მათ ათავისუფლებენ.


1989 წლის ოქტომბერში, მერაბ კოსტავას უშუალო ხელმძღვანელობით, თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იწყება ქართველ წვევამდელთა საპროტესტო აქცია. რომლის მოთხოვნაა: ქართველმა ახალგაზრდებმა სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადონ საქართველოს ტერიტორიაზე და არა რუსეთში. სადაც ხშირად ჰქონდა ადგილი ქართველების წამებას და მკვლელობის ფაქტებს.


ზვიად გამსახურდია,  მერაბ კოსტავა და დედა ტერეზა


სიკვდილამდე ერთი დღის ადრე მერაბ კოსტავას ინიციატივით იქმნება საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი, რომელიც ითვალისწინებს იმავე მიზნების აღსრულებას, რაც თავს იდო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დიდი ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულმა "სათავადაზნაური ბანკმა". კერძოდ, ქვეყნის მძიმე დემოგრაფიული და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ქრისტიანულ-საქველმოქმედო საქმიანობათა განხორციელება. ქვრივ-ობოლთა, უპოვართა, ხეიბართა და მარტოხელა მოხუცთა მოკითხვა და მოვლა-პატრონობა ეროვნული ნიშნის მიუხედავად, რადგან როგორც თავად მერაბი აღნიშნავდა, გაჭირვებასთან და სიკვდილთა მიახლოება, ნებისმიერი ერის შვილს ათანასწორებს.


ამ დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ განვითარების აპოგეას მიაღწია. და როდესაც აღზევების გზაზე მდგარ ქართველთა უდრეკ სულს ჯვარი უნდა აღემართა, სწორედ მაშინ გამოსტაცა სიკვდილმა ქართველ ერს მერაბ კოსტავა. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი, სოფელ ბორთთან, სუკის მიერ მოწყობილ ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა. მთელმა საქართველომ დიდი სიმწრით დაიტირა მერაბ კოსტავა და გულწრფელი ცრემლით მიაცილა თავიანთი სათაყვანებელი გმირი წინაპართა წმინდა სავანეში საუკუნოდ განსასვენებლად.


მერაბი იშვიათი მუსიკალური მონაცემების პიანისტი, მუსიკათმცოდნე თეატრალური კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და პედაგოგი გახლდათ. იყო გრიგის, ბეთჰოვენის, შოპენის, შუბერტის, დიდებული შემსრულებელი. გატაცებული იყო რიჩარდ ვაგნერით, რომლის ქმნილებათა ქართულ სცენაზე დადგმის ერთ-ერთი მოთავე გახლდათ.


ყველაზე ძალიან კი მას ქართული სიმრერები და საგალობლები უყვარდა, რომელსაც თავად მოიძიებდა, ასრულებდა და შეძლებისდაგვარად ეწეოდა ნიმუშების პოპულარიზაციას.


მერაბის კალამს ეკუთვნის არაერთი ფილოსოფიური ნააზრევი, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია პატიმრობაში დაწერილი "ფიქრები საქართველოს მისიაზე", "ფიქრები ქართულ კულტურაზე", ასევე მრავალი პუბლიცისტური წერილი და ესსე, მაგალითად ღრმა ანალიზის და აზროვნების გამოვლინების ერთ-ერთი ესსე: "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა"

ის ასევე ქმნის ბევრ შესანიშნავ ლექსს, რომლებსაც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ეცნობა პუბლიკა. მას რუსულიდან თარგმნილი აქვს ჰ. იბსენის "განდგომილება კისრისა", ა. სახაროვის, "ქვეყნისა და მსოფლიოსათვის", ა. ბელის წერილი და სხვა.


1993 წლის სექტემბერში ზუგდიდში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.


წარმოგიდგენთ მის კიდევ რამდენიმე გამონათქვამს და ლექსს, სადაც ჩანს მისი პიროვნება - "ძე ქარიშხლისა" - ნამდვილი ქართველი:


"უპირობისთვის ვწყევლით ცრუ სოფელს,

და საქართველოს სახელს ვაბოდებთ,

დადგება ჟამი, იმის ხელმყოფელს,

უშრეტის ცეცხლით დავანაფოტებთ!"



"საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება, წავალ სოფელში, ვიყიდი 600 მეტრ მიწას... - და შეყოვნდა.

მივხვდი, გაახსენდა სულს იქით გროშიც რომ არ ებადა, და აბა რით იყიდდა იმ 600 მეტრ მიწის ნაკვეთს, არც შემვმცდარვარ, რადგან საუბარი შემდეგ ასე გააგრძელა:

- საქართველოდ ამოუკიდებელი რომ გახდება, ხომ მომცემენ ბიჭო, ექვსას მეტრ მიწას?" მეგობრის მოგონება. 1988 წ.



მერაბ კოსტავა - "ძე ქარიშხლისა"


"ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის დაწყევლილ ალებს,

მივდივარ შენგან, ბალდახინით შევიბურები,

საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს,

შენ შემოგწირავ, რათა დასძღენ შენი ყურებით.


ქარონის ნავით გადავირბენ პირველ ქაოსებს,

ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით,

საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე,

რადგან ძვირფასო, აქ, მიწაზე შენ იმყოფები!


და კვლავაც დასთქვან პოაემანი ერინიებმა,

ჩემი ცოდვები მათთვის დარჩეს აწ გასამხელი,

წავალ, წამყვება საშინელი მონანიება,

და გულში შანთით ამომწვარი შენი სახელი.


ვერ დაგვაშორებს აქელონის შლეგი ტალღები,

სული იფხიზლებს, თუნდ რომ გვამი ეგდოს მძინარე,

სულეთის მგზავრნი, ანგელოსებს ჩვილი ბალღები,

დავაშრობთ ლეტოს... დავიწყების წყეულ მდინარეს!"



"სარწმუნოების, მეობის, კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და არსებობის შესანარჩუნებლად ბრძოლისთვის თუკი შეიძლება რომელიმე ერს დიდი ეწოდოს, უპირველეს ყოვლისა ქართველობას. არც ერთ მიწას არ განუცდია ასეთი დაწოლა! კავკასიონის მთების საზაფხულო წყალდიდობაც კი ვერ შეედრება აქ დათხეული სისხლის მდინარეებს. რომელთა ავბედით კალაპოტს განუწყვეტლივ აღავსებდნენ მის მყინვარებზე არანაკლებ მარადიული ომები. განუზომლად დიდია იმ პრინციპების ღირებულება, რისთვისაც საქართველომ ეს სისხლი გაიღო!!!"



განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
843
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
843
  
2018, 14 ოქტომბერი, 14:54
ძალიან ძლიერი ადამიანი იყო მერაბი
0 1 1