x
image
მანჩო 777
გარდაიცვალა ოპერის დივა მონსერატ კაბალიე
მუსიკის მოყვარულთათვის დღეს მეტად სამწუხარო ამბავი გავრცელდა: ბარსელონაში, სან-პაუს ჰოსპიტალში მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე. ოპერის დივა 85 წლის იყო. ის სექტემბრის შუა რიცხვებიდან ამ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.




image



მონსერატ კაბალიე 1933 წლის 12 აპრილს დაიბადა ბარსელონაში უბრალო მუშის ოჯახში. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მან გამოამჟღავნა მუსიკის ნიჭი და სიყვარული. 1954 წელს მონსერატმა დაამთავრა ბარსელონას ლისეოს ოპერის თეატრთან არსებული კონსერვატორია. მისი პროფესიული დებიუტი 1956 წელს შედგა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მომღერალმა შეასრულა 88 საოპერო როლი, გამართა უამრავი კონცერტი და გახდა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საოპერო ვარსკვლავი.

ესპანელი სოპრანო განთქმული იყო, უპირველეს ყოვლისა, ბელკანტოს ტექნიკითა და როსინის, ბელინისა და დონიცეტის კლასიკურ იტალიურ ოპერებში წამყვანი როლების შესრულებით.




image



როკ-მუსიკის მოყვარულთათვის კაბალიე ასევე ცნობილია ჯგუფ "ქუინის" ვოკალისტ ფრედი მერკურისთან ჩაწერილი ერთობლივი ალბომით "ბარსელონა" (1988). ამ ალბომის სასათაურო სიმღერა, მიძღვნილი კაბალიეს მშობლიურ ქალაქ ბარსელონასადმი, 1992 წელს ამ ქალაქში ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნი გახდა.


ცნობილი საოპერო დივას დაკრძალვა ორშაბათს, 8 ოქტომბერს გაიმართება მის მშობლიურ ქალაქ ბარსელონაში.


0
146
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0