საქართველო გათითოკაცებული საქართველო ვერ გადარჩება 2018, 30 სექტემბერი, 10:53 ვინმე ტაქსის მძღოლი, იმერელი ლეხუმის მონათხრობ ამბავზე საუბრობს ყველა ბოლო რამოდენიმე დღეა, "ორ წელიწადში ჩვენ თქვენზე მეტი ვიქნებითო" - ირანელი მიგრანტი შეპირებია. ფიცხელ იმერელს ვერ მოუთმენია, თავში ჩაუცხია და ჩაუცხია კომბლესავით, ვიდრე პატრულმა არ გააშველა. არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია ეს ისტორია, თუმცა სიმპტომატურია, ტაქსის მძღოლების და მოქალაქეების ძალებით ხდება პრობლემების გადაჭრა ამ არა-პოპულარული და არა-სამართლებრივი გზებით, რაც სამწუხარო ტენდენციაა და სასურველ შედეგებამდე ცხადია ვერ მიგვიყვანს. ალბათ ამ ყველაფერს ცივილური, სამართლებრივი ჩარჩო სჭირდება, რაც საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა.
ალარმიზმი ნებისმიერი პროცესების ანალიზისას გაუმართლებული და ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ვერც გადაჭარბებული ოპტიმიზმის საფუძველს ვხედავ ამ კუთხით! გარკვეული დოზით სახელმწიფო საზღვრის და მიგრაციის კონტროლი აუცილებელია, მითუმეტეს ქვეყანაში, სადაც მილიონობით ტურისტი შემოდის და საჭიროა ვიცოდეთ ვინ ვინ არის და რით კავდება, რა მიზნით მოდის და რა გეგმებს ახორიელებს. ისედაც მცირერიცხოვან ერს ბევრი ისეთი სოციალური პრობლემა გვაქვს, როგორიც არის უმუშევრობა, მასთან დაკავშირებული სიღარიბე და მისგან გამოწვეული დემოგრაფიული კატასტროფა. გაერო აქვეყნებს საგანგაშო მონაცემს მის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე. ამ დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზის მიხედვით, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 2, 985 000-მდე შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 32 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 28%-ით ნაკლები იქნება. მდგომარეობა მართლაც რომ კატასტროფულია, მითუფრო ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ!
უფრო მეტიც, დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე არ ეთანხმება ამ კვლევას და ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს უკვე რეალობაა, რომ ქართველები აღარ ვართ სამი მილიონი, "ასე რომ, რეალურად მდგომარეობა იმაზე გაცილებით სავალალოა, ვიდრე გაეროს მონაცემი ცხადყოფს, ჩვენ უკვე ვდგავართ დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე… 2050 წელს, ალბათ, ორი მილიონიც არ ვიქნებით".
ძალაუნებურად მახსენდება ცნობილი ფრაზა, რომელიც საბჭოთა დროს ჩვენს ქვეყანაში მითქმა-მოთქმის საბაბი იყო და რომელიც დღეს ნიკიტა ხრუშჩოვის ახდენილ ნატვრას წააგავს: "საქართველო ქართველების გარეშე!" საიქიოდანაც გვებრძვის, თუ მისი მიმდევერები აღმოჩნდნენ ასეთი თანმიმდევრულები?!
ფაქტია, რომ ქართველი მის საკუთარ მიწა-წყალზე აღმოჩნდა უმცირესობაში, დაჩაგრულ და დამონებულ მდგომარეობაში და არა მხოლოდ გარეშე ძალის მიერ ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტების სინამდვილეში, რის შედეგადაც ბევრი ქართველი დაიღუპა, ბევრი დევნილობაში აღმოჩნდა და ქართული ტერიტორიები დავკარგეთ. სირთულეები, რითაც გვაშინებდნენ და რომლებსაც გვპირდებოდნენ "საბჭოეთის" მესვეურები, რეალურად დადგა.
ეკონომიკური სიძნელეები, რომლებიც ერთი ფორმაციიდან მეორეზე გადასვლას, სამოქალაქო ომსა თუ შეიარაღებულ კონფლიქტებს და პოლიტიკური სისტემის სრულ მოშლას მოჰყვა, უკვე 2.5 დეკადაზე მეტია გრძელდება, რაც ქართულ მოსახლეობას აიძულებს პერიოდულად გაასხვისოს საკუთარი საცხოვრებელი და ნაკლებ ღირებულში გადასახლდეს. ეს პროცესები 90-ანი წლების დასაწყისიდან მიმდინარეობს, რასაც ბანკების მტაცებლური პოლიტიკაც დაერთო თან და რამაც უკვე ბევრი უსახლკაროდ დატოვა. ყოველივე ამან განაპირობა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის ფენის წარმოშობა ქვეყანაში, სადაც უსახლკარობა რა ფენომენი იყო არც კი ვიცოდით, ან ყურმოკრული თუ გვქონდა!
ხელისუფლებები იცვლებიან, თითქოს პროგრესიც გვაქვს დემოკრატიის აღმშენებლობის საქმეში, მეზობლებსაც გავასწარით რეფორმებში, დასავლეთსაც სხვაზე მეტად დავუახლოვდით, მაგრამ სიღარიბის დონე რეალურად არ მცირდება, პირიქით, დღითიდღე სულ უფრო მეტი უსახლკარო და შემწეობის მთხოვნელი ჩნდება ჩვენს ქუჩებში. ამ მოცემულობაში ამდენი უცხოტომელის შემოდინება არ არის გამართლებული. საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ბინებს და მიწებს დღეს საქართველოში ძირითადად ყიდულობენ უცხოტომელები. ისიც ხომ გასაგებია, რომ ტურისტი და სტუმარი უძრავ ქონებას არ შეიძენს! გამოდის, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არსებობს და რომ აქ არც ქსენოფობიას აქვს ადგილი და ალარმიზმი კი ამ შემთხვევაში უბრალოდ წინდახედულობის ტოლფასია!
მავანნი ამ დაუბალანსებელი მიგრაციის თემას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და დასავლეთს ადანაშაულებენ ამ პრობლემის შექმნაში. ისინი იმდენად შორს წავიდნენ, რომ მერკელს დააბრალეს, თითქოს სირიელი ლტოლვილების მიღების მოთხოვნით ესტუმრა საქართველოს. "მითების დეტექტორი" აქვეყნებს სტატიას, სადაც ვკითხულობთ: "ესკინის მტკიცება, რომ მერკელმა თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს მიერ სირიელი ლტოლვილების მიღების ვალდებულებაზე ისაუბრა, ტყუილია. აღნიშნული დეზინფორმაცია უკვე წლებია ვრცელდება და მიზნად იმ აზრის დამკვიდრებას ისახავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს სირიელი დევნილების მიღების ვალდებულებას აკისრებს, რასაც ულტრამემარჯვენე ძალები ანტიმიგრანტული განწყობების გასაღვივებლად იყენებენ."
სამწუხაროდ, ჩვენ მილევადი ერი ვართ სერიოზული პრობლემებით და გვჭირდება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ სკამებზე, საკუთარ ჯიბეებზე და ქონების მოხვეჭაზე იზრუნებს და ამავე დროს დაგვმოძღვრავს, როგორ ვიკმაროთ დღეში 1.90 ლარი ოჯახის სარჩენად, არამედ თვითონ იკმარებს იმდენს, რამდენიც ხალხს აქვს და შეიმუშავებს ეროვნულ სტრატეგიას, რომლის ცენტრშიც იდგება ქვეყნის მოსახლეობა და მისი გადარჩენა. ჩვენ გვჭირდება ეროვნული სტრატეგია, რომელიც განავითარებს ინფრასტრუქტურას რეგიონებში და ჩვენს სოფლებში დააბრუნებს გლეხს, შექმნის სამუშო ადგილებს და აამუშავებს საწარმოებს, დაასაქმებს მოსახლეობას და ხელს შეუწყობს რეალურად ბიზნესის განვითარებას, თუნდაც ეს გადასახადების საერთოდ გაუქმების ფასად დაუჯდეს ადგილობრივი ბიზნესებისთვის; ჩვენ გვჭირდება ხელისუფალნი, რომლებიც არ იქნებიან ბიზნესის რეკეტით და საკუთარი მომხვეჭელობით გართულები, არამედ ეროვნული სტრატეგიის გატარებით და ხელშეწყობით დაკავდებიან და ხალხის სამსახურში ჩადგებიან. თოთო-ოროლა გამდიდრებული ქართული ოჯახი არაფერს მოგვცემს, თუკი ერი დაღუპვის და გადაშენების გზაზეა. ცხადზე უცხადესია, რომ დღევანდელი გათითოკაცებული საქართველო ვერ გადარჩება!
საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება არც მარიხუანის კულტივაციით და არც უცხოტომელებზე ქვეყნის მიყიდვით არ ივარგებს, ეს დამღუპველია. მარიხუანას მოხმარება მხოლოდ დააჩლუნგებს ახალგაზრდობას და დაჩლუნგებული თაობის გადარჩენილი ან აშენებული ქვეყანა რა იქნება, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს. რაც შეეხება ისლამიზაციას, ის კიდევ უფრო აგრესიული ფორმაა ერის გადაშენების და ქვეყნის გასხვისების. ჩვენ ამით უბრძოლველად ვთმობთ ჩვენი მამა-პაპის სისხლით დღემდე მოტანილ ქრისტიანობას და ქვეყანას, ლახვარს ვასობთ ზურგში დედა ეკლესიას, რომელიც ამ ქვეყნის და ჩვენი ეროვნულობის ხერხემალია. ამის მორალური უფლება კი ნამდვილად არ გვაქვს, ეს 30 ვერცხლის პოლიტიკაა და ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს, რადგან ეს არ არის ქრისტეს გზა, ეს იუდას გზაა!
18 შეფასება არ არის
|