საზოგადოება (2001 წლის მიმართვა) მათ, ვისაც ჰგონია რომ სიგარეტი ნერვებს ამშვიდებს 2018, 18 სექტემბერი, 23:33 ჩემო ახალგაზრდობავ, აგერ უკვე თითქმის ერთი თვე შესრულდა, რაც „ვარსკვლავების” მორიგი (!) ანტისასიგარეტო კამპანიის მოწმენი ხდებით, ვერა და ვერ დაადგა საშველი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას, ვერა და ვერ შეიგნეთ, რომ ძალიან დიდი ხანია სიგარეტი მოდიდან გადავარდა, ვერა და ვერ შესძელით საკუთარი თავის დამორჩილება და ამ უაღრესად მავნე და ერთბაშად თქვენი ჯანმრთელობისათვის საშიში სიგარეტის გადაგდება.
ნუ შეწყვეტთ კითხვას, იმის ძალა მაინც მოიკრიბეთ, რომ წერილი ბოლომდე ჩაიკითხოთ და უბრალოდ საკუთარი თავი აიძულეთ, გაიგოთ ყველაფერი ის, რასაც თქვენს ჯანმრთელობას არასასიამოვნო სიურპრიზად უმზადებთ.
ყოველი მეხუთე ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, რაც მხოლოდ სიგარეტის ბრალია, კიბოს გაჩენის მიზეზთა შორის 30% მხოლოდ სიგარეტის ბრალია და თუ თქვენ ეწევით, არასოდეს მოხვდებით იმ დარჩენილ 70%-ში, ან არასოდეს იქნებით ყოველი მეხუთე, ის გაითვალისწინეთ, რომ მწეველთა 85% ფილტვის კიბოთი კვდება. ნაადრევად, დროზე ადრე! დიახ, დიახ – ნაადრევად და დროზე ადრე! ნუ იტყვით იმას, რაც მიწერია, იმას მაინც ვერ გადავცილდებიო, თქვენ საკუთარი ხელით აყენებთ ზიანს ჯანმრთელობას.
დარწმუნებული ვარ, მწეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას მობეზრებული და ყელში ამოსული აქვს პრესის და ჯანმრთელობის სამინისტროს გაფრთხილებები, რომ მოწევა მავნეა თქვენი ჯანმრთელობისათვის, იმაშიც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მწეველთა 70% ამ სტატიას უკვე აღარ კითხულობს, მაგრამ თქვენ, არამწეველებო, ურჩიეთ თქვენს გვერდით მდგომს ამ ექსპერიმენტის ჩატარება: აიღეთ სუფთა სალფეთქი (ხელსახოცი), სიგარეტის ერთი ღერის მოწევის ჩამთავრებისას ყოველი გამოშვებული კვამლის ნაკადი ამ ხელსახოცისკენ მიმართეთ და დაელოდეთ ხუთი წუთი – ის, რაც თქვენ ხუთი წუთის გასვლის შემდეგ შეგრჩებათ თეთრ სალფექთზე, მხოლოდ 40%-ია იმ საზიზღრობისა, რომელიც იგივე წესით ილექება თქვენს ფილტვებზე.
თანამედროვე ახალგაზრდობაში (ქართველი) გავრცელებული აზრი – მოდაა და ვეწევი, დიდი აბსურდია, გოგონებო! დიახ, თქვენ მოგმართავთ, რადგან თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ სიგარეტის მოწევა მოდა აღარაა, ეს მოდა მაშინ იყო, როცა პროვინციალიზმის დამკვიდრება დაიწყო. ეს მოდა მაშინ დაიწყო, როცა პროვინციებიდან ახალგაზრდობის მასობრივმა დინებამ იწყო ქალაქისკენ, გოგონები ცდილობდნენ, თავი მოეწონებინათ ბიჭებისთვის და ხერხად სიგარეტის ჩაქვა იპოვეს. დამიჯერეთ, გოგონებო, ძალიან არასასიამოვნოა, როცა ბიჭს ელაპარაკები ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხარ, ან მუსაიფობ, ან სახლში, სამსახურში ხართ და, უბრალოდ, საუბრობთ (არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან) და თქვენ საუბრისას პირიდან სიგარეტის მყრალი სუნი ამოგდით! დამერწმუნეთ, რაც უნდა ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ბრძანდებოდეთ, რაც არ უნდა „დამსკი სიგარას” (დამატებითი არომატია) ეწეოდეთ, თქვენ მაინც მყრალი სუნი ამოგდით პირიდან და თქვენ ეს არ გიხდებათ, იმიტომ, რომ ხართ ქალები, რომელთა 33% მომავალში მკვდარ ნაყოფს შობს, ხართ ადამიანები, რომლებიც თქვენს მომავალ შვილებს გონებაჩლუნგობის გარანტიას უქმნით და მთლად უარესი, თუ თქვენ ორსულობის მეორე თვის შემდეგ მაინც ეწევით, იცოდეთ, რომ 80% გაქვთ იმისი გარანტია, რომ თქვენს შვილს პათოლოგიები განუვითარდეს, თქვენ კი გაქვთ 70% იმის შანსი, რომ სიბერეში უბრალოდ სმენა დაგიქვეითდეთ, ანუ ყრუ გახდეთ! დამერწმუნეთ! დამიჯერეთ! სიგარეტი მხოლოდ დროებით, ზუსტად ის პერიოდი „გიმშვიდებთ ნერვებს”, რა პერიოდსაც ერთი ღერის მოწევას ანდომებთ, სხვა მხრივ ეგ „სიმშვიდე” თქვენ მომავალში უფრო ძვირი დაგიჯდებათ! ახალგაზრდებო! სიგარეტი არანაირად აღარაა მოდა და თუ თქვენ იმის პრობლემა გაქვთ, რომ უბრალოდ ხელში რამე უნდა გეჭიროთ, დამიჯერეთ – გერჩივნოთ, ხელში სიგარეტის მაგივრად „ვარსკვლავები” ატრიალოთ და ფილტვებში გულისამრევი ბოლის მაგივრად სუფთა ჰაერი შეუშვათ! თქვენი შვილები შეიცოდეთ, შვილები, რომლებიც ბევრს ჯერ არა გყავთ! 2001 წელი, თბილისი 37 2-ს მოსწონს
|