x
image
beko777
15 ოქტომბერი - მამების დღე საქართველოში - (2002 წელი, თბილისი)
2002 წლის ინიციატივა

წინასწარ ვიცი, ვიღაცეები ამას მორიგ პოპულისტურ ნაბიჯად ჩამითვლიან, რადგან სწორედ ასე იყო რვა წლის წინათ, როცა სიყვარულის დღის საქართველოში დაარსების იდეა გავაცანი საზოგადოებას და დღეს 15 აპრილი ერთ-ერთი ღირსეული საერო დღესასწაული გახდა საქართველოში.

... და არის ახალი იდეა - მამების დღე საქართველოში! იდეა, რომელიც გასულ წელს უბრალოდ დაფიქსირდა და რაღაც პერიოდი ასევე დარჩა, დღეს კი ამ იდეას დახვეწა და... და რა? მხოლოდ აღნიშვნაღა სჭირდება!

15 აპრილთან მიმართებაში კითხვა ისმოდა, რა საჭიროა სიყვარულის დღეს კონკრეტული რიცხვი მივუძღვნათ, განა ყოველი დღე სიყვარულისა არ უნდა იყოს?! მაგრამ ვერასოდეს, სამწუხაროდ, ვე-რა-სო-დეს ვერ იქნება ყოველი დღე სიყვარულისა, რადგან ეს (!) ცხოვრება სამოთხე არ არის! დაისმება კი შეკითხვა ამ შემთხვევაში – რა საჭიროა მამების დღე, მამების დღე ხომ ყოველდღე უნდა იყოს?! როგორი გასაქილიკებელი ფრაზაა, არა?! ვიღას ახსოვს საქართველოში მამა-კაცი! ოჯახის ბურჯი და ღერძი! მამა – თავი და თავი სიძლიერისა! მამა – დამცველი და მოდარაჯე საკუთარი ოჯახისა! მამა – მამა საკუთარი შვილებისა! მამა – ღირსეული ადამიანი, რომელსაც ბევრი ღირსეული მისია დააკისრა ღმერთმა!.. და განა ყველა მამაა შვილებისათვის თავდადებული?! ოჯახის მედგარი დამცველი? შვილების მოდარაჯე? – არა! უღირსი მამებიც არიან და იქნებ ეს დღე მაინც იყოს მათთვის დაფიქრების და გამოფხიზლების დღე, იქნებ ის უღირსი მამები ამ დღეს მაინც დაფიქრდნენ თავიან შვილებზე და ათასი უღირსი მიზეზის გამო მიტოვებული შვილები გაიხსენონ და შეახსენონ უპირველესად მათ – შვილებს, რომ მათ ჰყავთ – მამა!


ღირსეული მამა იყო თუ არა გიორგი სააკაძე? იოსებ სტალინი? ისტორიული მემატიანე გადმოგვცემს, რომ მათ საკუთარი შვილები დათმეს სამშობლოსათვის. პირველმაც ტყვეობაში დატოვა შვილი და მეორემაც მტრის გენერალში არ გასცვალა უბრალო (!) ჯარისკაცი. ისიც გემახსოვრებათ, შარშან სწორედ გიორგი სააკაძის გარდაცვალების დღე – 3 ოქტომბერი შემოგთავაზეთ მამების დღის აღნიშვნის კონკრეტულ თარიღად! იდეის დაფიქსირებიდან გამოხმაურებათა კასკადი არ შეწყვეტილა ისტორიის კათედრიდან ერთი მოტივით – ისტორიკოსები ჯერ კიდევ მსჯელობენ გიორგი სააკაძის კარგ მამობაზეო! შევყოვნდით, თითქოს შევეჭვდით კიდეც და იდეა-ფიქსმა გაქრობა იწყო პრესის ფურცლებიდან. მართალია – ჩვენ, თანამედროვენი ვერ გამოვიტანთ განაჩენს ვერც გიორგი სააკაძის კაი მამობასა და ვერ იოსებ სტალინის ცუდ მამობაზე ან პირიქით (ისტორიული ნიუანსი ნახეთ – სწორედ სტალინის დაკვეთით გადაიღეს ქართული მხატვრული ფილმი „გიორგი სააკაძე” 1943 წელს (!), ამიტომ... ვეძებოთ თარიღი... ვიკამათოთ... ვიმსჯელოთ!..

მე, როგორც იდეის ავტორი – 15 ოქტომბერს გთავაზობთ! რატომ? თუ არ გაგეცინებათ, გაგეღიმებათ მაინც – იგივე ლოგიკური ახსნით, რა ახსნაც 15 აპრილის სიყვარულის დღედ გამოცხადებას აქვს (ღმერთმანი, მამაჩემი მაინც არ არის 15 ოქტომბერს დაბადებული, თორემ აქაც ბრალს დამდებდნენ – თავის დაბადების დღე სიყვარულის დღედ აქცია, მამამისის კი – მამების დღედო! სხვათაშორის, მამაჩემის დაბადების დღე 7 იანვარია), ანუ 15 ოქტომბერი არის შემოდგომის შუა თვის შუა რიცხვი. შემოდგომა კი სიუხვის, ბარაქის და სიძლიერის სიმბოლოა. ღირსეული მამაც ოჯახში სიუხვის, ბარაქის და სიძლიერის შემომტანი უნდა იყოს, საკუთარი შვილების დამცველი და მათი აწმყოს და მომავლის დამცველია.

P.S. ეპილოგისთვის კი თავს უფლებას ვაძლევ, რომ განვაცხადო – მეც მამა ვარ, მამა, რომელსაც ყველაზე ძალიან უყვარს თავისი შვილი, მამა, რომელსაც ძალიან უნდა, რომ საკუთარმა შვილმა წლის ერთ მშვენიერ დღეს, კარგი მამობისთვის მადლობა გადაუხადოს და ყველაზე მთავარი – მე ამ დღის დაარსებას საკუთარ მამას – ლერი ჩუბინიძეს ვუძღვნი, ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს მისი თავი, რამეთუ მე არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ, რომ არა ის – დედასთან ერთად!

image

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0