12 სექტემბერს ლანა დელ რეის (ელიზაბეთ გრანტის) მეექვსე ალბომიდან პირველი სიმღერის პრემიერა შედგა, სახელწოდებით ''მარინერსის აპარტამენტი'' (ჟანრი: რბილი როკ ბალადა). როგორც ყოველთვის, ლანას მუსიკალური ნაშრომი სევდანარევი რომანტიკითაა სავსე. პეპლებით თამაში, კლდის პირას მძვინვარე ტალღები, შტორმი, მზერა და ძიება... შავ-თეთრი კლიპი ციფრული კამერის ფორმატშია გადაწყვეტილი. მელანქოლიურ ხმას დასარტყამი ინსტრუმენტი, აკუსტიკური გიტარის სიმები და პიანინო სდევს. საინტერესოა, რა გახდა ამერიკელი მომღერლის შთაგონების წყარო.''მარინერსის აპარტამენტში სევდით ამავსე;
ქარში სინათლე კი არა, ელვა და ქუხილი ვარ...
ის გოგო ვარ, შენ რომ ჩაგაფიქრებს.
ვინ ხარ და ვინ იყავი?
ვინ? ის, ვისთანაც სანაპიროზე ისეირნე - ვენეციელი ავხორცი, შენი სიკვდილი და სისუსტე.
შემეძლო, მეხსენი ცოდვებისგან.
ცას აკოცე და უფალს შემადლე, რომ ის იპოვე, რაც გჭირდება.
პატარავ, ნება მომეცი, ამოვისუნთქო.
დაკარგულხარ.. უბრალოდ, ხელი ჩამჭიდე.
ზღვაში დაიკარგე.. გიბრძანებ, ნავი ჩემკენ მოაბრუნო,
შორს ნუ იხედები, მარჯვნივ მობრუნდი. აი, აქ ვარ! შენი მამაკაცი.
ჩემი სიკეთე სისუსტედ ჩათვალეს და აქ შევცდი.
უფალო, არ შეუძლია გოგონას, საუკეთესო გაიღოს?
ტალღა დაიჭირე და მისი სიტკბოება იგემე; შენ ეს გსურს, გჭირდება.. მზად ხარ?
იფიქრე ბნელსა და სიღრმეზე, იმ ყველაფერზე, რაც მე ''მედ'' მაქცევს.
ის ვარ, ვისაც სწამს, დრო ხალხს ცვლის, თუმცა არ უნდა დაგტოვოს.
რაც არ უნდა თქვან, პრინციპებს არ უღალატო.
სიბნელეშიც კი შენს წინააღმდეგობას ვაწყდები.
ნახე, შენგან მოშორებული გული როგორ მეწვის.
პატარავ, შენი მამაკაცი ვარ.''ეს სიმღერა დიალოგია ლანა დელ რეისა და მეგობარ ბიჭს შორის. აი, რა იქცა მუსიკოსის მუზად: ''ღამით ვსეირნობდით. მისი მეგობრის ბინის წინ შევჩერდით. ხელი მხარზე სიყვარულით დამადო და მითხრა, რომ ერთმანეთს ვგავდით, ორივე არ ვართ კარგადო. ძალიან სევდიანი მოსასმენი იყო ეს სიტყვები. შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ ასე არ იყო, არ ვიყავი გამოუსწორებელი და საქმე უკეთ გამომდიოდა. ვაწყენინე, გაბრაზდა კიდეც. ამის მერე დავწერე სიმღერა''.
ლანა ტრაგიკულ, უღონო სახეს გვიხატავს. პარტნიორის წინ აღარ დგას საიმედო ქალი, რომელსაც მშვენიერი სამყაროსი სწამს. პატიების ძალა და მეორე შანსი სასიყვარულო ურთიერთობის თანმდევია.
''მიყვარს მისი არაამქვეყნიური ხმის ტემბრი. ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ იმაზე ძლიერი გოგოა, ვიდრე გვგონია. ლანა დელ რეის ხელოვნება ბევრად მეტია. ეს სამყარო მას ეკუთვნის, ჩვენ უბრალოდ, ვცხოვრობთ'' - წერს აღტაცებული ფანი.
სიმღერის პროდიუსერი ლანას გარდა, ჯეკ ანტონოფია. ამ ამერიკელ მუსიკოსს 3 გრემის ჯილდო აქვს; ''მარინერსის აპარტამენტში'' მისი ვოკალი ვერ მოისმინეთ, თუმცა პიანინოზე ასრულებს აკომპანიმენტს. კლიპი გადაიღო დელ რეის უმცროსმა დამ, ფოტოგრაფ ჩაკ გრანტმა. მუს. ვიდეოში მონაწილეობა მოდელებმა - ეშლი როდრიგესმა და ალექსანდრია კეიმ მიიღეს. ლანას შემდგომი სიმღერა - ''Venice B*tch'' 18 სექტემბერს გაჟღერდება. სხვათაშორის, 33 წლის მომღერალი საკუთარი ავტორობით პოეზიის წიგნის გამოცემას გეგმავს.
ისრაელის ხელისუფლება პალესტინელი ხალხის მიმართ ძალადობრივ პოლიტიკას განაგრძობს, ამიტომ მომღერლები ბოიკოტს აცხადებენ. ლანა დელ რეიმ ისრაელსა და პალესტინაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. არადა, $700 ათასი წინასწარ გადაუხადეს. ''ჩემი ფანები თანასწორუფლებიანი არიან. მუსიკა მსოფლიო ენაა, ხალხს ვერ გამოვარჩევ. ან ორივე, ან - არც ერთი''.