რელიგია რას ნიშნავს ფერისცვალების დღესასწაული და რატომ იკურთხება ამ დღეს ტაძრებში ხილი? 2018, 19 აგვისტო, 17:50 19 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ის 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. დღე, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა, კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს - სულიერ ფერისცვალებას. მაინც რას ნიშნავს ფერისცვალების დღესასწაული და რას უკავშირდება მისი წარმოშობა? - შევეცდები მოკლედ მოგითხროთ. '' სახარების თანახმად მაცხოვარმა სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე წაიყვანა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას მათ ნახეს, რომ იესომ მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას მისგან ისეთი ნათელი გადმოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ, ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვყავ; მაგისი ისმინეთ!" ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ. მოციქულები განაცვიფრა ამ ხილვამ, უფლის ბრწყინვალებამ. იგივე დაემართებოდა ნებისმიერ ჩვენგანს, ამიტომ უფალმა მხოლოდ წამიერად გვიჩვენა თავისი ნამდვილი სახე - სახე, რომელსაც ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვიმალავდა. სწორედ ამ განუზომელი ნათლის გამო იყო, ჩვეულებრივი ადამიანივით რომ დადიოდა - სხვაგვარად მას ვერც კი შეხედავდნენ. ამავე დროს, იმის მაგალითსაც გვაძლევდა, რაოდენ თავმდაბალი უნდა იყოს ქრისტიანი'' - (შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ მიქაელის ქადაგებიდან). მაინც რატომ გამოარჩია ქრისტემ ეს სამი მოწაფე? პეტრე - უფლის უსაზღვრო სიყვარულით, იოანე - ერთგულებით, იაკობი კი - იმ სიტყვების გამო, ძმასთან ერთად რომ უთხრა იესოს: ძალგვიძს, შევსვათ შენი სასმისი. იოანე დამასკელი სახარების ამ ადგილს ამგვარად ხსნის: მაცხოვარმა თან წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ მისი მოწმობა ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ მამის მოწმობითაც მტკიცდებოდა და დაერწმუნებინა იგი, რომ თვით ზეციურმა მამამ განუცხადა ეს მოწმობა; იაკობი - რაკი სხვა მოციქულებზე ადრე ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო უფლისათვის და ბოლოს, იოანე - ქალწულებისა და ღვთისმეტყველების სიმბოლო, რათა ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისთვის და ეთქვა: "პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი". ყველა თქვენგანისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება, ხოლო ოჯახებში ასევე ხილის სუფრები იშლება. მრევლს ტაძარში მოაქვს ხილი, რომელსა კურთხევის შემდეგ ან ეკლესიაში ტოვებენ, ან ოჯახებში მიაქვთ. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობლის გადახდის მიზნით უფალს სწირავდნენ. სამწუხაროდ, უამრავ ტრადიციას აზრი დაეკარგა, რადგან ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობა. მაგრამ ეს კეთილი ტრადიცია ჩვენში დღემდე შემორჩა. მართალია, შეიძლება ჩვენი შრომით არ მოგვყავდეს ესა თუ ის ხილი, მაგრამ მისი შეძენა ხომ იგივე ჩვენი შრომის, შემოსავლის საფუძველზე ხდება. მოსავლის გარკვეული ნაწილი ეკლესიაში უძველესი დროიდან იწირებოდა. ეს იქნებოდა ხორბალი, რომელსაც სეფისკვერის გამოსაცხობად იყენებდნენ; ყურძენი; საბარძიმე ღვინის დასაყენებლად; ზეთი კანდელისათვის თუ ცვილი, რომლისგანაც სანთელს ამზადებდნენ. ეს იყო სამადლობელი ღვთისა და შესაწირი ეკლესიისადმი. '' ხშირია კითხვა, შეიძლება თუ არა ახალი ხილის ჭამა ფერისცვალების დღესასწაულამდე. ეს აუცილებელიც არის. თუ ვინმეს სურს არავითარი ხილი არ მიიღოს ფერისცვალებამდე, ეს თავის დატანჯვა იქნება. თუ ასეთი სურვილი მაინც გვექნება, კურთხევა მოძღვრისგან უნდა ავიღოთ. საზოგადოდ იმის თქმა, რომ ხილის კურთხევამდე, არც ერთი ხილის ნაყოფის მიღება არ შეიძლება, ეს დიდი უგუნურებაა. უარს ვამბობთ იმაზე, რაც ღმერთმა მოგვცა. დღეს ხილის კურთხევისას წარმოვთქვით ლოცვა, რომ უფალმა შეიწიროს ეს ნაყოფი, მიიღოს ძღვენი და მოგვეცეს მადლი. ფერისცვალების ამბის თხრობით მახარებელნი იმისთვის გვამზადებენ, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდეს ასეთივე ფერისცვალება. ქრისტიანის ცხოვრების მიზანი ხომ სწორედ ფერის, ცოდვილი ბუნების შეცვლაა. არსებობს სიმაღლე, რომლის წვდომაც ადამიანს ძალუძს და უნდა მისწვდეს კიდეც, და ეს უნდა მოხდეს ღვთით. ადამისა და ევას დაცემა თითოეულ ჩვენგანზე ვრცელდება. ჩვენი მიზანია, პირვანდელი მდგომარეობა დავიბრუნოთ, ეს კი ვნებებთან ბრძოლას, მათზე გამარჯვებას გულისხმობს. უნდა ვიცვალოთ ცოდვილი ბუნება, უნდა განვიღმრთოთ, ქრისტეს ნათლით გავნათდეთ'' - (ლომისის წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის, მამა დავით ნოზაძის ქადაგებიდან ). ყველას გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სიკეთის, სიხარულის, ღიმილის და სიყვარულისკენ გეცვალოთ ფერი! უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! 2982 6-ს მოსწონს
|