საქართველო დატოვებენ თუ არა კახეთის გუბერნატორი და კახეთის რაიონის მერები თანამდებობებს? 2018, 26 ივლისი, 20:03 რვა გუბერნატორიდან დღეს ხუთმა თანამდებობა დატოვა – შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ. ამ ეტაპზე პოსტს ინარჩუნებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილიც, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან, ის აქტიურად იყო ჩართული კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიასა და ადმინისტრირებაში, თუმცა, მაშინ ქადაგიშვილი კოალიციის ერთ-ერთ პარტიას, ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდა. კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლის შემდეგ ქადაგიშვილი „ქართულ ოცნებაში“ დარჩა. ორი წლის წინ მან გუბერნატორის თანამდებობაზე ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა და პარლამენტის წევრი გახდა. არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთში იმ დროისთვის ის ერთადერთი კადრი იყო, რომელსაც ე.წ. კახური კლანი არ მფარველობდა და ითვლებოდა, რომ მას პირადად გიორგი კვირიკაშვილი ენდობოდა. თუმცა, ამავე დროს, ფაქტია, რომ ქადაგიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ კვირიკაშვილის გარეშეც საკმაოდ კარგი კავშირები და დამსახურება აქვს იმის გამო, რომ პარტიიდან საარჩევნო პროცესებს ის კურირებდა. თუმცა, მეორე მხრივ, ის არ ითვლება მორჩილ კადრად, რადგან საკუთარ პოზიციებს კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით ღიად აფიქსირებს. მაგალითად, შარშან, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ერთდერთი იყო, ვინც ღიად თქვა, რომ პანკისის ხეობის უხუცესებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ამიტომ დიდი ალბათობაა, ის ძალოვანებს და, განსაკუთრებით, სუს-ს, არც კი მოსწონდეს და მის შეცვლაზეც ფიქრობდნენ, რადგან კულუარული ინფორმაციით, რეგიონებთან დაკავშირებით სუს-ის პოზიცია კვლავაც მნიშვნელოვანია. ირაკლი ქადაგიშვილს პარტიული ხელმძღვანელობისგან განსხვავებული პოზიცია სხვა საკითხებზეც ჰქონია. თუ, მაგალითად, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი თვლიდნენ, რომ დეცენტრალიზაცია და ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება დაუშვებელი იყო, ქადაგიშვილი ყოველთვის ღიად ამბობდა, რომ ქვეყანას ორდონიანი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია უფრო მეტად გააძლიერებდა. როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას ამჯერად აქტიურად აპირებენ, ამიტომაც ქადაგიშვილის ცოდნის გამოყენება, წესით, მათთვის კარგი რესურსი უნდა იყოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია პირდაპირი წესით არჩეული მერების გადადგომის შესახებ თუმცა, ეს გაცილებით რთული იქნება, რადგან 2014 წლიდან საქართველოში ყველა მერი პირდაპირი წესით არჩეულია და მათი მოხსნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. კანონმდებლობით, მერის გადასაყენებლად, უკეთეს შემთხვევაში, საკრებულომ მისი იმპიჩმენტის ან უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა დაიწყოს, უარეს შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ ჯერ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, რასაც მერის უფლებამოსილების შეჩერება მოჰყვება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში კი – უფლებამოსილების შეწყვეტა. კახეთში, დედოფლისწყაროს გარდა, ყველა მერი კვირიკაშვილ-ალავიძის შერჩეულია, ასე რომ დასკვნები მკითხველისთის მიგვინდია. 91 შეფასება არ არის
|