საქართველო აზერბაიჯანში ქართულ ტაძრებს ალბანურად მოიხსენიებენ " - დანიელ ყულოშვილი 2018, 19 ივლისი, 21:03
აღნიშნული ძეგლი 1518-1574 წლამდე კარგად შენახული და მოქმედებაში ყოფილა. ამას ამტკიცებს ლევან მეფის მეუღლის თინათინის გუჯარი, რომელიც მიუცია შუამთის მონასტრისათვის. (ის. გუჯრები). სამწუხაროდ, იგი ამჟამად ნახევრად დანგრეული დგას უპატრონოდ დიდ ველზე - ძეგლი ახლო სოფლებიდან მორეკილი ნახირისა და მწყემსების სათარეშოდაა მთლიანად ქცეული და ყოველდღე ნგრევისა და დაკნინების საფრთხეშია. ძეგლის გეგმის კომპოზიცია და საშენი მასალა, რომლითაც იგი აგებული, აშკარად მიუთითებენ მშენებლობის ორ პერიოდზე: პირველ პერიოდს ეკუთვნის თვით ეკლესია, რომელიც წარმოადგენს წრიული მოხაზულობის ერთ აბსიდიან ბაზილიკისებრივ სივრცობრივი ფორმის ნაგებობას, რომელიც აგებულია ადგილობრივი საშენი მასალისაგან, ე.წ. "ნარიყალასაგან" კირის მოჭარბებულ ხსნარზე; მეორე პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ აგურისაგან აგებული სამრეკლო, რომელიც დასავლეთ მხარეზეა ეკლესიის კარიბჭის კედელზე მიშენებული. ეკლესიის განი 7 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგრძე 9 მეტრს აღემატება; სამრეკლოს გეგმა კვადრატულია - 6, 2X6, 2.; აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ზ.ედილის მიერ მოცემული ზომები - "სიგრძე ეკლესიისა 20 მეტრია, სიგანე - 14". სინამდვილეს არ შეეფერება. ძეგლის თარიღის დადგენა ეპიგრაფიკული მასალის უქონლობის გამო ძნელდება, ამიტომ ჯერჯერობით ხუროთმოძღვრულ ანალიზს, მის სამშენებლო ელემენტებისა და ტექნიკის დონის განსაზღვრას უნდა დავეყრდნოთ. აღნიშნულ ძეგლს პარალელები ეძებნება თვით საინგილოს ტერიტორიაზე. ასევე იდენტური ტიპის ძეგლების არსებობა დამოწმებულია საქართველოს სხვადასხვა მხარეში; აგრეთვე ისტორიული ტაოს მიწა-წყალზე. ამ ძეგლის ერთ-ერთ იდენტურ ტიპს წარმოადგენს იშხანის ტაძრის გვერდით მდებარე ე.წ. "მცირე ეკლესია", რომელიც აგებულია 1006 წ., ხოლო მშენებლობის მეორე პერიოდის მიშენებული ნაწილი - სამრეკლო, დღევანდელი კახეთის ტერიტორიაზე გავრცელებუღი ქართული ხუროთმოძღვრების გვიან პერიოდის დამახასიათებელი ტიპიური სამრეკლოების განმეორებას წარმოადგენს. სამრეკლოს პირველი სართულის გეგმის კვადრატული მოხაზულობა და მეორე სართულის რვაწასნაგოვანი ტიპიური ღია ფანჩატურისებრივი გადაწყვეტა თავისი სივრცობრივი ფორმითა და კონსტრუქციული სტრუქტურით XII–XIII სს. არ სცილდება, ხოლო ეკლესიის მშენებლობის პირველი პერიოდი XI-XII სს. უნდა ვივარაუდოთ."- დანიელ ყულოშვილი 223 1-ს მოსწონს
|