x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80764
  • ვიდეო:333086
  • სურათი:438178
პაატა ტურაშვილი,პროტესტის ნიშნად თავისი ნამუშევრების გამოფენას სასაფლაოზე გეგმავს!


image ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვარი პაატა ტურაშვილი დაიბადა ქალაქ გორში, ამჟამად ცხოვრობს კასპის პატარა სოფელში, დოესში. განხვავებული მისწრაფებების გამო სკოლას ალღო ვერ აუღო და 2004 წლიდან საყვარელი საქმის შესასწალად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და ხეზე მხატვრული დამუშავების სწავლას შეუდგა. სამხატვრო აკადემიაში მისი ცდა წარუმატებლად დასრულდა, თუმცა დანებება არც უფიქრია და მომდევნო წელს 100%-იანი გრანტით დაიწყო სწავლა. ცხოვრების მცირე პერიოდი გერმანიაში დაჰყო, თუმცა უცხო ქვეყანაში ხანმოკლე ემიგრაციის შემდეგ, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და ახლა თავს მთლიანად, როგორც თვითონ უწოდებს, ტილოზე "უსახელო ემოციების" გადმოცემას უძღვნის. მიზნად ამერიკის რომელიმე ცნობილ გალერეაში გამოფენის მოწყობას ისახავს და თვლის, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

ბავშვობიდან ხატავ, როდის გააცნობიერე, რომ ხატვა სწორედ ის პროფესია იყო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გსურდა გაყოლოდი?

ხატვა 5-6 წლიდან შემიყვარდა, წიგნებიდან ილუსტრაციებს ვიხატადი, ალბათ პატარა ასაკია, მაგრამ 8 წლისამ უკვე ვიცოდი, რომ სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა და მხატვარი გამოვსულიყავი, თუმცა აკადემიაში ჩემი მოლოდინი დიდად არ გამართლდა, ყოველდღიური რუტინის მონაწილე ვიყავი, რაც ჩემი აზრით მხატვარს, როგორც შემოქმედს ვერ ავითარებს, რადგან სწავლის მეთოდოლოგია საკმაოდ მოძველებული იყო და ვფიქრობ იქ დღემდე არაფერი შეცვლილა.

შენი ნამუშევრები საკმაოდ ღრმა და ძლიერი ფსიქოლოგიური დატვირთვის მატარებელია, რაში პოვებ ინსპირაციას და რატომ აირჩიე ეს სტილი?

ჩემს ნამუშევრებს, "უსახელო ემოციები" ჰქვია. სამყაროში არსებობს ისეთი განცდები - ემოციები, რომელთაც სახელი არ აქვთ. ინსპირაციას ხშირად ჩემი სოფლის განაპირა მდგარ მთებში ვპოვებ, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით, -მთები, ის ჩემთვის ადამიანური გრძნობების დაუსრულებელი სევდაა. სურნელს სახელი არ აქვს, ისევე როგორც იმ ემოციას, რომელსაც მთების დანახვისას შევიგრძნობ. ის ემოცია, რომელსაც სურნელის შეგრძნებისას განიცდი და სახელი არ აქვს, უსახელო ემოციაა.

თითქოს შენს ფიქრებს სევდა ეპარება, ისევე როგორც შენს ნამუშევრებს. რაიმე მნიშვნელოვანმა უარყოფითმა ემოციამ ხომ არ განაპირობა შენი "გრძნობების სევდა"?

გოდერძი ჩოხელი ამბობს; "ყველაზე დიდი სევდა ადამიანად ყოფნის სევდაა"-ო, ასევე ვაჟა "რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოვედ წვიმადა.." ჩემი სევდა არ არის რაიმე კონკრეტული მოვლენით განპირობებული, არამედ, ის ადამიანად ყოფნის სევდაა. ვფიქრობ, სევდაა ყოველივე ის, რასაც ჩვენ ბედნირებას ვეძახით, ის ყველაფერი კი, რასაც მე ვქმნი, ადამიანად ყოფნიდან გაქცევაა.

image

მომავალი პერსონალური გამოფენის მოწყობას სასაფლაოზე გეგმავ, როგორია ამ უცნაური იდეის აღმოცენების ისტორია და კონკრეტულად, რას უკავშირდება შენი პროტესტი.

ჩვენი კულტურა მკვდარია, საგამოფენო სივრცეები უმეტესად გაჟღენთილია გარდაცვალებით, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა ვართ და ამ ქვეყანამ არა თუ რიგით ადამიანთა ცნობიერებაში ვერ დააღწია თავი ამ მარწუხებს, არამედ კულტურის დონეზეც, რა თქმა უნდა, ეს ხელოვნებაშიც ნეგატიურად აისახება და ძირითადად ძველის გადამღერებაა. ერთი მხრივ, საბჭოური სოც-რეალიზმი, მეორე მხრივ, იმის გადმოტანა, მიბაძვა, რაც ევროპაში მოძველდა უკვე. მეოცე საუკუნისა და მეცხრამეტე საუკუნის სიახლეებია ჩვენთან, სიახლეები ბრჭყალებში.

გარდა ამისა, ინდივიდუალიზმის დეფიციტია, თუკი რამ იქმნება და არის პატარ-პატარა გამონათებები, ხშირ შემთხვევაში იმ პოზიციიდან ახდენენ შეფასებას, რაც ჩემი აზრით, მცდარია, ანუ იმ საძირკველზე ცდილობენ კედლების დაშენებას, რომელიც დასანგრევია. ამის გარდა, მე ვფიქრობ, არ შეიძლება ხელოვნება რაღაც არსებული კრიტერიუმების კვადრატში ჩასვა, თუ ის თავიდან ბოლომდე ინდივიდის სულიერ განცდებს გამოხატავს, ეს ცოტა კომიკურია და იმ პაროდიულობაზე მიბმა და პაროდიად ქცევაა, რაც უკვე არის, არსებული დრომოჭმული პერიოდია, ყოველი თვალი ცდილობს კონკრეტული არსებული სახელიდან იმეტყველოს და თუ მან ეს ვერ აღმოაჩინა, გაურკვევლობიდან ხდება უსაფუძვლო კრიტიკანი.

იქ, სადაც კულტურა ფეთქავს, კულტურის სასაფლაოს შენება იწყება, გვინდა თუ არა, იქ, სადაც ყოველი განზოგადებულის დახურდავება ხდება, ხდება წუთისოფელი, კომუნისტური მოგონებანი წითელი და შავი, პროვინციალური ავანგარდი, ავანგარდი ბრჭყალებში, პოლიტიკური ელფერი ხელოვნებებში. იდეოლოგიას ვგულისხმობ და არა პროტესტის გრძნობას, რომელი პროტესტითაც, შეიძლება ხელოვანმა რაიმე ღირებული შექმნას. ეს აქ არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ იმ მასშტაბისას, როგორიც იქნება ადეკვატური რეალობასთან, აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეს იდეა და ჰქვია კულტურის სასაფლაო-უძრაობა.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

მინდა ყოველთვის დავაფიქსირო ის, რასაც ვგრძნობ ხელოვნებაში და რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც არ იქნება კულტურის ნაწილი, რადგან ვფიქრობ, თუკი კულტურის ნაწილი ხდები და საზოგადოება გიღებს, როგორც შემოქმედს, ესე იგი, არაფერი გაგიკეთებია. ვაპირებ, გამოფენა გავაკეთო ამერიკის რომელიმე პრესტიჟულ გალერეაში, ვთვლი, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

image

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მანდარია
ნინი მანდარია
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0