x
image
ნინო ნინო
ქრისტე, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ
“მერსო ერთადერთი ქრისტეა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ"


ალბერ კამიუ



ვინ ვართ რეალურად ადამიანები ერთმანეთისთვის? რამდენად შეგვიძლია გარშემომყოფებისთვის ყოფიერების შემსუბუქება თუ იმიტომ ვართ გაჩენილი, რომ ერთმანეთს კიდევ უფრო დაუმძიმოთ ამქვეყნიური ტვირთი. როგორ მოგვაქვს ერთმანეთისთვის მიწიური ჯოჯოხეთი და როგორ ვეფლობით ნარცისიზმსა და ინდიფერენტიზმში, რაც ცივსისხლიან კლონებად გვაქცევს ისე, რომ თავადაც ვერ ვხვდებით? დავიწყებამ, გულგრილობამ, ამაოებამ, აბსურდმა და ადამიანთა გულქვაობამ ათქმევინა დიდ ფრანგ აბსურდისტსა და მწერალს ეს შემაძრწუნებელი და გენილური ფრაზა.


პონტოელ პილატედ, იუდად და ბარაბად ვრჩებით ადამიანები. უცვლელია ჩვენი დაცემული ზნეობა, ცვალებადია მხოლოდ და მხოლოდ ეპოქა და ცივილიზია. ანტიკურობიდან შუა საუკუნეებამდე, რენესანსიდან მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმამდე ერთმანეთთან ურთოერთობის, ურთიერთგაუგებრობის ბარიერები ვერ მოვშალეთ. დანარჩუნება, ჩაგვრა, სოციალურ და იერარქიულ კიბეზე ბობღვა დასაბამიდან ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ამისთვის ვკლავთ, ვღალატობთ, ვტაცებთ, თვითმკვლელობამდე მიგვყავს და ამის შემდეგ ნუთუ ვიმსახურებთ ნამდვილ ქრისტეს?



კეთილშობილება და პატიოსნება ხომ იმისთვის გავარდება ხოლმე ამქვეყნად, რომ დასცინონ, დააკნინონ და დასცენ. ჩვენში სიკეთე ხომ ბრიყვობად ითვლება, სამაგიეროდ გაქნილობა, კონფორმიზმი, ავტორიტეტისადმი მონური ქედმოხრილობა, დამგროვებლობა კვაჭიზმი, მეჯღანუაშვილობა მეტისმეტად ძვირად ფასობს და მთლიანად ამ ჩარჩოებშია მოქცეული ადამიანური ყოფის ფილოსოფია. ადამიანის ყოველგვარი სიღრმე და სიბრძნე მხოლოდ კარგად მოხვეჭილში ვლინდება. ჩვენში ხომ ავკაცად ის მიაჩნიათ, ვისთვისაც მონური მორჩილება და პატრონისადმი ყმობა მიუღებელი და დამამცირებელია?


თავის არსშივე დაცემისკენ მიდრეკილი საზოგადოება ალბათ მაინც იმ ღმერთს იმსახურებს, რომელსაც თვითონ ჭედს. ისეთს, როგორიც მაგალითად, ალბერ კამიუს “უცხოს” მთავარი პერსონაჟი მერსოა.


1
37
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
37
  
0 1 1