x
image
რუსუდან ნადირაშვილი
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას არ გამოიწვევს

image

.

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტას აღარ გამოიწვევს, თუკი პირი, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს ხელისუფლებისგან წინასწარ მიიღებს თანხმობას. ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი უკვე განიხილავს.
.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ წინაპირობას:
.
მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მაინც უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს;
.
ანდა იგი სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით უნდა ცხოვრობდეს ან მუშაობდეს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც აპირებს.
.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმა დაიშვება, თუკი ეს არ შეესაბამება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს.
.
კანონპროექტი ითვალისწინებს სიახლეს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების შესახებ. კერძოდ, პირს, რომელსაც დაკარგული აქვს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება ექნება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
.
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას („ორმაგი მოქალაქეობა“) გასათვალისწინებელი იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდეს და, იმავდროულად, თვითონ ან მისი წინაპარი (აღმავალი შტოს ხუთი თაობა) იყოს:
.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი;
ანდა სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი.
გარდა ამისა, „ორმაგი მოქალაქეობის“ მინიჭება შესაძლებელი იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, თუკი იგი:
.
საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს;
.
საქართველოში ახორციელებს ან განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკის განვითრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა;
.
წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ანდა ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.
აღსანიშნავია, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას აღარ იქნება საჭირო სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
.
იცვლება ასევე მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში ცხოვრების ცენზები. კერძოდ, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 10 წლამდე, ხოლო გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 2 წლიანი ცენზი იზრდება 5 წლამდე.
.
კანონპროექტის მიზანი მოქალაქეობის საკითხების კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზაციაა. კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0