x
image
ანანო ლიპარტია
ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად...

imageჰემოგლობინი რკინის შემცველი რთული ცილაა. მას სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები შეიცავს. ჰემოგლობინის მთავარი ფუნქცია ჟანგბადის შეკავშირება და ქსოვილებისთვის მისი მიწოდებაა. ფილტვების კაპილარებში შეკავშირებულ ჟანგბადს ჰემოგლობინი ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და უჯრედს აწვდის. სამაგიეროდ იქიდან ჟანგვითი და სხვა მეტაბოლური პროცესების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი გამოაქვს. სისხლში ჰემოგლობინის დონე ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანს უსიამოვნო შეგრძნება აქვს, ზოგად სისუსტეს, ადვილად დაღლას, თავბრუხვევასა და თავის ტკივილს უჩივის.


იმისთვის, რომ სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა აიმაღლოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ მისი დაქვეითების მიზეზი. ამისთვის


გამოცდილ ექიმ სპეციალისტს უნდა მიმართოთ და სათანადო გამოკვლევები ჩაიტაროთ. თუ ადამიანს სისხლში ჰემოგლობინი დიდხანს დარჩა დაბალი, მის ნორმაში მოსაყვანად მედიკამენტების მიღება დასჭირდება, მაგრამ თუ ჰემოგლობინის დაქვეითება უმნიშვნელოა და პერიოდულად იჩენს თავს, მისი ამაღლება რაციონალური კვებითაც შესაძლებელია. რომელი პროდუქტები მივიღოთ ამისთვის?


ფაფა

ფაფა ბევრს არ უყვარს. არადა ის მეტად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, აუცილებელიც კი. ჰემოგლობინის მოსაწესრიგებლად განსაკუთრებულად კარგია წიწიბურას და ხორბლის სრულმარცვლოვანი ფაფები. ისინი წყალში მოხარშული, უშაქროდ უნდა მიირთვათ. ასეთი საკვების მიღება ტანჯვად რომ არ გექცეთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ის, რაც გიყვართ. მაგალითად, ქიშმიში, გოგრა, კარაქი, თაფლი.


ბოსტნეულის სალათები

დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებმა მთელი წლის განმავლობაში უნდა მიირთვან ცოცხალი ბოსტნეულის სალათები. განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, მწვანილებიდან - ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი. ნუ დაგავიწყდებათ გოგრაც. მოხარშულ გოგრას შეგიძლიათ ცოტაოდენი თაფლი მოასხათ და ისე მიირთვათ. გოგრის ფაფას თაფლთან ერთად ხშირად ნიგოზსაც ამატებენ. ეცადეთ, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული შეიძინოთ და გამოყენების წინ მაქსიმალურად მოაცილოთ ის ნაწილები, რომლებშიც ყველაზე ინტენსიურად გროვდება ნიტრატები.



ახალგამოწურული წვენები

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად რეკომენდებულია ახალგამოწურული წვენებიც - სტაფილოსი, ვაშლისა და ჭარხლისა. შეგიძლიათ, ერთმანეთში აურიოთ და ისე მიირთვათ, ოღონდ ნარევში სტაფილოს წვენის შემცველობა ორჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჭარხლისა და ვაშლის, ანუ სასურველია დაიცვათ ასეთი თანაფარდობა - 2:1:1. ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად სასარგებლოა ასეთი ნარევიც - 270 გრამ სტაფილოს წვენს პლუს 30 გრამი კამის წვენი. გახსოვდეთ, ბოსტნეულისა თუ ხილის გამონაწური უმალვე უნდა დალიოთ. ღირებულ კომპონენტთა დაშლის, ჰაერზე დაჟანგვის, რეაქციაში შესვლისა და სხვა ფაქტორების გამო რამდენიმე საათის შემდეგ და, მით უფრო, მეორე დღისთვის ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. სტაფილოს შემცველ წვენებს აუცილებლად დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში შემავალ კაროტინს ორგანიზმი ვერ აითვისებს. ზოგიერთი სტაფილოს წვენის მიღების წინ ცხიმიან არაჟანს მიირთმევს. არც ეს არის ურიგო. მიირთვათ ერთი-ორი კოვზი და სტაფილოს ახალგამოწურული წვენი დააყოლეთ.



სხვა პროდუქტები

ჰემოგლობინის დონის მოსაწესრიგებლად კარგია მწიფე ქლიავი. მან, ვისაც დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ეს ხილი მთელი სეზონის განმავლობაში უნდა მიირთვას. გარდა ამისა, უნდა გაყინოს და ზამთარშიც გამოიყენოს. ეფექტიანია ნიგვზის, ქიშმიშისა და თაფლის ნარევი. ქიშმიშის ნაცვლად ნიგოზსა და თაფლს ზოგჯერ შტოშს უმატებენ. საკმარისია დღეში 1-2 სადილის კოვზი ნარევის მიღება.



რა უნდა გვახსოვდეს


რეგულარულად უნდა სვათ წყალი; დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი მიღების ბალანსი (1-1, 5 ლიტრი).

რკინის შემცველი პროდუქტები - თევზი, კვერცხის გული, შავი პური, პარკოსნები, სოია, კამა, სალათის ფურცლები, ოხრახუში, ატამი, ვაშლი და სხვა - არ უნდა მიირთვათ შეუთავსებელ პროდუქტებთან ერთად. მით უფრო, არ უნდა დააყოლოთ ჩაი, ყავა და ტანინის შემცველი სხვა სასმელები, რადგან ტანინი რკინის შეწოვას აფერხებს.

რკინის შეწოვას ხელს უწყობსC ვიტამინი, ამიტომ ამ ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული თქვენი საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

რკინითა და სპილენძით (ეს უკანასკნელი არანაკლებ მნიშვნელოვანია სისხლის წარმოქმნის პროცესისთვის) მდიდარია მარცვლოვნები და პარკოსნები, თუმცა მათში ბევრია ფიტატებიც - ფოსფორის შემცველი ნაერთები, რომლებიც ტანინის მსგავსად აფერხებს რკინის შეწოვას (სამაგიეროდ, ფიტატების წყალობით გამოდის ორგანიზმიდან წიდა). ფიტატების შემცველობის შესამცირებლად საჭიროა მარცვლეულის გაღივება და დაფქვა, პარკოსნების წინასწარ დალბობა.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0