x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"მოგონებები წაღვერზე" - ,,აქ იდგმებოდა წარმოდგენები დიდი კორიფეების მონაწილეობით, რომლებიც საქართველოს პატარა ქალაქებსაც კი შეშურდებოდა..."

მჟავე წყლის ბუნებრივ პარკში დაიდგა სკამები, გაკეთდა შადრევანი, დაირგა
ყვავილები. ამ პარკის გვერდით, ხევში ვარდენ კიკნაძემ ააშენა საზაფხულო სასტუმრო
„სინათლე“, მოიყვანა თიხის მილებით წყაროს წყალი, მჟავე წყლის მხრიდან, რომელიც
გროვდებოდა საგანგებოდ გაკეთებულ აუზში და არ შევცდები ვგონებ, რომ ვთქვა, დღესაც ამ
წყლით იკვებება წაღვერის ნახევარი მოსახლეობა. სასტუმრო ემსახურებოდა დასასვენებლად
ჩამოსულ ინტელიგენციას, მწერალ-პოეტებს და აგრეთვე ერთი-ორი დღით საგასტროლოდ
ჩამოსულ მსახიობებსა და მომღერლებს.
აქ ისვენებდნენ მწერალი ქალები სოფო მგელაძე და კატო მიქელაძე, ახალგაზრდა
მწერლები - მაშინ „ცისფერყანწელები“: პაოლო იაშვილი, ლელი ჯაფარიძე, კოლაუ ნადირაძე,
დავით კოპალი, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა ხუსკივაძე, რომლებიც ატარებდნენ
აბრეშუმის ცისფერ ბლუზას, გვერდზე გაჭრილი მაღალი საყელოთი, თეთრი აბრეშუმის
დაგრეხილი სარტყლით.
სასტუმროს გვერდით, მ. მურვანიშვილის პირადი ინიციატივით, აშენდა საზაფხულო
თეატრი, რომელიც ბევრი კარგის მომსწრე იყო. აქ იდგმებოდა წარმოდგენები დიდი
კორიფეების მონაწილეობით, რომლებიც საქართველოს პატარა ქალაქებსაც კი
შეშურდებოდა. აქ იდგმებოდა ხშირად „ხანუმა“ ელისაბედ ჩერქეზიშვილის და ნიკო
გოცირიძის მონაწილეობით. იდგმებოდა „და-ძმა“, „ციმბირელი“, „რაც გინახავს, ვეღარ
ნახავ“, „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“, „ტიმოთეს ლეღვი“, „დედისერთა“ - ლიზა
ჩერქეზიშვილისა და იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით, „არშინ-მალ ალანიდან“ ვასო დაimage

ტასო აბაშიძეების მონაწილეობით და ბევრი სხვა ვოდევილი და კომედიები. ამ თეატრს
უნახავს უნაზესი ნატო ჩხეიძის, მიშა ქარელის, ზარდალიშვილის, შალიკაშვილის, ჟივიძის
თამაში.
ამ თეატრში დაიდგა შიუკაშვილის „სულელი“ ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ
ჭიაურელის მონაწილეობით, რომელთაც თავიანთი თამაშით აღტაცებაში მოჰყავდათ ხალხი.
ამ თეატრში მოვისმინე ბალმონტის მიერ წაკითხული ლექსები, ადგილები
„ვეფხისტყაოსნიდან“, მის მიერ ნათარგმნი და მათ შორის ლექსი „Грузинке”.
აქ იმართებოდა დიდი საკონცერტო საღამოები ვანო სარაჯიშვილის, სანდრო
ინაშვილის, თამარ წერეთლის და ანა არლოვას, და უფრო გვიან დავით ანდღულაძის
მონაწილეობით.
ხშირად იმართებოდა იოსებ გრიშაშვილის პოეზიის საღამო, საუკეთესო
მომღერლებისა და მსახიობების მონაწილეობით.
ჩამოდიოდა ლადო კავსაძის, კირილე პაჭკორიას და სხვათა ქართული სიმღერისა და
ცეკვის გუნდები. რა თქმა უნდა, მაყურებელთა შორის ბევრი იყო უფასო მაყურებელიც –
წაღვერის ადგილობრივი მცხოვრებლები, მოზარდი ახალგაზრდობა.
ამრიგად, წაღვერი გადაიქცა მიმზიდველ კურორტად. გლეხობამ იწყო კოხტა სამ-ოთხ
ოთახიანი და ზოგმა ორსართულიანი სახლების აშენება, რომ ჩამოსული მოაგარაკენი
დაეკმაყოფილებინა და ამით თავისი საშემოსავლო წყარო გაედიდებინა.
აქ ისვენებდნენ ექიმები – ივანე გომართელი და ვახტანგ მუსხელიშვილი, არაერთი
ცნობილი ოჯახის წარმომადგენელნი: მდივნები და დათეშიძეები, სვანიშვილები და
ყიფიანები, ლეჟავები და აბაშიძეები; შემდგომში ირაკლი აბაშიძის ბიძაშვილი ნიკო აბაშიძე
ჩემი მეუღლე გახდა და სხვ.
შემდგომი წაღვერის განვითარება მდგომარეობდა კეჩხობის დაგეგმარებაში. მ.
მურვანიშვილმა კეჩხობში ნაკვეთები მოაგარაკეებს დაურიგა.
აგარაკი ააშენა ჭიათურის შავი ქვის მრეწველმა აკაკი სვანიშვილმა, ცნობილმა წყლების
ოსტატმა მიტროფანე ლაღიძემ, ელისაბედ ჩერქეზიშვილმა. მწერლებიდან – სიმონ ქვარიანმა
და დარია ახვლედიანმა, ცნობილმა გამომცემელმა და ბუკინისტმა სოსიკო მერკვილაძემ
(დედის ნათესავმა), რომელიც ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
წევრი იყო და რომელთაც ჩამოჰქონდა თავის საკუთარ სტამბა “ცოდნაში“ დაბეჭდილი
პატარ-პატარა მოთხრობა-პოემები აკაკი წერეთლისა, ილია ჭავჭავაძისა და სხვა მწერლებისა,
რომელთაც უფულოდ და სრულიად უსასყიდლოდ ურიგებდა გლეხობას. ალბათ, ბევრ
ოჯახში დღესაცაა შემორჩენილი.
წაღვერი თანდათან მშვენდებოდა. გაიჭრა გზა პარკიდან მჟავე წყლის ხევის მარჯვენა
მხარეს, რომელიც ჩამოდიოდა მჟავე წყალზე. იქ უმაღლეს წერტილზე გაკეთებული იყო
პატარა პლატო ხის იატაკით, გარშემო არყის ხის თეთრი ლამაზი მოაჯირით და სკამებით,
საიდანაც იშლებოდა საუცხოო ხედი მთელ წაღვერზე, ცემზე და მზეთამზეზე, რომელსაც
ეწოდებოდა „Площадка очарования” – ნამდვილად რომ საოცნებო პლატოს წარმოადგენდა.
დღეს მხოლოდ სახელი არის შემორჩენილი იმ ადგილისა.
მჟავე წყალზე მომსახურებას უწევდნენ თეთრხალათიანი ქალები სუფთა ჭიქებით
მჟავე წყლის დასალევად მოსულ ხალხს.
მ. მურვანიშვილის მიერ აღმოჩენილი იყო ახალი მჟავე წყალი წაღვერის ციხის ხევში.
იქ იყო მიყვანილი ლამაზი გზა. ამ ხევზე გადადგმული ორი ხიდი, აქაც დეკორატიულად
გაფორმებული არყის ხის თეთრი მოაჯირებით. ამ კუთხეს ამშვენებდა აგრეთვე პატარა
ლამაზი წყალვარდნილი ჩანჩქერი.
იმხანად წაღვერს განათება არ ჰქონდა. მამამ, ვ. კიკნაძემ ბაქოდან ჩამოიტანა გაზის
ფარანი, რომელიც პარკში ყველაზე მაღალ ნაძვზე იყო დადგმული და რომელიც მთელ
წაღვერს ანათებდა. მახსოვს, ყოველი მისი განათება საღამოს როგორ დიდ ჟივილ-ხივილს
იწვევდა წაღვერის ადგილობრივი მოსახლეობის დიდ-პატარაში.
ასეთივე გაზის ფარანი დადგა, აგრეთვე, სადგურის უფროსმა სადგურზე, რაც
უადვილებდა მგზავრებს საღამოს მატარებლით მისვლა-მოსვლას.
ამავე ხანებში აშენდა ელექტროსადგური მდინარე გუჯარულაზე ციხის ძირში,
რომლის დანადგარები ჩამოიტანა ვარდენ კიკნაძემ ბაქოდან და მისი თაოსნობით იყო
დამონტაჟებული იქ, სადაც ახლა აბანო არის. მამამ მანამდე ბორჯომის პარკში
ელექტროსადგურის მშენებლობაშიც მიიღო მონაწილეობა და შემდგომ მსგავსი დანადგარი
წაღვერისთვისაც შეიძინა. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე გასაბჭოების შემდეგ, რა ბედი ეწია
ამ ელექტროსადგურს, არ ვიცი. იგი სადღაც წაღებული იქნა იქიდან. მეფის რუსეთის დროს
სულ რამდენიმე მცირე ელექტროსადგური იქნა აშენებული, მათ შორის – ერთი წაღვერში.
არც ბავშვები იყვნენ დავიწყებულნი. მათთვის მოწყობილი იყო სადგური მოედანთან,
სადაც ახლა ბავშვთა სანატორიუმი არის, სხვადასხვა გასართობი, როგორიც არის საქანელა,
циганские шаги (ქართულად როგორ ეწოდება, არ ვიცი), მოედანი კეგლისათვის, მოედანი
კროკეტისათვის, ტენისისათვის. უფრო გვიან კი, კეჩხობის მისასვლელთან მოეწყო
საფეხბურთო მოედანი, სადაც შეჯიბრება ხდებოდა მოხალისე წაღვერის ფეხბურთელებსა და
ბორჯომის, ბაკურიანისა და სურამის მოხალისე ფეხბურთელებს შორის.

მარიამ აბაშიძე “მოგონებები წაღვერზე"

2
140
4-ს მოსწონს
ავტორი:Kate ქეით
Kate ქეით
140
  
2018, 26 აპრილი, 21:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 26 აპრილი, 16:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2