x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავადმოსაგონარი მოვლენები სამცხე-ჯავახეთში, რა ტანჯვა გადაიტანა და რას გადაურჩა ჯავახეთის მოსახლეობა

image

როგორც უკვე მოგახსენეთ, წელს შესრულდა ასი წლისთავი ჯავახეთში "ბოლო გაქცევების" სახელით ცნობილი მოვლენებიდან. ჩვენი უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკული პერიოდის შესახებ ძალიან ცოტა თუ იცის ქართველი საზოგადოების მხოლოდ ნაწილმა. ჩვენ არც ეროვნული შუღლის გაღვივება გვსურს და არც ამ უსიამოვნო წარსულის გამო მათი შთამომავლების დადანაშაულება. ჩვენი მიზანია ჯავახეთის ტრაგიკული ისტორიის კიდევ ერთხელ გახსენება და ჩვენი უშუალო წინაპრების ხსოვნისადმი პატივის მიგება.
გთავაზობთ იმ ავადმოსაგონარი მოვლენების უშუალო მონაწილის, კოთელიელი ვლადიმერ კოპტონაშვილის მოგონებების ნაწყვეტებს, რომლიდანაც ცხდად შეიგრძნობთ, თუ რა ტანჯვა-ვაება გადაიტანა და რას გადაურჩა მაშინდელი ჯავახეთის მოსახლეობა!..


..."1918 წლის მაისის თვის მიწურული დღეები იდგა. ოსმალთა ფაშის ასკარები შემოესივნენ ჯავახეთის ქართველთა და სომეხთა სოფლებს, ახალქალაქი გადააქციეს თურქ-ოსმალთა საბრძანებელ ცენტრად.
ახალქალაქიდან ბაკურიან-ბორჯომის მიმართულებით, სოფელ კოთელიამდე გზის მონაკვეთი 15 კილომეტრს შეადგენს. სოფლის ამაღლებულ ბორცვზე მდებარე კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევ კედლებთან უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, როგორც ეს იცოდნენ აღდგომის სწორ კვირადღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, მაგრამ ამჟამად სოფლის მცხოვრებლები მოსული იყვნენ სოფლისაკენ მომავალი გამოხიზნული ადამიანების საყურებლად. ლტოლვილთა ქარავნების მოძრაობა კალაპოტიდან გადავარდნილ აბობოქრებული მდინარის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მოდიოდა ქარავანი ჩარდახიანი ურმებით, სურსათ-სანოვაგით დატვირთული ცხენებით და ვირებით, მოხუცებით, ბავშვებით, ავადმყოფებით, ცხვრის და საქონლის ჯოგებით. სივიწროვის გამო გზის ორივე მხარეს ფეხქვეშ ითელებოდა დიკის, ქერის, ბარდის და სელის ნათესები.
სხვა გზა არ იყო, სოფელ კოთელიის მკვიდრნიც ლტოლვილთა ქარავნებს უნდა შეერთებოდა, რათა თავი ეხსნა ოსმალთა ასკარებისგან. ჩვენი ოჯახი რვა სულისგან შედგებოდა, მამაჩემი არჩილ კოპტონაშვილი, დედა ევდოკია ზედგინიძე და ექვსი შვილი, სამ-სამი წელი იყო და-ძმებს შორის სხვაობა, უფროსი ვანო 18 წლის, ყველაზე უმცროსი სოფიო - სამი წლის, მე მაშინ 12 წლის გახლდით. მამაჩემმა, იმ იმედით, რომ ოსმალთა ასკარებს ჯავახეთის მიწა-წყლიდან ერთ კვირაში განდევნიდნენ, 45 ძირი ფუტკრის ოჯახი საფუტკრეში დატოვა, ჯაჭვებზე გაბმული სამი ქოფაკის ამარა, სამი კასრი სალაფავით და სამი კასრი წყლის ჭურჭლებით.
ლტოლვილთა ქარავანი ორ ნაწილად გაიყო, ზოგი ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, ზოგი კი წალკის მიმართულებით გაემართა. სოფლები ბალანთა, ჭიხარული, ტაბაწკური, მოლოთი, ხუმრისი წალკაზე გადასასვლელად გზას მოკლედ ჭრიდა და მამაჩემმაც ეს გზა აირჩია. მით უმეტეს, მამაჩემის მამიდაშვილი სიმონ ხუციშვილი წალკის რეხის მკვიდრი იყო, რომელმაც მართლაც დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ოჯახს ლტოლვილობაში.
საწყალ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო, სწორედ რომ ლტოლვილებზე აღესრულა, წალკის გადასასვლელ ზეგანზე თავკეთილა და შავნაბადა მთების სამხრეთით მოვიდა ჯერ მსხვილი სეტყვა, ისეთი, რომ საქონელმა თავები მიწას დააკრეს, სეტყვის შემდეგ ჩამოწვა ჯანყი-ნისლი, ხუთ ნაბიჯზე ვერაფერს ვარჩევდით. სწორედ ამ დროს გზა გადაგვიღობა ხუთმა შეიარაღებულმა, გამხეცებული ეცნენ ცხვარს და საქონელს. დედაჩემს ჩვენი „ წაბლა“ ძროხა, რომელსაც ორივე რქა ძირში ჰქონდა მოტეხილი და ერთი მოწველის დროს ერთ ვედრო რძეს იძლეოდა, საგანგებოდ ურმის ბოლოზე ჰყავდა მიბმული, რომ არ დაჰკარგოდა. მომხდურები ეცნენ წაბლას, შეხსნეს წასაყვანად, დედაჩემი არ დაიბნა, წაბლას ეცა კისერში და ბაწარზე ჩამოეკიდა. დედას ფეხებში ორჯერ ესროლეს, მაგრამ მაინც არ შეშინდა. უფროსმა მომხვდურებს უბრძანა თათრულად „ბრახ თარგი ვერ“- თავი დაანებეთო. ამ ხუთ ყაჩაღს დაემატა კიდევ რვა მომხდური და როგორც ჩვენი, ისე სხვების საქონელი გარეკეს, წაბლა ძროხა დედაჩემის წყალობით გადარჩა. დედას თათრული ესმოდა და როგორც გაარკვია, ესენი ოსმალოები არ იყვნენ, არამედ ბორჩალოელი თათრები. გარდა ამისა, მომხდურები იტაცებდნენ ქალიშვილებს და დედაქალებს, ატყდებოდა წივილ-კივილი, თოფების სროლა, ხოცავდნენ ქალებს, აუპატიურებდნენ.
ჩავედით წალკის რეხაში, საღამოსვე შევიტყვეთ სოფელ კოთელიის მკვიდრ ძმებს, მელიქიძეებს სამსონს, იაკობს და მათ ბიძაშვილ ერეკლეს შეტაკებისას ბორჩალოს თათრების ბრბოდან ხუთი კაცი დაეხოცათ. თუმცა ლტოლვილთა მხრიდან სამი მამაკაცი, ორი ბავშვი და ოთხი დედაკაცი მომკვდარიყო.
ჩვენთან ერთად რეხაში გადმოვიდნენ დედის ბიძები და ბიძაშვილების ოჯახები სოფელ ჩუნჩხიდან, ზედგინიძეები. დედას ჰყავდა მამის ხუთი ძმა, უფროსი ვასილი პაპა, რომელიც 32 სულისგან შემდგარ ოჯახს მართავდა, მეორე ძმა მეცხვარეობას უძღვებოდა, მესამე - მესაქონლეობას, მეოთხე - მემინდვრეობას, მეხუთე, დედაჩემის მამა ფრიდონი კი, ხეხილის ბაღის მზრუნველი ყოფილა, და რომელიც ბაღის შემოღობვის დროს დიდი ლოდის ბეჭით მიწოლით ტრაგიკულად დაღუპულა.
..
მახსოვს როგორც დღევანდელი დღე წალკის რეხაში ლტოლვილთა ქართველობა, სომხობა, ბერძნობა, თვითონ რეხელები ათასგვარი სენით იყვნენ დაავადებული. სამკურნალო საშუალებად მიჩნეული იყო ბალახეული ნაყენები, შელოცვა, მკითხაობა. იფეთქა პარტახტიამა მუცლის ტიფმა. ეს გამოწვეული იყო ლტოლვილთა მოზღვავებით, შიმშილით,
ჰიგიენის უკმარისობით. ისეთ ოჯახს ვერ ნახავდით, მძიმე ავადმყოფი არ ჰყოლოდა. საშინელმა სენმა მრავალი ოჯახი დააზარალა. ლტოლვილთა მეტი წილი ცხოვრობდა მინდორში ფარდაგებით გადახურულ მიწურ თხრილებში, საქონლის სადგომ ბოსლებში. ამ დროს საქონელი მოსახლეობას გარეკილი ჰყავდა იალაღებზე. წალკის მთიანეთში ზაფხულშიც იცის მსხვილი სეტყვა, რომელსაც მოჰყვება საკმაო სიცივე.
მიუხედავად ასეთი პირობებისა და ასეთი მდგომარეობისა, სოფლის ეკლესიაში ჯვარს იწერდნენ ახალგაზრდები, ქუჩებში ერთდროულად შეხვდებოდით მექორწილეებს და სამგლოვიარო პროცესიას.
ზაფხულის თვეებში რეხელ და ლტოლვილ ბავშვებთან ერთად, ხშირად დავდიოდი მდინარე ქციაზე კალმახის ხელით დასაჭერად, ვინაიდან შიმშილი ყველას გვაწუხებდა. გადავთელავდით პურის ნათეს ყანებს, გამოვიტენიდით უბეებს ატოლით და ღიმით, თან კრეფის დროს ბევრს ვჭამდით, შიმშილის დასაოკებლად. კბილები და ტუჩები შავი, ბალახისფერი გვქონდა. მინდვრებიდან კარგად ჩანდა წალკის ტაფობი, სადაც ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობა, ლტოლვილები, ქალი, კაცი, მოხუცი თუ ბავშვი მოფენილიყო ატოლის და ღიმის საკრეფად. გვიან შემოდგომით ვიკვებებოდით მომკილ ყანებში ჩარჩენილი თავთავის მარცვლებით და კარტოფილის ნათეს ადგილებზე ჩარჩენილი კარტოფილით. ზოგი ისე იყო დაუძლურებული, შეგროვების თავიც არ ჰქონდა. ასეთი ტრაგიკული მოვლენების მომსწრე გავხდით ლტოლვილობაში.image

0
373
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0