x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80786
  • ვიდეო:333098
  • სურათი:438168
ბურჭულაძის ცოლი დაკითხვაზე არ გამოცხადდა, შვილმა კი უწყების ჩაბარება არ ისურვა

image


მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ "იავნანას" საქმეზე, 2018 წლის 01 მარტს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით პროკურატურაში დაბარებული იყო ფონდის ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ა.ვ. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.


იმის გათვალისწინებით, რომ ა.ვ. არ იმყოფება საქართველოში, მიმდინარე წლის 27 თებერვალს, საგამოძიებო ორგანოში გამოძახების თაობაზე უწყება ჩაბარდა ფონდის ყოფილი პრეზიდენტის პ.ბ-ს მიერ სამართალდამცავ უწყებასთან ურთიერთობისთვის გამოყოფილ პირს, „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანას“ აღმასრულებელ დირექტორს გ.ა.-ს, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. საქართველოში არ იმყოფება თავად პ.ბ.-ც, ხოლო მისმა ვაჟმა შ.ბ.-მ ა.ვ.-სთვის გადასაცემი უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქმე ეხება ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.


გამოძიების მიერ ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ 2006-2013 წლებში, ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანას“ შემოწირულობებით დაფინანსებულია ა.ვ.-ს ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასამგზავრებელი ავიაბილეთების თანხები, ასევე მასზე ხელფასის და სხვა ანაზღაურების სახით გაცემულია თანხები და ხსენებული ხარჯების ოდენობა შეადგენს რამდენიმე ათეულ ათას ლარს.


შესაბამისად, გამოძიების მიზანია ფონდ “იავნანას’’ თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლის პროცესში, გამოარკვიოს თუ რატომ ფინანსდებოდა უდედმამო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილი თანხებით ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის - ა.ვ.-ს მგზავრობისა და სასტუმროს თანხები, ასევე რამდენად მიზნობრივად და კანონიერად გაიცემოდა მასზე ფონდიდან ხელფასები და სხვადასხვა სახის თანხები.


რაც შეეხება პ.ბ.-ს ადვოკატის განცხადებას, “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესით ა.ვ.-ს გამოძახებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნული კანონი არეგულირებს არა უცხო ქვეყნის მოქალაქის მოწმის სახით გამოძახების წესს, არამედ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის გამოძახების წესს და ამ შემთხვევაში კანონისთვის გამოსაძახებელი პირის მოქალაქეობა განმსაზღვრელი არ არის. ამასთან, პროკურატურისთვის აღნიშნული წესით მოწმის დაბარება არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ამ ფორმით გამოძახებული იქნეს საზღვარგარეთ მყოფი გამოსაკითხი პირი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო უწყებას კომუნიკაცია აქვს თავად ფონდის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოყოფილ პირთან, მოწმე ა.ვ. გამოსაკითხად გამოძახებული იქნა სწორედ აღნიშნული პირის მეშვეობით. ამავე წესით იქნა გამოძიების მიერ მოწმის სახით გამოკითხვაზე გამოძახებული ფონდის ყოფილი პრეზიდენტი პ.ბ.-ც, რომელიც გამოძახების მომენტში, ისევე როგორც ამჟამად მოწმე ა.ვ., იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თუმცა ადვოკატის მხრიდან პ.ბ.-ს გამოძახებასთან დაკავშირებით “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე აპელირებას ადგილი არ ჰქონია.

პროკურატურა ამ ეტაპზე არ გეგმავს ისარგებლოს “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოწმის გამოძახების წესით, ვინაიდან მიზანშეუწონლად მიაჩნია მოწმე ა.ვ.-ს მგზავრობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე მის ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.


ამასთან, განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად გამოკითხვა ნებაყოფლობითია და პროკურატურა იმედს გამოთქვამს რომ მოწმე ა.ვ. ითანამშრომლებს გამოძიებასთან და პასუხს გასცემს მის მიმართ ძიების პროცესში არსებულ კითხვებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი უარს განაცხადებს, მისი გამოკითხვა მოხდება ა.ვ.-ს საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ კანონით დადგენილი წესით.


0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0