x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მარეგულირებელმა კომისიამ „რუსთავი 2“, „იმედი“ და „იბერია“ დააჯარიმა
image


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „იბერია ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დააჯარიმა.


ფინანსური სანქცია ქართულ ტელეარხებს იმ მიზეზით დაეკისრათ, რომ აღნიშნული დარღვევა წელს განმეორებით დაფიქსირდა, რაც უკვე ჯარიმას ითვალისწინებდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიამ ამჯერად მინიმალური ჯარიმა გამოიყენა.

კონკრეტულად კი, ოფიციალური ცნობით, კომისიამ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.5% ოდენობის ნაცვლად - 0.1% დააკისრა, რაც „ტელეიმედის“ შემთხვევაში 25 748 ლარი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის შემთხვევაში 31 683 ლარი და „იბერია ტვ“-ის შემთხვევაში 3 394 ლარია.


სამაუწყებლო არხების ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიამ 14-22 დეკემბერს ჩაატარა. ტელეკომპანიების მხრიდან „მაუწყებლობისშესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიდებული დადგენილების „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, ეთერში განთავსებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ხდებოდა.



ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სამივე მაუწყებლის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, შესაბამისად განმეორებითი დარღვევის გამო, ამჯერად კომპანიებს ფინანსური სანქციები დაეკისრათ. კომისიამ მსჯელობისას აღნიშნა, რომ მაუწყებლების დაჯარიმება კომისიის მიზანს არ წარმოადგენს და კომისიის ამოცანაა ტელეკომპანიებმა დაიცვან კანონი და ანალოგიური დარღვევების პრევენცია მოახდინონ.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0