x
image
გემი დალანდი
გენიოსი თუ ყასაბი? ,,თანამედროვე გინეკოლოგიის მამის" სისხლიანი ისტორიები
ჯეიმს მარიონ სიმსი დღემდე საკამათო პიროვნებადაა მიჩნეული მედიცინის ისტორიაში. მას თანამედროვე გინეკოლოგიის ფუძემდებლად და ამ დარგის პირველ მკვლევარად თვლიან. მას მოიხსენიებდნენ, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გარღვევა მოახდინა გინეკოლოგიაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის ყველაზე დაუცველი ფენის-შავკანიანი მონების ტანჯვის ფასად.

image2017 წლის აგვისტოს ბოლოს ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში სიმსის ბრინჯაოს ქანდაკების წინ დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც პაციენტის სისხლიან ხალათებში გამოწყობილი შავკანიანი ქალები იყვნენ. აქციის მინაწილეები სიმსის ქანდაკების აღებას და მისი სახელის დავიწყებას მოითხოვდნენ. რით დაიმსახურა სიმსმა ასეთი სიძულვილი და რატომღა დაუდგეს ძეგლი, თუ ასეთი საშინელი პიროვნება იყო?

imageმე-19 საუკუნეში გინეკოლოგია ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გამოუკვლეველი სფერო გახლდათ.იმ დროის მორალი ყველაფერს, რაც ქალს წელსქვემოთ ჰქონდა-ამორალურად და ბინძურად მიიჩნევდა.

დაავადებებისთვის კი მორალური შეხედულებები სულერთი გახლდათ, უამრავი ქალი კვლავ იტანჯებოდა სხვადასხვა ქალური სნეულებით.


ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გახლდათ შარდის ბუშტის ფისტულა. იმ დროს, როცა ექიმებს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ მშობიარობის ხელოვნურად დაჩქარება, ქალები ზოგჯერ რამდენიმე დღე იტანჯებოდნენ ტკივილებით. ზოგჯერ, ძლიერი ჭინთვებისას, საშოს კედლის ჩახევა ხდებოდა და ვაგინასა და შარდის ბუშტს ან სწორ ნაწლავს შორის ფისტულა წარმოიქმნებოდა. შარდი და ფეკალური მასები საშოში ხვდებოდა და ინფექციები ვითარდებოდა.თუმცა, მაშინაც კი, თუ ეს არ მოხდებოდა, ახალგაზრდა ქალი მაინც განწირული იყო:მას გამუდმებით ცუდი სუნი ასდიოდა, შარდის ბუშტის ტრავმის გამო კი შარდის შეუკავებლობა ვითარდებოდამე-19 საუკუნის ქირურგი იოჰან დიფენბახი იმ მამაკაცებს თანაუგრძნობდა, რომელთა მეუღლეებიც ასეთი ტრავმის გამო “ზიზღის ჭურჭლად იქცნენ".

სიმპტომების მიუხედავად, ასეთი შემთხვევები ქალების დაღუპვით იშვიათად მთავრდებოდა და დანარჩენ ცხოვრებას სრულ იზოლაციაში ატარებდნენ, საზოგადოებისგან და ოჯახისგან უარყოფილნი, ავადმყოფობის გამო, რაშიც მათ ბრალი არ მიუძღვოდათ.

imageჯეიმს მარიონ სიმსის ცხოვრებისეული გზა სამხრეთ კაროლინაში იწყება. პატარა ჯეიმსს სკოლის ატანაც კი არ ჰქონდა და კინაღამ კოლეჯის დიპლომის გარეშეც დარჩა. მამამისი კი გულმხურვალედ ნატრობდა, რომ მისი შვილი საზოგადოებაში გამოსულიყო და ღირსეული პროფესია აერჩია, მაგრამ ბიჭს არავითარი ტალანტი არ ჰქონდა, საეჭვოა, რომ იურისტი ან პოლიტიკოსი გამოსულიყო.

სიმსი იხსენებდა, თუ როგორ უმტკიცებდა მამა:“ჩემო შვილო, უნდა გამოგიტყდე, რომ იმედგაცრუებული ვარ შენით. ეს რომ ადრე მცოდნოდა, არასდროს არ გაგგზავნიდი სასწავლებლად. შენს მიერ არჩეული საქმიანობის მიმართ საშინელ ზიზღს განვიცდი. ეს არაა მეცნიერება, ამით ვერ მოიპოვებ პატივისცემას, რეპუტაციას. თავად აზრიც კი, რომ ჩემი შვილი-ჩემი შვილი!-კარდაკარ იხეტიალებს, ერთ ხელში წამლების კოლოფით, მეორეში კი-ნემსით და ავადმყოფებთან იფუსფუსებს...ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას მოვესწრებოდი."

სიმსი სამხრეთ კაროლინის სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა და ქალაქის ექიმის დამხმარედ მუშაობდა. იმ დროს სწავლების სავალდებულო წლები არ იყო შემოღებული. სტუდენტი როცა ჩათვლიდა, რომ საკმარისი ცოდნა ჰქონდა, შეეძლო პრაქტიკაზე გადასულიყო. მალე სიმსი ფილადელფიის გაცილებით პრესტიჟულ კოლეჯში გადავიდა. ლექციები, რომლებიც ქალურ დაავადებებს ეძღვნებოდა მასში მხოლოდ ზიზღს იწვევდა.

სწავლის შემდეგ სიმსი მშობლიურ ლანკასტერში დაბრუნდა. მისი პირველი პაციენტები ორი ჩვილი იყო, რომლებიც სისხლიანი ფაღარათით დაიღუპნენ, რადგან, როგორც სიმსმა მოგვიანებით აღიარა, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა ემკურნალა მათთვის.

სიმსი მალე დარწმუნდა, რომ მშობლიურ მხარეში პაციენტის შოვნის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა და მაუნთ-მეიგსში გადავიდა, სადაც ხანშიშესული ექიმის ასისტენტად მუშაობდა.მალე სიმსი ცოლთან ერთად მონტგომერში გადავიდა, ქალაქში-რომელიც მოულოდნელად გინეკოლოგიაში პირველი აღმოჩენების და კვლევების აკვანი გახდა.

ცნობები, რომლებიც სიმსის მიერ ჩატარებული ოპერაციების შესახებაა ცნობილი, ნამდვილად არ გახლდათ იმედისმომცემი იმ დროისთვის. მაგალითად, ცნობილია, რომ სიმსმა სახიდან სიმსივნე ხერხით მოაჭრა შავკანიან მონას, რომელიც ამ დროს საპარიკმახერო სკამზე ტყავის ღვედებით ყავდათ დაბმული. საკვერცხეების ამოჭრას ის ნევროზისგან განკურნების საუკეთესო საშუალებად თვლიდა, საშვილოსნოს ყელში განაკვეთს კი უშვილობის სამკურნალო გზად მიიჩნევდა.

თუმცა, ეს ზოგადი პრაქტიკა იყო. ქალთა ქირურგიამ ის მოგვიანებით გაიტაცა. მის ერთერთ პაციენტთან მოულოდნელმა წარმატებამ მას აზრი ჩაუნერგა, რომ ხელით გასინჯვით შესაძლებელია საშოს ნაპრალების მიგნება და მათი გაკერვა.. ამის პრქტიკაში გამოცდის მხოლოდ ერთი გზა არსებობდა-არცერთი თეთრკანიანი ქალი მსგავს გასინჯვაზე არ დათანხმდებოდა და მან ასეთ გამოსავალს მიაგნო-ნებისმიერი მონათმფლობელი იქნებოდა ბედნიერი, თუ ისეთი ექიმი გამოჩნდებოდა, რომელიც მის მონა ქალებს უმკურნალებდა, რომლებიც ქალური დაავადებებით იტანჯებოდნენ და ამის გამო შრომა და შვილების გაჩენა აღარ შეეძლოთ. მონათმფლობელებმა სიამოვნებით მოამარაგეს სიმსი ექსპერიმენტის “მატერიალებით."

image

“ახალგაზრდა შავკანიანმა მოახლემ ბეტსიმ გაიხადა და მაგიდაზე ოთხზე დადგა. ასისტენტებმა ის გასინჯვისთვის მოამზადეს და სიმსმა პირველად გამოიყენა მის მიერ გამოგონებული ხელსაწყო-სარკე, რომელიც ორი დიდი კოვზისგან იყო დამზადებული. “ყველაფერს ვხედავ, რაც აქამდე არავის უნახავს"-წარმოსთქვა მან."

მისი ექსპერიმენტენი აქედან დაიწყო, რომელთაც 1845 წლიდან 1849 წლამდე გასტანეს. ცდებს სიმსი 12 ახალგაზრდა შავკანიან ქალზე ატარებდა, თუმცა ისტორიას მხოლოდ სამი მათგანის სახელი შემორჩა: ბეტსი, ანარქა და ლუსი. მისი ასისტენტები სტუდენტები და ახალგაზრდა ექიმები იყვნენ, რომლებიც ახალი აღმოჩენებით იყვნენ დაინტრიგებულნი.

გოგონებს ოპერაციას ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე უტარებდნენ, ჭრიდნენ და კერავდნენ, ისევ და ისევ. ცნობილია, რომ ანარქამ 13 ოპერაცია გადაიტანა. სიმსი დარწმუნებული იყო, რომ შავკანიანი ქალები ტკივილს თითქმის არ გრძნობენ და თუმცა ანესთეზია იმ დროისთვის უკვე გამოგონილი იყო, ის უარს აცხადებდა მის გამოყენებაზე.

გამოჩნდნენ თეთრკანიანი ქალი-მოხალისეებიც, რომლებიც სიმს თავის თავს სთავაზობდნენ საოპერაციოდ, მაგრამ ექიმი მათ უარს ეუბნებოდა, იმ მიზეზით, რომ “წესიერი " ქალბატონები ასეთ ტკივილებს ვერ გაუძლებდნენ.

წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევდა.კოლეგებმა სიმსს ზურგი აქციეს და თუ მის ბიოგრაფიას დავუჯერებთ, თავად მონებმა დაარწმუნეს იმაში, რომ ცდები გაეგრძელებინა. 1849 წელს სიმსმა წარმატებას მიაღწია, როცა ვერცხლის ძაფით ანარქას ფისტულა გაკერა, შემდეგ კი სხვა ქალებსაც გაუკეთა ოპერაცია.

imageამის შემდეგ სიმსის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა. სიმსი ნიუ-იორკში გადავიდა და ქალთა საავადმყოფო დააარსა, ამავე დროს მედიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტად იქნა არჩეული.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ საავადმყოფოში მას გამუდმებული დავა ჰქონდა დირექტორატთან, რომელიც მხოლოდ ქალებისგან შედგებოდა. პატივმოყვარე სიმსი მოითხოვდა, რომ მის ოპერაციას რაც შეიძლება ბევრი ხალხი დასწრებოდა, ქალები კი თვლიდნენ, რომ პაციენტი გართობის და სანახაობის საგანი არ იყო და მის მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდნენ.

როცა სიმსი პნევმონიით გარდაიცვალა 70 წლის ასაკში, ვაშინგტონის სამედიცინო საზოგადოებამ ნეკროლოგი გამოაქვეყნა:“ დიდ მნათობებს შორის, სიმსმა კომეტასავით ჩაიქროლა და თავის უკან ნათელი კვალი დატოვა."

imageმის შესახებ დღესაც დავობენ. ცნობილია, რომ შავკანიანებს სიმსი “ზარმაც და ბინძურ" ხალხად თვლიდა და ყველას არწმუნებდა, რომ მონები სწორედ ამ მიზეზით და შეზღუდული გონებრივი მონაცემების გამო ავადდებოდნენ და ავადმყოფი ბავშვებიც ამიტომ უჩნდებოდათ. ის თეთრი რასის სიწმინდეს ხოტბას ასხამდა და ირწმუნებოდა, რომ შავკანიანები ტკივილს ვერ გრძნობდნენ.

იყო თუ არა უბრალო ყასაბი, რომელმაც შემთხვევით მიაღწია წარმატებას, თუ-გენიოსი, რომელიც მზად იყო ადამიანის სიცოცხლე გაეწირა მიზნის მისაღწევად-ძნელი სათქმელია. ცნობილია მხოლოდ, რომ სიმსმა არა მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, არამედ სისხლიანი კვალიც დატოვა გარდაცვალების შემდეგ.

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0