x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დედოფლისწყაროს სკოლებსა და ბაღებში
image


წლის ბოლომდე კახეთის რეგიონში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით, 1 200 ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ისეთი შენობების გამართულობის შემოწმება მიმდინარეობს, სადაც ხალხმრავლობაა. ობიექტებს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ამოწმებს.


ჩვენ დავინტერესდით, როგორია ისეთი სტრატეგული ობიექტების უსაფრთხოების მდგომარეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, როგორებიცაა სკოლები და საბავშვო ბაღები.


დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი ამბობს, რომ დედოფლისწყაროს ყველა სკოლის შემოწმება უკვე დასრულდა და სპეციალისტებს რაიმე სახის ხარვეზები არ გამოუვლენიათ.



„ყველა სკოლა შემოწმდა, ყველა შენობაში გამართულია უსაფრთხოების სისტემა. ყველა სკოლა ფლობს ცეცხლმაქრებს და თვალსაჩინო ადგილასაა გამოკრული საევაკუაციო გეგმებიც. როგორც სკოლის დირექტორებმა გვაცნობეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სპეციალისტებს შენიშვნები არ ჰქონიათ. კლასის დამრიგებლები პერიოდულად ატარებენ უსაფრთხოების ნორმებზე საუბრებს. თუმცა, აუცილებელია სპეციალისტებმაც ჩაატარონ სკოლებში ამგვარი სწავლება. როგორც ვიცი, იმიტირებული სამაშველო აქტივობები დაგეგმილია, რომელსაც თავად მაშველები ჩაატარებენ, “ - აღნიშნავს ეთერ ზურიკაშვილი.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის უფროსი მაია ყოჩიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გეგმიური შემოწმება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა. მისი თქმით, სპეციალისტებს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები არცერთი შენობის მიმართ არ ჰქონიათ.

„დედოფლისწყაროში სულ 17 საბავშვო ბაღი მოქმედებს. ყველგან ტარდება როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური შემოწმება. ჩვენ უკვე შეგვამოწმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადგილობრივმა სამსახურმა. მოგვცეს რეკომენდაციები და აუცილებლად გავითვალისწინებთ. რაიმე განსაკუთრებული შენიშვნა ან საყვედური არ მიგვიღია. ისედაც დაგეგმილი გვქონდა ცეცხლმაქრების შეძენა და მათი რეკომენდაციაც ეს იყო. ახლა მიმდინარეობს შესყიდვა. ასევე საევაკუაციო გეგმები მომზადდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის დედოფლისწაროს საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ნორმები დაცულია და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ღონისძიება გატარდება საამისოდ, “ - აღნიშნავს მაია ყოჩიაშვილი.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის ობიექტების უმრავლესობა უკვე შემოწმდა და გარკვეული დარღვევებიც გამოიკვეთა. მათი თქმით, კახეთში 1 000-მდე ობიექტს გაფრთხილება მიეცა.


„დაფიქსირებული დარღვევების კვლავ არსებობის შემთხვევაში, დაწესებულებას ეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, კახეთში, ზედამხედველობის ორგანიზების განყოფილების თანამშრომლების მიერ, გაფრთხილება მიღებული აქვს, დაახლოებით, 1000 ობიექტის მფლობელს - შენობაში სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვისთვის.“


ბაღებსა და სკოლებში სახანძრო სისტემების მონიტორინგის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა, რათა ტრაგედიები მომავალში თავიდან იქნას აცილებული. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში.

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0