x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71804
  • ვიდეო:324987
  • სურათი:427156
26 წლის ბიჭის გვამი თბილისის ზღვამ გამორიყა - რა მოხდა ლილოს დასახლებაში?

image


დედოფლისწყაროელი 26 წლის ხვიჩა მაისურაძე, რომელიც სასწავლებლად თბილისში იმყოფებოდა 2005 წლის 1 ნოემბერს, თანაკურსელმა ზურა სამხარაძემ დეიდაშვილის დაბადების დღეზე, ლილოს დასახლებაში წაიყვანა. მას შემდეგ, ხვიჩა აღარავის უნახავს... 18 დღის შემდეგ, თბილისის ზღვამ უცნობი მამაკაცის გვამი გამორიყა, რომელიც მეთევზეებმა შენიშნეს და პოლიციას აცნობეს. საქმე გაუხსნელია, შვილმკვდარი დედა აცხადებს, რომ გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება და მკვლელების დასასჯელად არაფერი კეთდება...

image

ნინო ქავთარაძე: „ხვიჩას სამი წელია ვიცნობ, დაქორწინებას ვაპირებდით. ბოლო ხანს, ერთად ვცხოვრობდით და ერთ სალონში ვმუშაობდით. 1 ნოემბერს დილით, მე და ხვიჩა სახლში ვიყავით. დაახლოებით 12 სთ-ზე, ჩვენთან ხვიჩას მეგობარი ზურა სამხარაძე მოვიდა. ვიწექით, ხვიჩა ადგა და კარი გაუღო. ზურამ უთხრა გავიდეთო. სად მიდიოდნენ არ უთქვამთ. წასვლისას, ხვიჩას ვთხოვე, მალე დაბრუნებულიყო, რაზეც მიპასუხა ვეცდებიო.“


ზურა სამხარაძე: „ხვიჩასთან ინსტიტუტიდან ვმეგობრობდი. დილით სახლში მივაკითხე და ვაგზალზე გავედით. ჩემი ძმა შეგვხვდა და გვითხრა, რომ ჩვენი დეიდაშვილის, მიშიკო ბიბილურის დაბადების დღე იყო და საღამოს საკლავს კლავდნენ... ჯერ ვარკეთილში გავედით, საიდანაც ტაქსით პატარა ლილოში წავედით. სუფრაზე 30 კაცამდე ვიყავით. ქეიფის დროს, მე ტუალეტში გავედი. სუფრაზე რა მოხდა არ ვიცი.“


ჩვენ გაუხსნელი და ბურუსით მოცული საქმის დეტალებით დავინტერესდით და გამოძიების მასალებს დეტალურად გავეცნით. ძირითადი მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ იმ ღამით ვანო ბიბილურის ოჯახში გაშლილ სუფრასთან, ხვიჩა და ზურა 23:00 საათამდე შეყოვნდნენ. მოწმეები კონფლიქტის არსებობას მალავენ, თუმცა ჩვენებებიდან მაინც იკვეთება, რომ ჩხუბი მართლა მოხდა, რის შემდეგაც ზურამ ხვიჩა იქვე, მეზობლად მცხოვრებ ნუკრი ხმალაძის ოჯახში დასაძინებლად წაიყვანა. ორივე დაწვა, თუმცა ხვიჩა 5 წუთში ადგა და თქვა - „აქ ვერ გავჩერდები, უნდა წავიდე, დილით ადრე დედოფლისწყაროში მივდივარო.“ მას ნუკრი შეეწინააღმდეგა და დარჩენა არაერთხელ შესთავაზა.


მონათხრობიდან ირკვევა, რომ ხმალაძის ბინიდან ხვიჩა გვიან ღამით, მარტო გავიდა. ამ ფაქტს არ ეთანხმება ხვიჩას ოჯახი. ისინი მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, იგი სწორედ ხმალაძის ოჯახში უნდა მოეკლათ. ირკვევა, რომ ნუკრი ხმალაძემ ხვიჩა ტახტზე პირქვე დააგდო, ზემოდან დააწვა და სახლიდან არ უშვებდა. შვილმკვდარი დედა მარინა მაისურაძე-თეთრაძე მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ხვიჩა სწორედ ამ მომენტში უნდა მოგუდულიყო. გარდაცვლილის დედა იქვე იმასაც დასძენს, რომ გვამს ყელთან ძალადობის კვალი აშკარად აღენიშნებოდა...
ნუკრი ხმალაძე ჩვენებაში ამბობს, რომ ზურა გააღვიძა და მეგობრის წასვლის შესახებ აცნობა. მან კი მასპინძელი დაამშვიდა: „მოეშვი, მიაღწევს სახლამდეო“.
გარდაცვლილის დედას ეს ფაქტიც აეჭვებს: „ხვიჩა ვაკეში ცხოვრობდა და გვიან ღამით, ნასვამი ლილოდან ფეხით ვერ წამოვიდოდა, მით უფრო, რომ მას ფული არ ჰქონდა. ზურაც მის წასვლას ასე ადვილად არ შეხვდებოდა, ამიტომ მგონია, რომ ეს მომენტი შეთხზეს. საეჭვოა ის ფაქტიც, ნუკრიმ რომ ჩემი შვილი ტახტზე ზემოდან შიშველი დააგდო, ზღვამაც სწორედ ასეთი გამორიყა...“ _ აცხადებს მარინა მაისურაძე.


ბოლო წუთებში, ხვიჩასთან ერთად მყოფი ყველა მოწმე ჩვენებაში ხაზს უსვამს, რომ იგი ხმალაძეების ოჯახიდან მშვიდად გავიდა და აღარავის შეუნიშნავს.


ნინო ქავთარაძის ჩვენებიდან: „ქეიფიდან მეორე დღეს, ზურა და ნუკრი ჩემს სალონში მოვიდნენ, ხვიჩას ბზის ჯვარი მომიტანეს და მკითხეს, ხვიჩა სად არისო? არ ვიცი, შენ წაიყვანე და თქვენთან ხომ უნდა ყოფილიყო-თქო?... ერთად ვიყავით, მაგრამ დასაძინებლად რომ დავწექით, აღარ გაჩერდა და ფეხით წამოვიდა, მეტი არაფერი ვიცითო.“


იმ ოჯახების წევრები, სადაც გარდაცვლილი ბოლო ღამეს იმყოფებოდა, ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და არც კამათი სმენიათ. ზურა და ნუკრიც იგივეს ირწმუნებიან. ჩვენ გამომძიებლებისგან განსხვავებით, მოწმეთა ჩვენებებში ძალზე მნიშვნელოვანი დეტალები შევნიშნეთ, რაც საქმის მსვლელობას თავდაყირა აყენებს...


ნინოს ჩვენებიდან: „ზურამ მეორე დღესვე, როცა ჯვარი მომიტანა მითხრა, ხვიჩამ იქ ძალიან შემარცხვინა და ნათესავებთან თავი მომჭრაო... იქვე დაამატა, ნუკრი დედის გინებას არავის აპატიებს, ვინც არ უნდა იყოსო... ზურამ ასევე დააკონკრეტა, ისეთი რაღაცეები მაკადრა, როცა გამოჩნდება პასუხს მოვთხოვო. ნუკრის ოჯახშიც იგინებოდაო. სუფრაზე უზრდელურ სიტყვებს იძახდა და თამადასაც სადღეგრძელოს თქმაზე წაეკამათა, თუმცა ჩხუბში არ გადაზრდილაო“


აქიდან ნათლად იკვეთება, რომ შეკამათებას ადგილი მართლაც ჰქონია. ფაქტობრივად, ზურამ ნინოსთან მეორე დღესვე აღიარა, რომ ხვიჩას და ნუკრის ჩხუბი მოსვლიათ. სუფრაზე მომხდარი კამათის შესახებ, საინტერესო ფაქტებს წავაწყდით კიდევ ერთი მოწმის ჩვენებაში.


მანანა ბეწუნაშვილი (გარდაცვლილის მამიდა): „მას შემდეგ, რაც ხვიჩა გაუჩინარდა, დედამისს მის მოძებნაში ვეხმარებოდი, რაც 18 დღე გაგრძელდა. ძებნისას, ზურაც დაგვყვებოდა. ერთ დღეს, ხვიჩას ბინაში ვსაუბრობდით, სადაც ნინოს სამკერვალო სალონი ჰქონდა გახსნილი. დაახლოებით 15 საათისთვის მოვიდნენ ზურა სამხარაძე და გიორგი სულაბერიძე. ხვიჩას დედამ ზურაზე მიმითითა, სუფრაზე მან წაიყვანაო. ამ ბიჭების პიროვნებით დავინტერესდი და მათი დაწვრილებით გამოკითხვა დავიწყე. პატარა ბლოკნოტში ჩანიშვნებს ვაკეთებდი, რამაც ზურას და გიორგის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია და აგრესიას გამოხატავდნენ. იმავე დღეს, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, დიდი ლილოს პოლიციაში გიორგის მანქანით წავედით. ხვიჩას დაკარგვის შესახებ განაცხადი უნდა შეგვეტანა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზურა და გიორგი ხვიჩას დაკარგვის პოლიციაში გაცხადების წინააღმდეგნი იყვნენ... ხვიჩას მიერ, ღამით განვლილ გზას ვათვალიერებდით, როცა ზურას ბიძიას მანქანამ გამოიარა, ვის ბინაშიც დაბადების დღე აღნიშნეს. ზურა აღელდა, არ უნდოდა მომხდარის შესახებ მისი ოჯახის წევრებს შეეტყოთ. დამალვა სცადა და „ვაიმე, ბიძაჩემიო“ წამოიყვირა. როდესაც სახლში დავბრუნდით, თქვა, რომ ბიბილურებთან ყოფნისას, ხვიჩას შეკამათება მოუხდა თამადასთან და ზურას ბაბუასთან... ზუსტად მახსოვს, ასე თქვა: „თავი მომჭრა, ნათესავებში უცენზურო სიტყვებს ამბობდაო“. ზურას დაჟინებით მოვთხოვე დეტალურად მოეყოლა ყველაფერი. მითხრა ხვიჩამ ნუკრის ოჯახში რაღაცეები დაიწყო, არ რჩებოდა, ის კი დარჩენას სთხოვდაო. ზურამ აღიარა, რომ ნუკრიმ ხვიჩა საწოლზე დააგდო და ზევიდან დააწვა - არ გაგიშვებო. ზუსტად მახსოვს ზურას სიტყვები: „ნუკრი ის კაცი არ არის, დედის გინება ვინმეს შეარჩინოსო...“ პოლიციელებთან საუბრისას, ჩემი ყურადღება ზურას დაბნეულობამ მიიპყრო. იგი ურთიერთგამომრიცხავ და აბსურდულ ფაქტებს ყვებოდა, რომლებსაც მალევე უარყოფდა.
იმ საღამოს ნუკრი ხმალაძის ოჯახშიც მივედით. კონფლიქტს უარყოფდნენ, თუმცა, როცა ვუთხარი რომ მომხდარის შესახებ ვიცოდი, მათ გინებისა და კამათის ფაქტი აღიარეს. შემდეგ ნუკრი სწორედ იმ ოთახში გავიყვანე, სადაც ხვიჩას უნდა დაეძინა. ჩვენს შორის საკმაოდ გულახდილი საუბარი შედგა. ის ჩვენებაში უარყოფს, თუმცა ნუკრიმ ჩემთან აღიარა, რომ დატოვების მიზნით ხვიჩა საწოლზე პირქვე დააგდო და ზემოდან დააწვა...“ _ ვკითხულობთ ბეწუნაშვილის ჩვენებაში.


თამარ გორგიძე (მოკლულის მეგობარი): „როდესაც ზურა, ნუკრი და გიორგი სალონში მოვიდნენ, ზურამ თქვა „ისე შემარცხვინა, ახლა რომ მოვიდეს აქვე ცემაში მოვკლავო“... სუფრაზე ვიღაც ციხიდან ახალი გამოსული ქურდი იჯდა და მათ შორის შელაპარაკება მოხდაო. ზურა ანერვიულებული გვიყვებოდა. ჯერ თქვა 3 ლარი ჰქონდა ჯიბეშიო, შემდეგ 10 ლარიო, მოგვიანებით კი საერთოდ გადააკეთა ფული სულ არ ჰქონდაო. მათ ქცევებში დავეჭვდი და ვთქვი, ხვიჩას მოსაძებნად პატრულს დავკავშირებოდით. ზურა წამოხტა და მიყვირა: „შენ ხომ არ გაგიჟდი გოგო, პოლიცია მინდა ახლა მე???... შენ ვაფშე რა განერვიულებს, სიტუაციას ნუ ძაბავო.“ ნინო ბიჭებს პირველად გარეთ ესაუბრა, რომ შემოვიდა ზუსტად ასე თქვა: „ახლა კი ზურა სამხარაძეს ნამდვილად არ გავახარებო...“ მერე დაამატა „ამათ არ ვენდობი, შესაძლოა მოკლეს და სადმე დააგდეს. ბიჭებმა ისე საეჭვოდ ახსენეს, იქნებ ლილოში არხში არის ჩაგდებულიო. არხიც გადაკეტეს, თუმცა გვამი 18 დღის შემდეგ იპოვეს...“


მამუკა ხუციშვილი (მეთევზე): „2005 წლის 18 ნოემბერს, დილის 11 საათზე სათევზაოდ წავედი თბილისის ზღვაზე. ე.წ. „პლიტებთან“, ნაპირიდან 30 მეტრში ზღვაში შევნიშნე, რომ რაღაც სხეული ტივტივებდა. ბეტონის მაღალ ჯებირზე ავედი და გარკვევით დავინახე მამაკაცის გვამი. დაუყოვნებლივ პოლიციას ვაცნობე, ისინი 10 წუთში მოვიდნენ და ნაპირზე გამოიტანეს. იმ ტერიტორიაზე საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. მე და ჩემი მეგობრის გარდა, იქ არავინ ყოფილა.“


26 წლის ხვიჩა მაისურაძის გვამი ზღვაში აღმოჩენისთანავე, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა. 2005 წლის 18 ნოემბრიდან გამოკვლევა თემურ ქამუშაძემ და ლ. ჩაჩუამ ჩაატარეს. ექსპერტებმა რატომღაც კვლევის შედეგად ბევრი ვერაფერი დაადგინეს. ერთადერთი, რასაც ექსპერტიზის დასკვნიდან ვიგებთ ისაა, რომ გარდაცვალების მომენტში მას მხოლოდ 2 %-იანი თრობა აღენიშნებოდა.

ექსპერტიზის დასკვნა:
„გვამს თავის თმოვან ნაწილში, მარჯვნივ, საფეთქლის ზედა ნაწილში საზღვართან და თხემ-საფეთქლის საზღვარზე მარცხნივ აღენიშნებოდა ორი არასწორკიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობა, რომელიც განვითარებულია სიკვდილის დადგომის შემდეგ. გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2 % ეთილის სპირტი, რაც საშუალო სიმთვრალეს შეესაბამება. სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოჩნდა. გვამის შორსწასული ლპობის გამო, სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია.“


ზემოთ წარმოდგენილ ექსპერტთა დასკვნას, გამომძიებელმა თემურ ნიშნიანიძემ არაკვალიფიციურად ჩატარებული უწოდა, მის სისწორეში ეჭვი შეიტანა და ხელმეორე ექსპერტიზა მოითხოვა. გამომძიებლის სპეციალურ დადგენილებაში შავით თეთრზე წერია: „ექსპერტ ქამუშაძის დასკვნაში ნათქვამია, რომ გვამის შორსწასული ლპობის გამო, სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა. მიმაჩნია, რომ ექსპერტიზა არაკვალიფიციურად ჩატარდა და მათი დასკვნის სისწორე ეჭვს იწვევს!“

ექსპერტიზის ხელმეორე დასკვნა:
„შორსწასული ლპობის გამო, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. ამავე მიზეზით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის და რა ვითარებაში დადგა სიკვდილი. თავზე არსებული ორი ჭრილობა განვითარებულია მკვრივი საგნის მოქმედებით. ექსპერტთა კომისიას არ შეუძლია განსაზღვროს თუ რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა. კუჭი გადავსებულია ნახევრად მონელებული საჭმლის მასებით. აქვე ირჩევა ხორცის მოუნელებელი ნაჭრები, რაც ადასტურებს, რომ სიკვდილი საკვების მიღებიდან მალე დადგა.“
ექსპერტი
თემურ ქამუშაძე

გარდაცვლილის დედა ხაზგასმით მიგვანიშნებს, რომ გამომძიებელი თემურ ნიშნიანიძე საქმეს ლოიალურად უდგებოდა და შვილმკვდარ დედას უხეშად ეპყრობოდა. „ბოლო დროს, სატელეფონო ზარებზეც აღარ მპასუხობდა და საქმის წინსვლისთვის არაფერს აკეთებდა. პირიქით, მოწმე ნინო ქავთარაძეს ხელი შეუწყო სამშობლო დაეტოვებინა და საბერძნეთში გაპარულიყო.“


მარინა მაისურაძე (გარდაცვლილის დედა): „ნუკრის ქმედებები ძალზე საეჭვოდ მეჩვენება. გვამი იმავე ვითარებაში აღმოჩნდა, როგორც მან ტახტზე დააგდო. ჩემი შვილი პედაგოგის ოჯახში მივიდა და ისე მოკლეს, მშობლები ამბობენ არაფერი გაგვიგიაო. გამომძიებელი თემურ ნიშნიანიძეც უხეშად მეპყრობოდა. ტელეფონზე საერთოდ არ მპასუხობს. მკვლელების მშობლებიც საეჭვოდ იქცევიან, ჩემმა შვილმა სიცოცხლის ბოლო წუთები პედაგოგების ოჯახში გაატარა და ქალბატონები, რომლებიც სკოლაში დღესაც მუშაობენ, აცხადებენ, რომ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათ სიტუაციის განსამუხტად არაფერი გაუკეთებიათ და ასეთების ხელში ასობით აღსაზრდელის ბედია, რომელთაც შვილები მკვლელებად აღზარდეს... ყველაფერს ისე ხატავენ, თითქოს ხვიჩა ბინიდან უვნებელი გამოვიდა, მაგრამ თუკი მართლები არიან ზურაც და ნუკრიც იმ დღეების მერე სულ მემალებიან. ხვიჩას დაკრძალვისთვის დარეკეს და უკითხავთ გასვენებაში კახეთში ჩამოვალთო, ჩემმა ძმიშვილმა უპასუხა თუ თავს უდანაშაულოდ და სუფთად გრძნობთ ჩამოდითო, მაგრამ იმ დღის მერე ტელეფონითაც აღარ შეგვხმიანებიან. უმორჩილესად გთხოვთ, გულთან მიიტანოთ შვილმკვდარი დედის გასაჭირი. მას შემდეგ შეუსვენებლად ვიბრძვი, თუმცა სამართალს ვერსად ვპოულობ. დამეხმარეთ, თორემ არსებული განუკითხაობა მიბიძგებს ჩემი შვილის მკვლელებს პირადად გავუსწორდე და სიცოცხლეს გამოვასალმო.“


ირინა გორგიძე (დაზარალებულის ადვოკატი): „გარდაცვლილთან ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა მქონდა და სავარაუდო ეჭვმიტანილებსაც მანამდე ვიცნობდი. ვერსია, თითქოს ხვიჩა სუფრაზე უწესრიგოდ იქცეოდა შეთითხნილია, რადგან ხვიჩას ასეთი ხასიათი არ ჰქონდა. მასთან სუფრაზე ხშირად მოვხვედრილვარ და ის ნასვამიც მინახავს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კონფლიქტი მისი მიზეზით არ მოხდებოდა. მკვლელობის ღამეს, გვიანობამდე მეღვიძა და საქმეზე ვმუშაობდი. ამ დროს, ნინოს შეშფოთებული მესიჯები მომივიდა. რაღაც ნომრებიდან მაწუხებენ და მაშინებენო. სავარაუდოდ, ნინოს ხვიჩას გარდაცვალება ღამითვე შეატყობინეს. ამ მესიჯის შემდეგ შევშფოთდი და ნინოს დავურეკე. შეშინებული იყო და ტიროდა. ჩვენებებში ამას არ ადასტურებს, ამიტომ საფუძვლიანია ეჭვები, რომ ის დააშინეს. დარწმუნებული ვარ, საქმე ჩაწყობილია, თუმცა ვეჭვობ ამაში გლდანი-ნაძალადევის პოლიცია იყოს გარეული.
საინტერესოა ერთი დეტალიც. ბიბილურების ოჯახში, სუფრაზე საკმაოდ გავლენიანი პოლიციელიც უნდა ყოფილიყო, რომელსაც მალავენ. სავარაუდოდ საქმის „ჩაწყობაც“ მათი მხრიდან უნდა მომხდარიყო.
ერთხელ, დაკითხვის დღეს ნინო ტუალეტში გამყვა, მე ხელის გადასაბანად გავედი და ნინომ თავისთვის ჩაილაპარაკა „ზურა სამხარაძე _ ახლა კი მართლა არ გაგახარებო!!!“... ნინო ზურას სახელს იმდენად ხშირად ახსენებდა, რომ მან გაცილებით მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე გამოძიებას გაუმხილა. ლოგიკურია, რომ თუ ნინო ქავთარაძე ამ საქმეში სუფთაა, იგი გამოძიებას არ დაემალებოდა. ნინოს ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იგი საბერძნეთშია, თუმცა რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, ნინოს საქართველოში მალავენ და მას ქვეყანა არც დაუტოვებია. ერთადერთი გამოსავალი, რაც საქმის მსვლელობას დააჩქარებს, ნინოს გამოჩენაა.

0
462
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0