x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დათო ტურაშვილი ლიკა ქავჟარაძის შესახებ "აპრილი"
image

ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მინდა გავიხსენოთ დათო ტურაშვილის მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე:

"აპრილში ყოველთვის შეყვარებული ვიყავი და ეს, შეიძლება ასაკის ბრალი იყო და შეიძლება თბილისური გაზაფხულის - აპრილიდან თბილისის ქუჩებში აყვავებული ნუშის ისეთი სუნი იდგა ხოლმე, გაკვეთილებზე უბრალოდ ჯდომაც კი, ძალიან ძნელი ხდებოდა. თუმცა არ ვიცი რა ხდებოდა იმ წელს, როცა უკვე აპრილიც იდგა, ნუშიც ჰყვაოდა თბილისში, მაგრამ მე არავინ მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდეკლასელი ვიყავი და საქმეც არაფერი მქონდა, გარდა იმისა, რომ ყოველ დილით სკოლაში მივდიოდი და შუადღისას უკან ვბრუნდებოდი. სახლიდან გაკვეთილების დაწყებამდე 20 წუთით ადრე გამოვდიოდი. ჯერ გავუვლიდი ჩემს კლასელს, მეგობარს და მეზობელს ლაშა ფხაკაძეს, რომელიც თავისი სადარბაზოს წინ მელოდა ხოლმე და მერე ერთად ვაგრძელებდით გზას სკოლისკენ.

ჩვენს სახლებს მხოლოდ ერთი, ხუთსართულიანი კორპუსი აშორებდა ერთმანეთისგან და როცა ქუჩის კუთხეში შემოვუხვევდი, ლაშა ყოველთვის უკვე იქ იდგა. ზუსტად მახსოვს, რომ ის დღე იყო 23 აპრილი, რადგან წინა საღამოს ლაშა ფხაკაძემ ლენონის ფირფიტა მაჩუქა ლენინის მერამდენეღაც იუბილის აღსანიშნავად და ეს გახლდათ ჩემი პირველი ნამდვილი ფირფიტა.


მოკლედ იმ დილითაც ჩვეულებრივად გამოვედი სახლიდან, დავეშვი კიბეზე და მეზობელი კორპუსის კიბესთან რომ უნდა შემეხვია და ქუჩაზე გადავსულიყავი, უცებ ვიგრძენი უცნაური სისუსტე მუხლებში და გავჩერდი - ჩემ წინ იდგა ლიკა ქავჟარაძე, უფრო სწორად, მე ვიდექი გაუნძრევლად მანამ, სანამ ლაშა ფხაკაძემ არ მომაკითხა, თორემ ლიკა ქავჟარაძეს ფეხიც კი არ შეუნელებია, მე არც შევუმჩნევივარ ისე ჩამიარა გვერდით და სადარბაზოში შევიდა. ლაშამ კი იმიტომ მომაკითხა, რომ არასოდეს ვიგვიანებდი ხოლმე და ალბათ ჩემი იმდილანდელი დაგვიანების მიზეზმა დაინტერესა.

image- რას დამდგარხარ სირივით - მკითხა ფხაკაძემ ძალიან გაკვირვებული სახით და ჩემი იმწუთიერი მდგომარეობის აღმნიშვნელი ეს სიტყვა, მაშინ სულ ახალი შემოსული იყო ხმარებაში. ასევე, ეს ის დრო იყო, როცა 19 წლის ლიკა ქავჟარაძეს უკვე შესრულებული ჰქონდა მარიტას როლი კინოფილმ "ნატვრის ხეში" და ეს ფილმი ჩვენც ნანახი გვქონდა. imageმაშინ უკვე ისიც ვიცოდით, რომ ახალგათხოვილი ლიკა ქავჟარაძე სადღაც ჩვენ უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ რაც იმ დილით ვნახე, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. მე რომ იმ დილით ვნახე, იმაზე ლამაზი ადამიანი არც მანამდე და არც მერე, რასაკვირველია, არასოდეს მინახავს და 20 წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო. ჰოდა, მეც ვიდექი ზუსტად ისე, როგორც ეს ადვილად ამოიცნო ბავშვობიდანვე ნიჭიერმა ლაშა ფხაკაძემ და ბოლოს მკითხა:

- სკოლაში არ მოდიხარ?

სკოლაში კი წავყევი, მაგრამ იმ დღეს ჩემს სკოლაში ყოფნას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან არანაირი ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა არ მაინტერესებდა, მე მაინტერესებდა რამდენად შემთხვევით გამოარა ლიკა ქავჟარაძემ იმ დილით, და თუ ეს არ იყო შემთხვევითი, და თუ მას დილაობით სეირნობა უყვარდა, მაშინ მას მეორე დილითაც ვნახავდი და ეს ჩემი ვარაუდი სკოლიდან უკან, შინისაკენ მომავალ გზაზე ლაშა ფხაკაძესაც გავუზიარე.

ლაშა ჯერ არ იყო ყველაზე მაღალი ადამიანი ჩვენს უბანში და ანომალიური ზრდა მან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, მერვე კლასში დაიწყო და ამიტომ კი არ ჩამომხედა, შემომხედა.

მეორე დილით, რასაკვირველია, ორივენი დავხდით ლიკა ქავჟარაძეს და, რასაკვირველია, წინა ღამით ისიც კი გავიფიქრე, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ ფხაკაძესაც გავანდე ეს საიდუმლო, მაგრამ შუაღამისას, სანამ ჩამეძინებოდა, მაინც იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ ვცდებოდი. დილით კი ორივენი ვიდექით ზუსტად იმ ადგილას, სადაც წინა დღეს ლიკა ქავჟარაძემ გამოიარა და სანამ ლიკა შემოუხვევდა, ლაშამ მკითხა - იქნებ მოგეჩვენაო და პასუხის გაცემა რომ დავაპირე სწორედ იმ დროს შემოუხვია. შეიძლება დაგვინახა კიდეც, მაგრამ არ შეგვიმჩნია და ვინ იცის თბილისის ქუცებში რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა იმ წლებში ლიკა ქავჟარაძე.

მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო და მახსოვს ვიფიქრე, ლაშამ თუ შემამაჩნია-მეთქი, მაგრამ ფხაკაძეს ჩემთვის, უბრალოდ, არ ეცალა და კარგა ხანს არც ერთი არ გავნძრეულვართ. ალბათ, სკოლა უკვე დაწყებული იყო, როცა მოპირდაპირე სახლის გამოღებული ფანჯრიდან ჩვენმა მეგობარმა მამუკა ნადირაშვილმა ხმამაღლა გადმოგვძახა:

- რას დამდგარხართ სირებივით?!

სკოლაში წასვლას აზრი აღარ ჰქონდა (ჩვენი ღრმა რწმენით) და მამუკასთან ავედით, რომელსაც ფეხი მოეტეხა და ისედაც გვინდოდა მისი ნახვა. წამოვედით შუადღისას დ ამეორე დილამდე დავიშალეთ იმ იმედით, რომ იმდღევანდელი სკოლის გაცდენის ამბავი მშობლებს არ ეცოდინებოდათ, გაგვიმართლა.

დილით კი ისევ იქ ვიდეექით, სადაც ლიკა ქავჟარაძე უნდა გვენახა, ისევ და იმან ისე ჩაგვიარა, როგორც წინა დღეებში, მაგრამ ამჯერად (წინა დღეებისგან განსხვავებით), ლიკას უკან გავყევით. ახლაც არ ვიცი, რატომ და როგორ, მაგრამ ეს რაღაც თავისთავად მოხდა, მე და ლაშა ნამდვილად არ შევთანხმებულვართ და ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მაგრამ როგორც კი ლიკა სადარბაზოში შევიდა, ჩვენს უკან მივყევით. კიბეზე რომ ავდიოდით, მახსოვს ერთი კი გავიფიქრე, რა უნდა გვეპასუხა ლიკა ქავჟარაძისთვის, უცებ რომ შემობრუნებულიყო და ჩვენთვის ეკითხა, რა გვინდოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა და ასე ჩუმად, უხმოდ ავყევით მას ბოლო, მეხუთე სართულამდე.

როგორც ჩანს, მისთვის ისეთი პატარები ვიყავით, რომ საერთოდაც არ შეშინებია და ცოტა ღიმილითაც კი მოგვიხურა ცხვირწინ დიდი და მძიმე კარები. მე ცხვირი მოვიფხანე და იქვე, კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. ლაშამაც იგივე გააკეთა და სიგარეტი ამოიღო, ჯერ თავისთვის მოუკიდა, მერე მეც შემომთავაზა. მე ჩემი ცხოვრების პირველი სიგარეტი სწორედ მაშინ მოვწიე, მაგრამ არ მომეწონა, რადგან თავბრუსხვევა ვიგრძენი და ხველებაც ამიტყდა, არ ვიცი ამის გამო იყო თუ ლიკა ქავჟარაძემ უთხრა თავის ქმარს ჩვენ შესახებ, უცებ ის დიდი რკინის კარი გაიღო და იქიდან ვიღაც"ვზროსლი" გამოვიდა, რომელიც, ალბათ, მხოლოდ ჩვენთვის იყო "ვზროსლი" და - აქ რას აკეთებთო- საკმაოდ მშვიდად გვკითხა. მინდოდა მეთქვა, არაფერს - მეთქი, მაგრამ ფხაკაძემ დამასწრო და - რაშენი საქმეაო- ისე სწრაფად უთხრა იმ სიმპატიურ და ზრდილობიან ადამიანს, რომ მაშინ ისიც კი გავიფიქრე, თითო-თითო ჭიტლაყი ნამდვილად არ აგვცდებოდა, თუმცა, ეტყობა, მართლა ძალიან კარგი ადამიანი იყო და მაინც ბოლომდე თავი შეიკავა და სანამ კიბეებზე ვეშვებოდით, ჩვენთის არაფერი უთქვამს.

ჩვენ კი აპრილის ბოლომდე, მაინც ყოველ დილით ისევ იქ ვიდექით ხოლმე ლიკას მოლოდინში, მაგრამ ლიკას იქ აღარ გამოუვლია, და ლიკა ისეთი, როგორიც მაშინ იყო, მერე აღარასოდეს მინახავს".

imageვიზიარებ შენს მწუხარებას, საქართველო, მარიტა წავიდა..


0
324
3-ს მოსწონს
ავტორი:როშენი
როშენი
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0