საზოგადოება "სახლიდან გასვლამდე არ დაგავიწყდეთ სარკეში ჩახედვა...მოძებნეთ იმ ბავშვის თვალები მომავალს რომ ციმციმით და იმედით უცქერდნენ " - მიმართვა გმირ გოგონებს! 2017, 11 ოქტომბერი, 15:22 გამარჯობა, გოგონებო, დღეს თქვენი დღეა, ჩვენი დღეა და ამიტომაც თავს უფლება მივეცი ცოტათი მიკერძოებული ვყოფილიყავი და სწორედ თქვენთვის მომემართა.
2011 წლიდან 11 ოქტომბერს გაეროს გადაწყვეტილებით გოგონების საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღის მიზანია ყურადღების გამახვილება იმ სოციალურ პრობლემებსა და უთანასწორობაზე, რომლებიც გენდერთანაა დაკავშირებული, იქნება ეს განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, ნაადრევი ქორწინება, ძალადობა თუ სხვა. 11 ოქტომბერი ეს მსოფლიოს ბრძოლაა თანასწორობისა და გოგონების უფლებების დასაცავად.
ეს ჩვენი ბრძოლაა და მინდა თითოეულ თქვენგანს გთხოვოთ, არასოდეს დანებდეთ, ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს არც ისე მარტივი ცხოვრება აქვს, რომ ღამეებს ათენებთ, მთელი დღის სამუშაო სმენიდან შინ გვიან დაბრუნებულები ცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად შეხვიდეთ სახლში თავი აარიდოთ თქვენკენ მომართულ უხამს მზერასა თუ რეპლიკებს, ისიც ვიცი, რომ შეიძლება სახლშიც არავინ გელოდეთ სიხარულით, ის, ვინც კარს გაგიღებთ და თბილ აბაზანასა და გემრიელ ვახშამს შემოგთავაზებთ, ვინ იცის, იქნებ პირიქით, გისაყვედურონ კიდეც მთელი დღით "დაკარგვის" გამო, არც ის მიკვირს თუ დასვენების მაგიერ შუაღამემდე მოუნდებით სახლის საქმეების კეთებას ან "უყურადღებოდ დატოვებული" ოჯახის წევრების წინაშე "დანაშაულის" გამოსყიდვას.
ბევრი თქვენგანი იძულებულია არც ისე მარტივი სამუშაო შეასრულოს იმისთვის, რომ სწავლის გაგრძელება შეძლოს, ან ოჯახს დაეხმაროს, ან შვილის დაპურებაზე იზრუნოს იმიტომ, რომ მარტოხელა დედაა. დიახ, მარტივია აქედან ასე გელაპარაკოთ და მშრალად მოგიწოდოთ, მაგრამ მე არ მინდა ჭკუა დაგარიგოთ ან რაიმეზე მიგითითოთ, მე მინდა გითხრათ, რომ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ყველა მარტოხელა დედის, ყველა სოციალური უთანასწორობისა თუ ძალადობის მსხვერპლი გოგონას წინაშე, რომლებიც შეიძლება ახლა ამას კითხულობთ, ან არ კითხულობთ, მაგრამ არსებობთ და ცხოვრებას აგრძელებთ, ცდილობთ გააგრძელოთ და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ალბათ, ხშირად ფიქრობთ, რომ ასე ცხოვრებას აზრი არ აქვს, თქვენ არ იცით, რომ ვიღაცისთვის მაგალითი ხართ, თქვენ, რომლებიც ასე მარტოები, ცრემლიანი თვალებით, ნაადრევად გაჩენილი ნაოჭებით, ნატკენი გულითა და დამსხვრეული ოცნებებით მიუყვებით ცხოვრების საცალფეხო ბილიკებს, ჩვენთვის, შედარებით ფართო გზიდან რომ შემოგცქერით, იმედი ხართ, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი შეგვიძლია. მე სულ უბრალო რამეს გთხოვთ, ყოველ დილით, სახლიდან გასვლამდე არ დაგავიწყდეთ სარკეში ჩახედვა, არ შეგეშინდეთ ზოგჯერ თუ იქ უცხო სახესაც დაინახავთ, კარგად დააკვირდით და მოძებნეთ იმ ბავშვის თვალები მომავალს რომ ციმციმით და იმედით უცქერდნენ, ამ ბავშვს ხელი ჩაჰკიდეთ და აღარასოდეს გაუშვათ.. რაც მთავარია, ხშირად ჩახედეთ თვალებში.. თქვენ დღეს გილოცავთ, ძალიან მაგარო გოგონებო, თქვენ ჩვენი მომავლის გმირები ხართ! 31 3-ს მოსწონს
|