x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ზურაბ ნიჟარაძე (სიშიშვლე)

imageპოსტმოდერნიზმის ხანაში არსებულ სიშიშვლეზე საუბრსას,
გვერდს ვერ ავუქცევთ ზურაბ ნიჟარაძეს და მის „ხორციან“, „სისხლსავსე“ შიშველ ქალბატონებს.
მხატვრის ხელოვნების თვალის გადავლებაც კი ცხადლივ წარმოგვიდგენს მუდმივ ძიებებში მყოფ
მხატვარს. მის ნამუშევრებში ჭარბობს ზეთის საღებავების ფართო დიაპაზონის ფერადოვანი
პალიტრით შესრულებული ნამუშევრები, თუმცა, მხატვარი მუშაობს სხვა მასალებითაც- პასტელით, ტემპერით,
გუაშით, სანგინით, სოუსით, ფანქრით, ნახშირით, შერეული ტექნიკით, მაგრამ რითიც უნდა
იყოს შესრულებული ნამუშევარი, მასში ცხადად იკვეთება ფერმწერის ხედვა. ზურაბ ნიჟარაძის შიშველი ქალების უმეტესობა მუხლამდეა
გამოსახული, მომენტალურ, თითქოს შერჩეულ მოძრაობაში. ზურაბ ნიჟარაძეს გამოკვეთილად
ინდივიდუალური ფერთა პალიტრა აქვს, ამავდროულად
თავისებურიც: დასაწყისში მუქი, თბილი ტონებია, სჭარბობს წითელ-ნარინჯისფერი და ლურჯი-იისფერი.
შემდეგ კოლორიტი ნათდება და თითქოს „გრილდება“. ოსტატი წერს ფართოდ თავისუფლად, სხვადასხვა
მიმართულებით დადებული წანასმებით. ისინი ხანდახან გლუვია, ხან კი რელიეფური ხაზულებისა
და პატარა ბორცვების სახის.
მის ტილოებში გაბატონებულია, თბილი, ღრმა კოლორიტი,
თითქოს სასურათე სიბრტყის ხელოვნური განათება,
უფრო ექსპრესიულს ხდის კომპოზიციურ ნახატს.
მხატვარი თითქოს
ზეთის საღებავის სილამაზით, მისი ფერით ტკბება, რაც თავის მხრივ, უდიდეს შთაბეჭდილებას
ახდენს მაყურებელზე.
შიშველი ნატურის
ასახვისას, მხატვარი მშვენივრად ფლობს დასრულებული სურათის შექმნის ტექნოლოგიას, იგი
ცდილობს მოცულობითი, მკვრივი ფორმებითა და ჟღერადი ფერწერით გადმოგვცეს ქალთა ცოცხალი
შიშველი სხეულები.
ზურაბ ნიჟარაძე თავის ფერწერას ანიჭებს მძლარ პლასტიკურობას, მის მიერ მოძებნილი ფორმა
და ფერი, მიზნად ისახავს გამოავლინოს შინაარსის
ეპიკური ხასიათი. მხატვარს გააჩნია საკუთარი მხატვრული ენა, რომელიც ვლინდება ლაკონიურ
ფორმასა და ფერის საშუალებით გამოძერწილი ნამუშევრის ეპიკური ხასიათით.


imageიმისათვის რომ უკეთ გავეცნოთ ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებას
, განვიხილოთ მისი რამოდენიმე ნამუშევარი, მაგალითად „ცეკვა“, რომელიც 1970 წელს დაიხატა.
სურათის წინა პლანზე გამოსახულია ბედნიერი გამომეტყველების ნიღბით ხელში ოქროსფერთმიანი
მოცეკვავე შიშველი ქალი და მისი მეწყვილე შიშველი მამაკაცი, მუქი კანისფერით, რომელსაც
სახე თეთრი ტახის ნიღბით დაუფარავს. ბერიკას ხელში თეთრი ქსოვილი უჭირავს და ქალის
მიმართულებით მოძრაობს. სურათის ფონი ძირითადად ჩაბნელებულია, თუმცა ტახ-ბერიკასთან
ნათდება, რათა არ დაჩრდილოს მისი მუქი ფერის კანი. საინტერესოა სურათზე გამოსახული
მესამე პირიც, რომელიც ჩაცმული გვევლინება მოცეკვავე შიშველი წყვილის ფონზე, ქალი ძალიან
დაბალია, მისი მკერდის სისავსეობა მეტად დახურულ სამოსშიც ცხადია, ხელები ზურგს უკან
აქვს წაღებული და ძნელია გაარკვიო მაყურებლისკენ იმზირება თუ მოცეკვავეებისაკენ, ეს
ქალი თავისი სამოსით, ხვეული, შავი თმითა
და არანაკლებ უცნაური, მაღალი წითელი ქუდით ბოშას მოგვაგონებს. მხატვრის მიერ პერსონაჟების ესოდენ სამოსგანძარცვულობა
მიზნად ისახავს სხეულთა პლასტიკის გადმოცემას, მხატვარს აქცენტი გადატანილი აქვს არა
ეროტიკაზე, არამედ სახალხო დღესასწაული ბერიკაობის მთავარ სემანტიკურ მნიშვნელობაზე,
ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულზე, კაცისა და ქალის ლტოლვაზე ერთმანეთისკენ. მამაკაცის
უხეშ ძალაზე და მის საპირისპიროდ ქალის სინაზეზე. მხატვარს ამ სურათით არა მხოლოდ სხეულის,
არამედ სულის გაშიშვლებაც სურდა, რათა დამთვალიერებელს სრულად აღექვა და შეეგრძნო ცეკვის
ძალა, ემოცია, სიმძლავრე... საერთო ჯამში სურათი
მსუბუქად ეროტიკულია.
image
მეტად განსხვავებულია ზურაბ ნიჟარაძის შედარებით გვიანდელი
2006 წელს შექმნილი სურათი „ნიუ“. წლების გარდა სურათებს შორის მეტად განმასხვავებელი
ფაქტორია ფერი. ფერი რომელიც ზემოაღნიშნულ ამ ადრეული პერიოდის ნამუშევარში უფრო ჩამუქებულია,
კარდინალურად იცვლის სახეს. სურათზე გამოსახულია დიონისური კულტისთვის მეტად დამახასიათებელი
სცენა, კერძოდ, ხასხასა ხილის გარემოცვაში მუხლმორთხმით მჯდარი, სისხლისფრად ლოყებაღაჟღაჟებული
და ხორცსავსე, შიშველი ახალგაზრდა ქალი. მის წინ, ფეხებთან მწიფე ატმებია ქაოსურად
განლაგებული, გოგონას ორივე ხელში და იდაყვებში ოდნავ მოხრილი მკლავებით ხილი უპყრია,
იგი თითქოს მაყურებელს უჩვენებს დამწიფებულ ნაყოფს, მისი მზერა კი ქალღმერთის მსგავსი
სიმშვიდით გამოირჩევა და მაყურებლისკენაა მოპყრობილი. საინტერესოა ასევე ფონი, რომელიც
საოცრად მრავალფეროვანია, თუმცა სჭარბობს ცისფერი და მწვანე, რაც სიმშვიდის ფერებად
მოიაზრებოდა სიმბოლისტების შემოქმედებაში და რომელიც აძლიერებს ქალის სახის სიმშვიდეს.
გოგონას ყავისფერი თმა თითქმის ერწყმის მისსავე წითელ, მეტად უცნაურ ქუდს. განსხვავებით
წინა სურათისაგან, ამ შემთხვევაში მხატვარს არ დასჭირვებია კომპოზიციაში ხელოვნური
განათების შემოტანა, რადგან თვით ფონია განათებული, აღნიშნულის გამო, სხეულზე დაცემული შუქ-ჩრდილები საკმაოდ პირობითია,
ნაზი და ჰარმონიულია ფერთა პალიტრა. „ცეკვის“ მსგავსად ამ სურათშიც თითქოს ნისლშია
გახვეული ქალის სხეულის ეროტიკული ზონები და მაყურებლის ყურადღება გადატანილია ახალგაზრდა
ქალის მზერისაკენ. ეს არის ქალის სხეულის ესთეტიზაცია, მხატვრის აღქმა ნაყოფიერების
აბსტრაქტული ცნებისა. imageimage







0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0