x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თბილისის გოგონათა გუნდი და ანსამბლი „შავნაბადა“ ექსკლუზიური პროექტით ბათუმს ესტუმრება!
მუსიკალურ სამყაროში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს, მიმართულებათა სინთეზისა და კოლაბორაციის შემთხვევებს. მუსიკალური ნოვაციები თანამედროვე ქართულ სინამდვილეზეც აისახება. ეს სტატია სწორედ ერთ-ერთ მუსიკალურ კოლაბორაციას ეხმიანება და დაინტერესებულ მელომანებს გააცნობს ექსკლუზიური მუსიკალური პროექტის საინტერესო დეტალებს.


image


2017 წლის 2 ივლისს ბათუმის ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს ქართული ხალხური, კლასიკური და ევროპული მუსიკის ექსპერიმენტულ კონცერტს, რომელიც თბილისის გოგონათა გუნდისა და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "შავნაბადას" ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდება. ამ ორ შემოქმედებით ჯგუფს ქართველი და უცხოელი მსმენელი საკმაოდ კარგად იცნობს. ერთმანეთისგან განსხვავებული შემოქმედებითი სფეროები ერთი კონკრეტული პროექტისთვის გადაიკვეთა და ქართული ხალხური და კლასიკური მუსიკის მსმენელს ელის ძალზე საინტერესო მუსიკალური პროექტი. თუ რაში მდგომარეობს პროექტის განსაკუთრებულობა და როგორია მოსამზადებელი ეტაპები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრებიან ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი დათო ცინცაძე და თბილისის გოგონათა გუნდის მაესტრო ომარ ბურდული.


- დათო, საიდან გაჩნდა ამ პროექტის შექმნის იდეა და რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა?



- განსაკუთრებულობა მეგობრობაშია! ეს ორივე მიმართულება - ქართული ხალხური და საგუნდო მუსიკა კეთილი მუსიკაა, სადაც უარყოფითი არ არსებობს. განსაკუთრებულია ის, რომ წმინდად ხალხური სიმღერის გუნდი, ისეთი როგორიც "შავნაბადაა", აკადემიურ საგუნდო მუსიკაში საპირისპირო სქესთან ერთად როგორ შეასრულებს საგუნდო ნაწარმოებებს. ასევე პირიქით - საინტერესოა თბილისის გოგონათა გუნდი როგორ გაართმევს თავს ფოლკლორული მუსიკის შესრულებას, მაშინ როცა ისინი მხოლოდ აკადემიურ საგუნდო მუსიკას ასრულებენ. განსაკუთრებულია ისიც, რომ პირველად ეს კონცერტი ბათუმში გაიმარება. პირადად მე ვერ ვიხსენებ ფაქტს, სადაც ხალხური ანსამბლი აკადემიურ საგუნდო მუსიკას, ხოლო საგუნდო აკადემიური მუსიკის შემსრულებლები პირიქით - ხალხურ სიმღერას ასრულებდნენ და ამავდროულად ერთი კონცერტის ფარგლებში თავიანთ პროფილსაც წარმოადგენდნენ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ საუბარია შერეულ შემადგენლობაზე. იდეა - ერთად გაგვეკეთებინა ეს პროექტი, მე ომარმა შემომთავაზა. წელს მეც მქონდა სხვა მოსაზრებები, რომ "შავნაბადას" რაღაც საინტერესო ექსპერიმენტული ღონისძიება გაგვეკეთებინა. ომარი ანსამბლ "მართვეშია" გაზრდილი და წლებია ერთმანეთს ვიცნობთ, ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი მას შემდეგ, რაც "შავნაბადას" წევრებსაც გავაცანი ეს იდეა.


- ვინ არიან პროექტის მხარდამჭერები და იგეგმება თუ არა ბათუმის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებში განმეორებითი კონცერტები?


- პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. პროგრამა მომზადდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე. ჩვენთან ერთად კონცერტში მონაწილეობენ: ბესო ბერიძე (ანსამბლი "ფერიცვალება", აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემური ანსამბლი); ხათუნა ჭახნაკაია და თამაზ ბოლქვაძე (აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი); გიგა ლოლაშვილი; სოფო ამირეჯიბი; იაკობ შონია და თეკლა გოგრიჭიანი ("ტანგო აკადემია" - თბილისი); დავით გელაძე; რომეო გიორგაძე (ხმის რეჟისორი). ბათუმის შემდეგ კონცერტები გაიმართება ქუთაისსა და თბილისში.


image


- ომარ, როგორია წინასაკონცერტო სამზადისი, რეპეტიციები და რამდენად რთულია ფოლკლორულმა ანსამბლმა იმუშაოს აკადემიურ საგუნდო რეპერტუარზე და პირიქით - აკადემიურმა გუნდმა შეისწავლოს ფოლკლორული მუსიკის ნიმუშები? რამდენად დაძლიეს გუნდებმა ეს შემოქმედებითი სპეციფიური სირთულეები?


- წინასაკონცერტო სამზადისი ძალიან საინტერესოა ჩვენთვისაც და ვფიქრობ ანსამბლ "შავნაბადასთვისაც". რა თქმა უნდა ცოტა ექსპერიმენტულია, როდესაც პროფესიონალი ხალხური სიმღერის მომღერალი ცდილობს შეასრულოს აკადემიური საგუნდო ნაწარმოები აკადემიურ გუნდთან ერთად და ასევე აკადემიურმა გუნდმა ფოლკლორულ ანსამბლთან შეასრულოს ხალხური სიმღერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მსმენელი აღფრთოვანებული დარჩება. ამასთან, ძალიან საინტერესო პროგრამა შევარჩიეთ მე და დათომ. რაც შეეხება სირთულეებს, როცა ხარისხზეა საუბარი, იქ სირთულე ყოველთვის არის და ამ შემთხვევაში ორმაგად დიდი სამუშაო გვქონდა, სისტემატიურად გვაქვს გაერთიანებული რეპეტიციები და ვიტყვი, რომ "შავნაბადას" წევრები ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან და ყველაფერი იმ ჩარჩოშია, რომელშიც უნდა იყოს! ასე რომ, ყველა შემოქმედებითი სირთულე დაძლეულია!


- თქვენ, როგორც ხელმძღვანელები, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია მსგავსი ტიპის შემოქმედებითი თანამშრომლობა საკუთრივ ფოლკლორული მუსიკისა და აკადემიური საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში?


- ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია ასეთი კონცერტი იმისთვის, რომ პირველ რიგში ხალხი მიეჩვიოს საგუნდო მუსიკის მოსმენას, შეძლოს შედარებითი ანალიზი ამ განსხვავებულ მუსიკალურ მიმართულებებს შორის და ეს ყველაფერი მოისმინოს ერთ სივრცესა და დროში: ხალხური, ქართული და ევროპული საგუნდო მუსიკა - როგორც ინდივიდუალური, ასევე შერეული შესრულებით. მნიშვნელოვანია მოხდეს თბილისში თავმოყრილი კულტურის გატანა დედაქალაქს გარეთ და გვიხარია, რომ ორივე კოლექტივს მოგვეცა საშუალება ასეთი ექსპერიმენტული ჩანაფიქრის განხორციელებისა. (დათო ცინცაძე)

- მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს და უფრო გაზრდის დაინტერესებას ზოგადად მუსიკისადმი, ვინაიდან კონკრეტულად ფოლკლორული მუსიკის მსმენელი გაეცნობა აკადემიურ საგუნდო მუსიკას და პირიქით; მნიშვნელოვანია როგორ შემოქმედებით სინთეზს მოვახდენთ, რომ კონცერტში ყველაზე მნიშვნელოვანი - ბალანსი შევინარჩუნოთ. და ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა პირდაპირ ემსახურება ორივე მუსიკალური მიმართულების პოპულარიზაციას და აქ ერთიანდება მსმენელი და ორი კოლექტივი! (ომარ ბურდული)



პროექტი დაანონსებულია! თბილისის გოგონათა გუნდს და ანსამბლ "შავნაბადას" ვუსურვებ წარმატებულ კონცერტს და გიწვევთ ყველას - ქართული ხალხური სიმღერისა თუ აკადემიური საგუნდო მუსიკის მოყვარულებს ბათუმის ხელოვნების ცენტრში! 2 ივლისს ბათუმელ მსმენელს გრანდიოზული მუსიკალური დღესასწაული ელის და მე როგორც მუსიკოლოგი, დარწმუნებული ვარ, ეს მუსიკალური პროექტი დაიმსახურებს როგორც ეთნომუსიკოლოგების, ისე საგუნდო მუსიკის სპეციალისტების მაღალ ინტერესსა და საინტერესო შეფასებას!


სტატიის ავტორი:

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი - შორენა მეტრეველი




0
53
შეფასება არ არის
ავტორი:შორენა მეტრეველი
შორენა მეტრეველი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0