x
ბულინგი

image
აგრესიული ქცევის მსგავსად, ბულინგსაც
აქვს მრავალი ფორმა. ბულინგისადმი მიძღვნილი ადრეული კვლევები ფოკუსირებული იყო ფიზიკური
(როგორიცაა დარტყმა, ხელის კვრა, წიხლის კვრა) და ვერბალური (მაგალითად, დაცინვა, შეურაცხყოფის
მიყენება, დამუქრება) თავდასხმების შესწავლაზე. ადრეულ კვლევებში ბულინგის უშუალო ფორმებზე
ხაზგასმა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ, ძირითადად, კვლევა ბიჭებზე იყო ფოკუსირებული.
გვიანი, 80-იანი წლებიდან კვლევებმა ფიზიკური და ვერბალური აგრესიის შესწავლიდან გადაინაცვლა
აგრესიის უფრო დაფარული ფორმების შესწავლაზე.
ეს მოიცავს არაპირდაპირ, ხშირად სოციალურად მანიპულირებულ ქცევას, როგორიცაა: ცუდი
ჭორების გავრცელება; ტყუილები სამიზნის შესახებ (არაპირდაპირი აგრესია. სამიზნის ურთიერთობებისათვის
ზიანის მიყენება ან ზიანის მიყენების მუქარა (ურთიერთობითი აგრესია); სამიზნის ღირსების
შეგრძნების შელახვა; სოციალური სტატუსის დაზარალება საზოგადოებრივი დაცინვით, შეურაცხმყოფელი
სახის გამომეტყველებითა და ჟესტებით (სოციალური აგრესია).საწყისი შეხედულება იმის შესახებ,
რომ არაპირდაპირი, რელატიური (ურთიერთობასთან დაკავშირებული) აგრესია არის „ქალთა აგრესია“, მხარდეჭერილია კვლევებით,
რომლებშიც ნაჩვენებია, რომ ასეთი სახის აგრესია ქალებში უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე
მამაკაცებში. თუმცა
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გენდერული განსხვავებები, არაპირდაპირი აგრესიის
გამოყენების თვალსაზრისით, არის უმნიშვნელო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა, ზოგადად,
არ გამოამჟღავნეს არაპირდაპირი აგრესიისაკენ
მიდრეკილება, არსებობს საფუძველი იმისა, რომ, პროპორციულად ისინი უფრო ხშირად
იყენებენ არაპირდაპირი აგრესიის ფორმებს, ვიდრე პირდაპირს.ბოლო დროს მკვლევრებმა დაიწყეს ბულინგის
ისეთი ახალი ფორმების შესწავლა, როგორიცაა ელექტრონული ბულინგი, ან კიბერბული­ნგი/ინტე­რნე­ტბულინგი
.კიბერბულინგს ახორციელებენ ელექტონული საკომუ­ნიკაციო
საშუ­ა­ლებებით - მობილური ან ინტერნეტგვერდების მეშვეობით. აგზავნიან ზიანის მომტან
ტექსტებსა და შეტყობინებებს მსხვერპლებთან ან მათ შესახებ ინტერნეტში ავრცელებენ შეურაცხმყოფელ
ისტორიებს, ფოტოებს, ვიდეოკლიპებს. მიუხედავად იმისა, რომ კიბერბულინგი, ბულინგის ტრადიციულ ფორმებთან შედარებით, ნაკლებად
ხშირია, ის უფრო მასშტაბური გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მედია დიდ
ყურადღებას უთმობს ფიზიკური ძალადობის შემცველ ვიქტიმიზაციას და მიუხედავად იმისა,
რომ კიბერბულინგი ბავშვებისა და მოზარდებისათვის ახალ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს,
ისინი არ არის ბულინგის ყველაზე მეტად გავრცელებული
გამოვლინებები. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ, როგორც გოგონებში, ისე ბიჭებშიც, ბუ­ლინგის ძირითადი წილი მოდის ვერბალურ თავდასხმებზე.


ვინ არის მჩაგვრელი
image


დიდი ხნის განმავლობაში, მკვლევრები და პრაქტიკოსები
მჩაგვრელს განიხილავდნენ ინდივიდად, რომელსაც აქვს სოციალური უნარების ნაკლებობა, დაბალი თვთშეფასება, თანატოლთა შორის დაბალი სტატუსი,
სირთულეები სოციალური ინფორმაციის დამუშავებაში და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშულ
ფაქტორთაგან ბევრი ასოცირებულია ზოგადად აგრესიასთან,
არსებობს მცირე ემპირული მხარდაჭერა, რომ ისინი სწორედ რომ ბულინგთანაა დაკავშირებული.მჩაგვრელის, როგორც სოციალურად არაკომპეტენტურის შესახებ
მოსაზრება უარყოფილ იქნა Sutton, Smith, Swettenham-ის მიერ. მათ აღმოაჩნეს, რომ
7-დან 10 წლამდე მჩაგვრელებმა მიიღეს მაღალი შეფასება იმ საკითხებში, რომლებიც ზომავდა სხვების ემოციებისა
და კოგნიციის გაგების უნარს. შესაბამისად,
Kaukainen-მა დაამტკიცა, რომ სოციალური ინტელექტი
(მაგ., სხვათა აღქმა და სოციალური მოქნილობა) არის წინაპირობა აგრესიის ისეთი არაპირდაპირი
ფორმების გამოსაყენებლად, როგორიცაა სხვებით მანიპულრება და სხვათა წაქეზება სამიზნის
წინააღმდეგ. მათ კვლევებში არაპირდაპირი აგრესია პირდაპირი აგრესიის კონტროლის შემდეგ
უკავშირდებოდა სოციალური უნარებს. რა თქმა
უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური გაგების უნარი არის ბულინგის გამომწვევი მიზეზი,
მაგრამ ნათელია, რომ კარგი სოციალური უნარების მქონე მჩაგვრელები უფრო წარმატებით ახორციელებენ
ჩაგვრის ქცევას. მაგ.: მათ უკეთ შეუძლიათ
„ნამდვილი“ მსხვერპლის არჩევა და თანატოლებით მანიპულირება, იმისთვის,
რომ თანატოლებიც შეუერთდნენ მათ. ყველა კვლევა არ ადასტურებს მჩაგვრელის, როგორც სოციალურად
კომპეტენტური ინდივიდის შესახებ მოსაზრებას. მაგ., 4-დან 6 წლამდე სკოლამდელებში მჩაგვრელები
არ ავლენენ უფრო მაღალ სოციალურ უნარებს თანატოლებთან შედარებით. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით,
უფრო სწორი მიდგომა იქნება, თუ ვაღიარებთ, რომ
მჩაგვრელთა შორის არსებობს განსხვავებები.არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ მჩაგვრელები და
ე.წ. მჩაგვრელი-მსხვერპლები არიან სხვადადახვა ჯგუფები განსხვავებული სოციალური, კოგნიტური
და ქცევითი გამოხატულებით.კვლევები ასევე აჩვენებს, რომ პროაქტიულად აგრესიული
ბავშვები ფლობენ სოციალურ კოგნიციას, რომელსაც ისინი იყენებენ აგრესიის ხელშეწყობისათვის
როგორც საშუალებას მიზნის მისაღწევად. მჩაგვრელები აგრესიის გამოყენებისას გრძნობენ
თავდაჯერებულობას, აგრესიისაგან მოელიან დადებით შედეგებს; აგრესიას განიხილავენ როგორც
ქცევის მისაღებ ფორმას და, საერთოდ, ყოველმხრივ დადებითი წარმოდგენა აქვთ აგრესიის
გამოყენებასთან მიმართებით.ბულინგი ეფექტური
გზაა ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა: გავლენის ქონა თანატოლებზე, მათი აღფრთოვანებისა
და პატივისცემის მოპოვება. მაშინაც კი, როცა მჩაგვრელი ბევრ თანაკლასელს არ მოსწონს,
თანატოლთა შორის ის მაინც აღიქმება როგორც პოპულარული და ძლიერი. ეს განსაკუთრებით
ეხება ისეთ მჩაგვრელებს, რომლებიც ფლობენ თანატოლთათვის ღირებულ ისეთ თვისებებს, როგორიცაა
ფიზიკური მიმზიდველობა და კარგი იუმორის გრძნობა. მეტიც, მჩაგვრელი ხშირად თანატოლთა
შორის არსებული ურთიერთობათა ქსელის ცენტრალური წევრია და, ამდენად, ჰყავს მეგობრები.
მჩაგვრელები ხშირად ამყარებენ და განამტკიცებენ მეგობრულ ურთიერთობებს სხვა აგრესიულ
თანატოლებთან, რომლებთანაც ისინი იზიარებენ საერთო მსხვერპლებს. მსგავსი სახის ურთიერთობები
მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ძალადობრივი ქცევის გაძლიერებას.მიუხედავად იმისა, რომ აგრესია, ზოგადად, დაკავშირებულია თანატოლებისაგან გარიყვასთან (განსაკუთრებით
პატარა ბავშვებში), ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ძალიან პატარა ასაკშიც კი მჩაგვრელი
შეიძლება პოპულარულობით სარგებლობდეს თანატოლებს შორის. “Bus-Test“-ის გამოყენებით
შეაფასეს 5-8 წლის ბავშვების პოპულარობა ბულინგის
შემთხვევებში მათი როლის მიხედვით. ბავშვებს
აჩვენებდნენ მუყაოზე გამოსახულ ავტობუსის სურათს და ეკითხებოდნენ: „თუ თქვენ აპირებთ
მოგზაურობას ავტობუსით, თქვენი რომელი ჯგუფელი გინდათ რომ წამოვიდეს თქვენთან ერთად?“
თითოეულ ბავშვს შეეძლო აერჩია ექვსი თანატოლი თანაჯგუფელი ბავშვების ფოტოების ამორჩევის
საშუალებით. მჩაგვრელებმა მიიღეს საშუალოდ
ხმების 40%, იგივე რაოდენობა იყო აურჩეველი ბავშვებისთვისაც, ხოლო მსხვერპლებმა და
იმ ბავშვებმა, რომლებიც იდენტიფიცირებულები იყვნენ როგორც მჩაგვრელი-მსხვერპლები, მიიღეს
ხმების 24-28%.რაც შეეხება ბულინგის კორელაციას ოჯახთან, Schwartc
და მისი კოლოგები აღნიშნავენ, რომ მჩაგვრელები
აგრესიულ ქცევას შესაძლოა სკოლამდელ ასაკში ითვისებენ ზრდასრულთა კონფლიქტებსა და აგრესიაზე
დაკვირვების შედეგად. მჩაგვრელები ამასთანავე მიდრეკილნი არიან საკუთარი მშობლების,
როგორც ავტორიტარულების, დამსჯელებისა და ნაკლებად მხარდამჭერების აღქმისკენ. ისინი,
ასევე, მიუთითებენ საკუთარ მშობლებთან უფრო ნაკლები კავშირის ქონაზე, ვიდრე ამას ამბობენ
სხვა ბავშვები. აღზრდის ასეთმა მოუქნელმა სტილმა შესაძლოა ხელი შეუწყოს პროაქტიული
აგრესიის განვითარებას. მეტიც, ასეთ აღზრდას შეუძლია ხელი შეუწყოს ისეთი მიზნების ფორმირებას,
როგორებიცაა მბრძანებლობა და ბატონობა, რომლებიც კომბინიერბულია აგრესიის წამქეზებელ
კოგნიციასთან და ნაკლებ ემპათიუობასთან ბულინგის
შემთხვევის დროს.

ვინ
არის მსხვერპლი

მჩაგვრელს ერთნაირი ალბათობით არ ჰყავს მიზანში ამოღებული ყველა თანაკლასელი,
მაგრამ მას აქვს ტენდენცია, აირჩიოს ისეთი მსხვერპლი, რომელიც მას ადვილ გამარჯვებას მოუტანს. ასეთი მსხვერპლის არჩევით, რომელიც არის მორჩილი,
არათავდაჯერებული, ფიზიკურად სუსტი და კლასიდან უარყოფილი, მჩაგვრელს შეუძლია წარმოაჩინოს
საკუთარი ძალა დანარჩენ ჯგუფელებთან და ამით განიმტკიცოს მაღალი სტატუსი და პოზიცია
ისე, რომ ამ დროს არ ჰქონდეს წინააღმდრგობის გაწევის შიში.მეტაანალიტიკურ მიმოხილვაში
Hawker და Boulton-მა აჩვენეს, რომ ვიქტიმზაცია
დაკავშირებულია მთელ რიგ ფსიქო-სოციალურ პრობლემებთან, როგორებიცაა დეპრესია, მარტოობა,
შფოთვა, დაბალი თვითშეფასება, გარიყულობა, მეგობრების სიმცირე. Card & Hodges მიუთითებენ
ვიქტიმიზაციასთან დიდი რაოდენობით პიროვნულ კავშირებზე, მაგალითად: ფიზიკური სისუსტე,
შინაგანი და გარეგანი სირთულეები, პროსოციალური ქცევების დაბალი დონე, სუიციდური ფიქრები,
ნეგატიური მე-კონცეფცია და დაბალი აკადემიური მოსწრება. ვიქტიმიზაცია ასევე დაკავშირებულია
დიდი რაოდენობით ინტერპერსონალურ სირთულეებთან, როგორებიცაა თანატოლების მხრიდან უარყოფა,
მიუღებლობა, შედარებით მცირე რაოდენობის მეგობრები და მათთან უარყოფითი ურთიერთობები.
უფრო მეტიც, როდესაც ერთდროულად საქმე გვაქვს პიროვნულ და ინტრაპერსონალურ სირთულეებთან,
ვიქტიმიზაციის რისკი კიდევ უფრო იზრდება . ამდენად,
მორცხვი და მშფოთვარე ბავშვი, რომელიც უარყოფილია კლასელებისაგან ან რომელსაც არ ჰყავს
მეგობრები, იდეალური სამიზნეა მჩაგვრელისათვის, რამდენადაც, ასეთ დროს,
თანატოლების მხრიდან სამაგიეროს გადახდის მცდელობა ნაკლებ მოსალოდნელია. ასეთი ვითარება
ქმნის ძალთა ძალიან დიდ შეუსაბამობას, როგორც მჩაგვრელსა და დამნაშავეს შორის,
ასევე მთლიანობაში. ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური სირთულეების მქონე ბავშვები,
რომელთაც არ აქვთ მხარდაჭერა თანატოლებისაგან, მეტი ალბათობით ხდებიან მჩაგვრელისათვს ის მსხვერპლები, რომლებიც
ეხმარებიან მას, ადვილად მოიპოვოს გამარჯვება. შესაბამისად, იზრდება იმის ალბათობაც,
რომ მჩაგვრელი საკუთარი აგრესიული ქვევისათვის
მიიღებს ისეთ პოზიტიურ შედეგს, როგორიცაა თანატოლებისათვის საკუთარი შესაძლებლობების
დამტკიცება.

0
395
შეფასება არ არის
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0